რეზონანსი
06.09.2026

გუშინ საღამო ხანს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მომხდარი ავარიის შედეგი უმძიმესია. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის საჭესთან ნასვამი მძღოლი იჯდა და ის ქუჩაში ფეხით მიმავალ არასრულწლოვნებს დაეჯახა. სამი არასრულწლოვანი ავარიის შედეგად დაშავდა, საუბედუროდ ყველა მძიმე იყო 14 წლის გოგონას, მარიამ წიკლაურის მდგომარეობა. გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მას სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ბავშვი კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა.

როგორც შსს-ში ამბობენ, საჭეს ნასვამი მძღოლი მართავდა და ის უკვე დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული მძღოლი სოფელ ახალდაბის მაცხოვრებელია. გარდაცვლილი გოგონა კი სოფელში სტუმრად იყო გორიდან ჩასული.

"მარიამ წიკლაურია გარდაცვლილი გოგონა, მე-10 კლასის მოსწავლე. ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, სექტემბერში მე-10 კლასში უნდა მოსულიყო. ახლახან გავიგე ეს საშინელი ამბავი და ძალიან განვიცდი. საუკეთესო ბავშვი იყო მარიამი. როგორც გავიგე, სტუმრად ყოფილა ახალდაბაში და იქიდან ბავშვები ფეხით მოდიოდნენ გორში, საღამო ხანი ყოფილა, ფეხით მიმავალ ბავშვებს დასჯახებია მანქანა. გორიდან ახლოს არის ახალდაბა, მიბმული სოფელია, ზაფხულია და ალბათ ახალგაზრდები ფეხით ბრუნდებოდნენ სახლში. დაბადების დღეზე ყოფილან. სამი არასრულწლოვანი დაშავდა. სხვა დეტალები არ ვიცი. ის ორი ბავშვი, რომელიც მარიამთან ერთად იყო, ჩვენი სკოლის მოსწავლე არ არის. მეგობრები იყვნენ ალბათ. ისინი კარგად არიანო, მსუბუქად დაშავდნენ. როგორც გავიგე, უკვე სახლში არიან. ეტყობა უფრო გზის მხარეს მოდიოდა მარიამი და მას დაეჯახა. ეს მწარე რეალობაა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მარიამს ერთი და ჰყავს, შარშან დაამთავრა სკოლა. ძალიან კარგი, სიცოცხლით სავსე გოგონა იყო ჩვენი მარიამი. ყველაფერი კარგი შემიძლია ვთქვა მასზე, უკვე სიტყვები რომ არა გყოფნის ის მდგომარეობაა. გუშინდელი ამბავია, დღეს დილით გარდაიცვალა კლინიკაში", -ამბობს ჩვენთან საუბარში გორის მე- 6 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ ნუცუბიძე და სამძიმარს უცხადებს გოგონას ოჯახს. როგორც შევიტყვეთ მარიამთან ერთად მსუბუქად დაშავებული ორი არასრულწლოვანი გორის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ისინი საბედნიეროდ გადარჩნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: „kvirispalitra“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×