რეზონანსი
13.09.2026

ტყვე რას ნიშნავს? ტყვე არის, რომელიც ჩაგბარდა და წინააღმდეგობას აღარ გიწევს. ვინც გებრძვის იარაღით, იმას ესვრი და კლავ, ეს დანაშაულად არ ითვლება. რა მომენტიდანაც ის [ტყვე] ჩაგბარდა, მის უფლებებს იცავს საერთაშორისო სამართალი, - განაცხადა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ.

ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ბარამიძის შემთხვევა იქნება გამაფრთხილებელი სხვებისთვის და მსგავსი განცხადების გაკეთებამდე ასჯერ დაფიქრდებიან.

„ძალიან მძიმე პროპაგანდა მიდის. ომის შემდეგ დაბადებული ახალგაზრდების ჩვენკენ მოტრიალება არის ძალიან რთული და ამ დროს, როცა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ამბობს ხვრეტდნენო, ეჭვი ნუ შეგვეპარება, რომ ნათარგმნია [ბარამიძის განცხადება] და ახლა იქნება სახელმძღვანელო მასალა, საარჩევნო რგოლებშიც იტრიალებს, სკოლებშიც ექნებათ და ყველგან", - განაცხადა სალუქვაძემ.

სამხედრო ექსპერტს მიაჩნია, რომ ბარამიძის განცხადება წინასწარ იყო დაგეგმილი და ორკესტრირებული „ნაცმოძრაობის" სხვადასხვა სუბიექტების მხრიდან.

„რა თქმა უნდა, დაგეგმილია და იყო ორკესტრირებული ქმედებები „ნაცმოძრაობის" სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან, რომელიც კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის", - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მის წინააღმდეგ გამოძიება ომის ვეტერანების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ბარამიძემ, იაგო ხვიჩიას გადაცემაში, ქართველ სამხედროებს აფხაზეთის კონფლიქტისას ტყვეების დახვრეტა დააბრალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×