
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო დროებით „გვერდზე გადადებული" უკრაინის საკითხი კვლავ ბრუნდება დღის წესრიგში. აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლებმა ამ შაბათ-კვირას ახალი სამშიდობო მისია დაიწყეს. არაოფიციალური წყაროებით, ვაშინგტონის ახალი სამშვიდობო ინიციატივა ფრონტის ხაზის დე ფაქტო გაყინვას, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასა და სანაცვლოდ მისთვის უსაფრთხოების მრავალმხრივ გარანტიებს ითვალისწინებს.
დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს 5 სექტემბერს შეხვდნენ. კრემლის ცნობით, სამსაათიანი მოლაპარაკებები „შინაარსიანი და ღია" იყო, მხარეებმა სამშვიდობო ინიციატივები და სამომავლო ნაბიჯები განიხილეს.
ამერიკულმა დელეგაციამ მოსკოვში ომის დასასრულებლად ახალი წინადადება ჩაიტანა. ვიზიტის პერიოდში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რუსეთმა და უკრაინამ აიღეს ვალდებულება, დროებით შეეჩერებინათ საჰაერო დარტყმები შესაბამისად კიევსა და მოსკოვზე.
მოსკოვის შემდეგ დელეგაცია პოლონეთის გავლით უკრაინაში გაემგზავრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად.
ნაწილობრივი ზავი
ამერიკული დელეგაციის უსაფრთხო გადაადგილებისა და მოლაპარაკებების უზრუნველსაყოფად, მხარეები შეთანხმდნენ დროებით, 3-დღიან ლოკალურ ზავზე (4-6 სექტემბერი).
რუსეთმა აიღო ვალდებულება, 72 საათით შეეჩერებინა საჰაერო და სარაკეტო დარტყმები კიევზე. უკრაინამ ასევე აიღო ვალდებულება, ამავე პერიოდში არ განეხორციელებინა საჰაერო იერიშები მოსკოვზე.
აღსანიშნავია, რომ უკრაინულმა მხარემ ამერიკელების მეშვეობით შესთავაზა რუსეთს, რომ 3-დღიანი ზავი გავრცელებულიყო არა მხოლოდ დედაქალაქებზე, არამედ მთელ ფრონტის ხაზზეც. მედიის ცნობით, პუტინმა ამ წინადადებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ფრონტზე საომარი მოქმედებები არ შეჩერდებოდა.
ეს ნამდვილად იშვიათი შემთხვევაა ომის განმავლობაში, როდესაც დიპლომატიური ვიზიტის გამო დედაქალაქებზე პირდაპირი საჰაერო დარტყმების ასეთი დროებითი შეჩერება ოფიციალურად გამოცხადდა. თუმცა, ამ შეთანხმების ოფიციალურად ძალაში შესვლის წინა დღეს რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა კიევის აეროპორტზე. ამერიკული დელეგაცია სწორედ ამ აეროპორტში აპირებდა ჩაფრენას და მომხდარის გამო კუშნერმა და უიტკოფმა კიევში ჩასვლა პოლონთის გავლით, მატარებლით გადაწყვიტეს.
მოლაპარაკება პუტინთან
ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის ვიზიტთან დაკავშირებით როგორც ოფიციალურ დონეზე, ისე საერთაშორისო მედიაში მნიშვნელოვანი დეტალები გავრცელდა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კუშნერი და უიტკოფი მოსკოვსა და კიევში გააგზავნა ომის დასასრულებლად კონკრეტული სამშვიდობო წინადადებით.
ტრამპის თქმით, კონფლიქტის მოგვარებას ართულებს პუტინსა და ზელენსკის შორის არსებული ძლიერი პიროვნული სიძულვილი.
თეთრი სახლისა და ამერიკული დელეგაციის განცხადებით, მოსკოვში კრემლში გამართული 3-საათიანი შეხვედრა იყო „საშინაარსო, კონსტრუქციული და ღია". უიტკოფმა მადლობა გადაუხადა პუტინს ვიზიტის პერიოდში საჰაერო დარტყმების დროებით შეჩერებაზე თანხმობისთვის.
პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მისი თქმით, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა წარადგინეს იდეები კონფლიქტის მოგვარების გზებზე.
ამასთან, პუტინმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსული არმია ფრონტზე წარმატებებს აღწევს და რუსეთი თავის დასახულ მიზნებს მაინც მიაღწევს. მისი თქმით, ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს „კონფლიქტის პირველწყაროების აღმოფხვრას".
კრემლმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ომის გარდა, მხარეებმა განიხილეს აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური პროექტებიც.
„ფაინენშალ თაიმსი" და „ვაშინგტონ პოსტი" იუწყებიან, რომ 3-საათიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, რეალური პროგრესი ან გარღვევა არ მომხდარა. პუტინს თავისი ძირითადი მოთხოვნები (ტერიტორიების დათმობა, უკრაინის ნეიტრალიტეტი) არ შეუმსუბუქებია.
ექსპერტები და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კუშნერისა და უიტკოფის მთავარი მიზანი იყო პუტინი მცირედი კომპრომისზე მაინც დაეთანხმებინათ, რათა ეს პოზიცია შემდგომ კიევში ჩაეტანათ და ზელენსკისთვისაც კომპრომისისკენ მოუწოდებინათ.
სამშვიდობო გეგმის დეტალები
აშშ-ის ადმინისტრაციას გეგმის სრული და ოფიციალური ტექსტი ჯერ არ გასაჯაროებია, თუმცა დონალდ ტრამპის განცხადებებზე, დიპლომატიურ წყაროებსა და კრემლთან/კიევთან გამართული შეხვედრების პირველად ანალიზზე დაყრდნობით, ანალიტიკოსები ახალი სამშვიდობო ინიციატივის ძირითადი ჩარჩოსა და მხარეთა სავარაუდო დათმობებზე საუბრობენ, რაც უკვე იკვეთება.
მათ შორისაა ფრონტის ხაზის „გაყინვა". ეს შეთავაზება ითვალისწინებს საომარი მოქმედებების შეჩერებას მხარეთა ამჟამინდელ დაპირისპირების ხაზზე, რაც ნიშნავს, რომ დე ფაქტო კონტროლი იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ამჟამად რუსეთი იკავებს, დროებით მის ხელში რჩება.
ექსპერტები ამბობენ, რომ ერთ-ერთი შეთავაზება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დროებითი ან ხანგრძლივი პაუზა/შეჩერებაა, რაც მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.
ასევე, უკრაინისთვის უსაფრთხოების ალტერნატიული, მრავალმხრივი გარანტიების პაკეტის შეთავაზება (აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების მხრიდან), რათა აღიკვეთოს მომავალში რუსეთის მხრიდან ხელახალი თავდასხმა და ამის პარალელურად რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ეტაპობრივი აღდგენისა და გარკვეული სანქციების მოხსნის პერსპექტივა, თუ მოსკოვი გრძელვადიან ზავს დათანხმდება.