
რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც კი საბრძოლო მოქმედებებს არ შეაჩერებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი
მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ომის შეჩერებას არ გეგმავს.
ჩვენ კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამ მოლაპარაკებების პერიოდში სპეციალური სამხედრო ოპერაცია არ შეჩერდება. ეს გამოცდილება უკვე გავიარეთ და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანეთ, - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვს ასევე ჰკითხეს ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებაზე - შეხვდეს ვლადიმირ პუტინს დეკემბერში, მაიამიში დაგეგმილი G20-ის სამიტის ფარგლებში. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის მაიამიში ჩავიდეს და პუტინს პირისპირ შეხვდეს, თუ რუსეთის პრეზიდენტიც მიიღებს სამიტში მონაწილეობას.
ლავროვის პასუხით, ზელენსკის მოსკოვში ჩასვლისა და პუტინთან შეხვედრის შეთავაზება უკვე გაკეთებული აქვს რუსულ მხარეს და, თუ შეხვედრა სურს, შეუძლია რუსეთში ჩავიდეს. ამასთან, კრემლმა მაიამიში პუტინ-ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობა გამორიცხა. ჯერჯერობით უცნობია, თავად პუტინი დაესწრება თუ არა G20-ის დეკემბრის სამიტს.