რეზონანსი
06.09.2026

ჩიფსები, სნექები, სოუსები, ე.წ. მზა სუპები - ის, რაც საკმაოდ მიმზიდველად და მადისაღმძვრელად გამოიყურება, მალე ევროკავშირის ქვეყნების ბაზრიდან გაქრება.

მას შემდეგ, რაც ბაზარზე შებოლილი პროდუქტები მნიშვნელოვნად მომრავლდა, დაიწყო სიღრმისეული კვლევა - როგორ მიიღება შებოლილი პროდუქტის იმიტაცია?!

კვლევებმა აჩვენა, რომ ამგვარ სურსათში გამოყენებული მთავარი დანამატი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია და ის სერიოზულ რისკს წარმოადგენს, ამიტომ, 2026 წლის ივლისიდან ევროპის სურსათის სააგენტომ ამგვარი პროდუქტების წარმოება აკრძალა.

აკრძალვა ამ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ისინი დახლებიდან უკვე გაქრა, მწარმოებლებსა და რეალიზატორებს გარდამავალი პერიოდი მიეცათ. 2026 წლის ივლისამდე წარმოებული სოუსები, ჩიფსები და სხვა სასუსნავები გაიყიდება სურსათის ვადის ამოწურვამდე, 2029 წლისთვის კი, ბოლის არომატიზატორის შემცველობით სრულად აიკრძალება ხორცპროდუქტები, ზღვის პროდუქტები და ყველი.

აკრძალვა არ შეეხება ტრადიციული მეთოდით შებოლილ პროდუქტებს.

პოლიარომატული ნახშირწყალბადები წვის შედეგად წარმოიქმნება. ამგვარი ნახშირწყალბადები არის თამბაქოს კვამლში, მანქანის გამონაბოლქვსა თუ სამრეწველო პროცესებში, ის ტოქსიკურია და ხშირად კანცეროგენური. ტოქსიკოლოგები ბოლის არომატიზატორით დამზადებული საკვები პროდუქტებით ინტოქსიკაციაზე საუბრობენ.

სტატისტიკურად, ხელოვნური ბოლის შემცველი იმ პროდუქტების ყველაზე ხშირი მომხმარებლები, რომელიც ევროკავშირმა უკვე აიკრძალა, მოზარდები არიან. ჩიფსები, სოუსები და სასუსნავები მისი მძაფრი ინტენსიური გემოვნური თვისებებით სწორედ ბავშვებს იზიდავს, ამიტომ, ექიმები მშობლებს მოუწოდებენ ამგვარი პროდუქტები შვილების რაციონში მაქსიმალურად შეზღუდონ.

ხელოვნური ბოლის არომატიზატორი ინგრედიენტების ჩამონათვალში ეტიკეტზე ხშირად გვხვდება ისეთ პროდუქტებზეც კი, რომელიც ბუნებრივი მეთოდით შებოლილს ჰგავს. ტრადიციული შებოლვა მწარმოებლებმა ხელოვნურით დროისა და რესურსის დაზოგვის მიზნით ჩაანაცვლეს.

მიუხედავად იმისა, რომ 2029 წლიდან ევროკავშირი სრულად აკრძალავს ბოლის არომატიზატორით დამზადებულ ყველა საკვებ პროდუქტს, შებოლილი სურსათის მოყვარულებს არჩევანი მაინც ექნებათ, რადგან იკრძალება მხოლოდ ხელოვნური და არა ტრადიციული მეთოდით შებოლილი პროდუქტები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×