რეზონანსი
14.09.2026

მატარებელზე თავდასხმა აჩვენებს, თუ რამდენად სასოწარკვეთილი გახდა პუტინი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სლოვენიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ის პოლონეთის საზღვართან სამგზავრო მატარებელზე რუსეთის იერიშს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რუსეთი „სულ უფრო და უფრო უგუნური ხდება“, რადგან ის აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ საშინელ ომს.

„გუშინ უკრაინაში სამგზავრო მატარებელზე განხორციელებული თავდასხმა ცხადყოფს, თუ რაოდენ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია პუტინი. მას ჰგონია, რომ შეუძლია, ხელი შეგვიშალოს უკრაინის მხარდაჭერაში და შეარყიოს ჩვენი ერთიანობა. ის ცდება. ჩვენი პასუხია უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდა, რათა მას ჰქონდეს თავის დასაცავად საჭირო რესურსები. ამასთანავე, ნატო-ს კოლექტიური თავდაცვისადმი ჩვენი ერთგულება ურყევია. ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული ინჩის დასაცავად“, – განაცხადა რუტემ.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს რუსეთმა პოლონეთის საზღვართან სამგზავრო მატარებელზე იერიში მიიტანა. უკრაინის რკინიგზაში არ გამორიცხეს, რომ რუსული დრონის სამიზნე, შესაძლოა, ის მატარებელი ყოფილიყო, რომელშიც ევროპელი დიპლომატები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ. უკრაინის სარკინიგზო კომპანიის, „უკრზალიზნიცას“ ინფორმაციით, ლოკომოტივზე დარტყმამდე ცოტა ხნით ადრე სადგურ იაგოდინზე იმყოფებოდა დიპლომატიური მატარებელი, რომლითაც ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები და ევროპელი ყოფილი ლიდერები მგზავრობდნენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. ისინი YES-ის („იალტის ევროპული სტრატეგია“) ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობის შემდეგ კიევიდან ბრუნდებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×