
როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე “ნაცი” ვერ გადაეჩვევა ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც თვითმკვლელობისა და მკვლელობის ცალკეულ გახმაურებულ ფაქტთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ტრაგიკომედიაა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” მიმართავს იმ პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს, რომელიც “ქართული ოცნების” ძალისხმევით გაჯანსაღდა.
“კონკრეტულ შინაარსს არ ვიცნობ, მაგრამ როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" გარდაცვლილ ადამიანებზე საუბრობს, ამ ტრაგედიებით სპეკულირებს და ამ ყველაფერს თავს არ ანებებს, “ნაცობა” არის ამ ადამიანების მენტალური მდგომარეობა. როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე “ნაცი” ვერ გადაეჩვევა ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას. საერთოდ, ტრაგიკომედიაა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” მიმართავს იმ პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს, რომელიც გაჯანსაღებულია ზუსტად ჩვენი გუნდის ძალისხმევით. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” შექმნილი ჰქონდა მწამებლური სისტემა და ახლა ამ სისტემის წარმომადგენლები საუბრობენ ადამიანების უფლებებზე. მეგის ქარდავა ან ახალაიები რომ დაგვიწყებენ ადამიანის უფლებებზე საუბარს.... მათი ახლობლებიც რომ გვესაუბრებიან მაღალი პიედესტალიდან მაღალ მატერიებზე, ეს მათსავე ტრაგიკულ მდგომარეობას უსვამს ხაზს,” - განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანა წითლიძემ პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა და უწყებას მოუწოდა, სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებთან, მათ შორის, მკვლელობებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი დაკითხოს.
“მოვუწოდებ პროკურატურას, თუ ვინმე უნდა დაკითხოთ საქართველოში გახმაურებულ მკვლელობებზე, უნდა დაკითხოთ ბიძინა ივანიშვილი,” - განაცხადა ანა წითლიძემ.