
,,დროას” ლიდერი, გიგა ლემონჯავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, როგორ გაიცნო „თავისუფალი ხალხის პარტიის“ (ყოფილი „გირჩი) ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.
"რატომღაც მომინდა მოგიყვეთ, როგორ გავიცანი იაგო ხვიჩია.
ერთი ღამეა და გვარბევენ. ამ ღამის წინა დღეს, იაგომ და მისმა პარტიამ პარლამენტში მხარი დაუჭირა კალანდარიშვილის არჩევას ცესკოს თავმჯდომარედ. არ მგონია რეჟიმს დაევალებინა კალანდარიშვილისთვის ხმის მიცემა, ალბათ გულწრფელი გადაწყვეტილება იყო.
წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გვაყლაპეს, ამიტომ ვდგავარ რუსთაველზე და თვალებს ვიწმენდ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარიანი ბამბით.
უცებ ამოვიხედე და იაგო ხვიჩია მადგას თავზე ტიკტოკ ლაივით და მიკივის, შენ მოგწონს დროას წევრები რასაც მიწერენ ფეისბუქზეო? მტუქსავს. როგორც აღმოჩნდა აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ რეჟიმის ლაქიას, კალანდარიშვილს დაუჭირა მხარი.
რა თქმა უნდა, რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში და დღემდე ვნანობ, რომ აგურით არ ვიწმენდდი თვალებს”, - წერს გიგა ლემონჯავა.