რეზონანსი
12.09.2026

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მამუკა მდინარაძე თითქოს შინაპატიმრობაში იმყოფება.

წილოსანის თქმით, ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ გამოიყენება მედიასაშუალება არა საზოგადოების ინფორმირებისთვის, არამედ საზოგადოებრივი აზრისა და აღქმების მიზანმიმართული ფორმირებისთვის.

„კიდევ ერთხელ, წარმოდგენა რომ გვქონდეს, რა დონის დეზინფორმაციის რუპორია „ნაცმედია“ ტელევიზიები.

ცოტა ხნის წინ „ფორმულაზე“ სიუჟეტი გაუშვიათ, რომლის მიხედვითაც მამუკა მდინარაძე თითქოს შინაპატიმრობაში იმყოფება და სახლიდან ვერ გამოდის.

ოღონდ, ამავდროულად, ბოლო დღეების განმავლობაში მამუკა მდინარაძე იმდენჯერ იყო საჯარო თავშეყრის ადგილებში, რომ, თუ ჭურში არ ზიხარ, გაგების დონეზე მაინც გაიგებდი.

რაც მაკვირვებს, ის არის, ამდენი ტყუილის შემდეგ საერთოდ როგორ ჰყავს რაიმე აუდიტორია ამ ტელევიზიებს… მისმა მაყურებელმა უნდა დაიჯეროს, რომ ადამიანი შინაპატიმრობაშია, მაშინ როდესაც ის ყოველდღე სხვადასხვა გარემოში, უამრავ ადამიანთან ერთად იმყოფება.

ეს ერთი ფაქტიც ნათელ წარმოდგენას მოგცემთ, დღის განმავლობაში კიდევ რამდენი მცდარი, დამახინჯებული ან მიზანმიმართულად ტყუილი ინფორმაცია მიეწოდება მაყურებელს. პრობლემა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სიუჟეტში არ არის.

გაცილებით უფრო სახიფათოა პრაქტიკა, როდესაც მედიისთვის მინიჭებული საჯარო პლატფორმა და მაუწყებლობის შესაძლებლობა გამოიყენება არა საზოგადოების ინფორმირებისთვის, არამედ მისი აღქმების, დამოკიდებულებებისა და, საბოლოოდ, საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართული ფორმირებისთვის“, - წერს ნინო წილოსანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×