
გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას, 14 წლის მარიამ წიკლაური ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მარიამი მეგობრებთან ერთად დაბადების დღიდან ბრუნდებოდა. ბავშვები ფეხით გორის მიმართულებით მიდიოდნენ, როდესაც მათ ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, სამი არასრულწლოვანი დაშავდა.ყველაზე მძიმე დაზიანებები მარიამმა მიიღო. კიდევ ორი მოზარდი მსუბუქად დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ისინი უკვე სახლში იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, რომ 22 წლის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მარიამს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება მისი კლასის დამრიგებელი.
"როგორც დამრიგებლისთვის, ჩემთვის უმძიმესია იმ სიტყვების პოვნა, რომლებიც თუნდაც მცირედით შეამსუბუქებს ამ უდიდეს ტკივილს... მასწავლებლისთვის თითოეული მოსწავლე საკუთარი შვილივითაა და დღეს ჩვენმა კლასმა, ჩვენმა სკოლამ, საკუთარი გულის ნაწილი დაკარგა. მარიამი იყო მანათობელი ვარსკვლავი - გამორჩეულად თბილი, გონიერი, სულმოუთქმელად სიცოცხლით სავსე და უზომოდ მეგობრული. მან მოასწრო, რომ თითოეული ჩვენგანის გულში დაეტოვებინა უსაზღვრო სითბო და სიყვარული.
ძნელია შეეგუო იმას, რომ საკლასო ოთახში მისი მერხი ცარიელი დარჩება, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ის ყოველთვის იქნება ჩვენი კლასის ნაწილი. მისი სიკეთე და ღიმილი სამუდამოდ დარჩება იმ მაგალითად, თუ როგორ უნდა გიყვარდეს გარშემომყოფები. ჩვენი კლასისა და სკოლის სახელით, თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახს ამ უდიდესი და აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო. მშვიდობით, ჩემო საყვარელო გოგონავ... შენი შუქი ჩვენს საკლასო ოთახსა და გულებში არასოდეს ჩაქრება," - წერს ხათუნა ხადური.