რეზონანსი
06.09.2026
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის მოლაპარაკებები არსებითი იყო. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა.
მისივე თქმით, შემდგომი ნაბიჯები მომდევნო კვირებში გამოცხადდება.
შეხვედრა შეაფასა ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმაც და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დროული და ორივე მხარისთვის ძალიან სასარგებლო იყო.
„მოლაპარაკებები უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსაზრებების უბრალო გაცვლას გასცდა. საკმაოდ დეტალურად განიხილეს ეკონომიკური საკითხები და პოტენციურად მსხვილი, ურთიერთსასარგებლო რუსეთ-ამერიკის პროექტები. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები დროული და ორივე მხარისთვის ძალიან სასარგებლო იყო“, - აღნიშნა უშაკოვმა.
შეხვედრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომის დასრულებისკენ მიმართულ დონალდ ტრამპის ძალისხმევას მიესალმება.
„მიუხედავად იმისა, რომ ესმის, რთულ ვითარებაში შედის, ის მაინც არ წყვეტს ძალისხმევას, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოგვარებას და თავისი წვლილი შეიტანოს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტაში“, - განაცხადა პუტინმა მოლაპარაკებების დაწყებისას ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს. ისინი მოლაპარაკებების შემდეგ მოსკოვიდან მალევე გაფრინდნენ და დღეს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×