რეზონანსი
13.09.2026

მსოფლიო ბაზარზე შამპუნების, დაბანის გელების და სხვა აუცილებელი მოვლის საშუალებების დიდი არჩევანია. მომხმარებელი კი, მათ შორის მისთვის მისაღებს, ფასის ან შემადგენლობის მიხედვით არჩევს. თუმცა ირკვევა, რომ ესა თუ ის პროდუქტი, შესაძლოა იმაზე მეტ ინგრედიენტს შეიცავდეს, ვიდრე ეს ეტიკეტზეა მითითებული და, მათ შორის, შეიძლება იყოს საშიში ქიმიური ნივთიერებებიც.

შტატებში ჩატარებულმა კვლევამ ყველაზე გაყიდვადი საშუალებების მწარმოებლების არაკეთილსინდისიერება, ან მინიმუმ დაუდევრობა გამოავლინა.

ლაბორატორიულად შემოწმებული 113 ნიმუშიდან 98%-ში ადამიანის ჯანმრთელობისთვის პოტენციურად საშიში ქიმიკატები აღმოჩნდა.

კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა პროდუქტების რეკლამა - რას გვპირდება შეფუთვა და რეალურად როგორ მუშაობს შიგთავსი. უმრავლესობა პროდუქტს "ნატურალურის", "ეკოლოგიურად სუფთას" და "ჰიპოალერგიულის" იმიჯით ყიდის, თუმცა ლაბორატორიის კვლევაში რადიკალურად საპირისპირო შედეგებია.

კვლევისას სხვადასხვა ჰიგიენურ საშუალებებში აღმოჩენილ სახიფათო ნივთიერებებს, ფტალატებს, დიდი რაოდენობით პარაბენებსა და ესენცირებულ ქიმიკატებს, გარდა გრძელვადიანი გართულებებისა, აქვთ მყისიერი უკუჩვენებებიც - ალერგიები, მექანიკური გაღიზიანება, დერმატიტი და სხვა. თუმცა საფრთხე დამოკიდებულია ნივთიერებების რაოდენობაზე, ორგანიზმში მოხვედრის გზასა და ექსპოზიციაზე.

მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ სხვადასხვა პროდუქტის ქიმიური დაბინძურება არა კომპანიების შეგნებული გადაწყვეტილება, არამედ უშუალოდ წარმოებისას დაშვებული შეცდომა ან ფორმულის არასწორად შედგენა იყოს.

სასურველი პროდუქტის შერჩევისას მომხმარებლისთვის საუკეთესო საშუალება ეტიკეტის კითხვაა, მაგრამ ახალი კვლევებით ირკვევა, რომ ეს ჩვევა უსაფრთხოების გარანტია არ არის.

სპეციალისტების განმარტებით, ფასი ყოველთვის არ განსაზღვრავს ხარისხს. საეჭვო შემადგენლობის პროდუქტების ყიდვისგან თავის დაცვის საშუალება დერმატოლოგიურად ტესტირებული, სააფთიაქო, სანდო ბრენდების შეძენაა. უკუჩვენების შემთხვევაში კი, მნიშვნელოვანია შევწყვიტოთ პროდუქტის გამოყენება და მივმართოთ ექიმს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×