
გია ბარამიძემ, ჩემი აზრით, გაუაზრებლად, კატასტროფულად უპასუხისმგებლო კომენტარი გააკეთა, რის გამოც მკაცრ პოლიტიკურ შეფასებას იმსახურებდა და არა სისხლის სამართლებრივ დევნას, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში წერს.
ბოკერიას შეფასებით, გიორგი ბარამიძის დაკავება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მორიგი ცინიკური რეპრესიის უტიფარი მაგალითია და ეს ნაბიჯი მხოლოდ ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მისი პოლიტიკური ოპონენტების დევნას და საზოგადოების დეზორიენტირების ამოცანას ემსახურება.
„სიტყვის თავისუფლება იცავს სრულიად უპასუხისმგებლო, ბრიყვულ და თუნდაც მავნებლურ კომენტარებსა და გამონათქვამებსაც.
გია ბარამიძემ, ჩემი აზრით, გაუაზრებლად, კატასტროფულად უპასუხისმგებლო კომენტარი გააკეთა, რის გამოც მკაცრ პოლიტიკურ შეფასებას იმსახურებდა და არა სისხლისსამართლებრივ დევნას. მისგან განსხვავებით, ივანიშვილის რეჟიმი წლებია, გააზრებულ, მიზანმიმართულ პროპაგანდას აწარმოებს მტრის ნორმალიზების სასარგებლოდ და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.
პოლიტიკაში მოსვლის წამიდან დაწყებული, პირადად ივანიშვილი და მისი გარემოცვა ეწევა მოღალატეობრივ კამპანიას საქართველოს პირდაპირი დადანაშაულებით 2008 წლის რუსული აგრესიისას – სლოგანით „მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე“ და პირადად ივანიშვილის განცხადებით იმაზე, რომ არანაირ აგრესიას არ ჰქონია ადგილი ცხინვალის რეგიონში – „მხოლოდ ერთ კედელს მოხვდა ჭურვიო“, – გაგრძელებული ბოდიშის მოხდით „აფხაზი და ოსი“ ხალხის წინაშე, ანუ 90-იანებში წარმოებული რუსული სამხედრო აგრესიისა და ქართველთა გენოციდის პერიოდშიც, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს დადანაშაულებით. თუ უპასუხისმგებლო კომენტარები და გამონათქვამები შეიძლება, სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, მაშინ ივანიშვილის რეჟიმის უამრავი წარმომადგენელი, მათ შორის, პირველ რიგში, პირადად, ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, ციხეში უნდა იჯდეს ამ მიზანმიმართული, ამაზრზენი პროპაგანდის გამო.
ამ სამარცხვინო რეჟიმის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს ისეთი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი ხელისუფლების ხელში სახელმწიფო მანქანის პოლიტიკური ოპონენტებისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გამოყენებას. ხელისუფლების რესურსი მისი პოლიტიკური ოპონენტების დევნის ნაცვლად, ქვეყნის შიგნით მტრის ინფილტრაციის განადგურებაზე, თავდაცვის გაძლიერებაზე და თავისუფალ სამყაროში ძლიერი მოკავშირეების შეძენაზე უნდა იხარჯებოდეს. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ გარე საფრთხის განეიტრალებას, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვას და საქართველოს გამთლიანებას“, – წერს ბოკერია.
საქართველოს პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2003-2004 წწ) გია ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. ბრალდება 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“, ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.