
"უიმედობაში გადაზრდილი მოლოდინია" ზაზა შათირიშვილისთვის ოპოზიციის განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მისი გუნდის ყოფილი წევრები ალაპარაკდებიან. ფილოსოფოსს ერთ-ერთ მაგალითად რომან გოცირიძის ფეისბუქპოსტი მოჰყავს, რომელშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცდილობს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ აშშ-ში 51,5 მილიონ დოლარად გაყიდული უძრავი ქონების საქმე ივანიშვილს დაუკავშიროს. ზაზა შათირიშვილის აზრით, გოცირიძის ინტერესი საზოგადოების ნაწილზე მანიპულირებაა. რეალობა კი მხოლოდ ფუჭი მოლოდინია, რომ ბაჩიაშვილი "ალაპარაკდება".
რა მოლოდინი აქვს რომან გოცირიძეს გიორგი ბაჩიაშვილისგან, რომელმაც დანაშაულიც აღიარა და ციხეც საპროცესო შეთანხმებით დატოვა - ადრესატმა შეკითხვა პასუხგაუცემელი დატოვა და კომენტარზე უარი თქვა. გოცირიძემ შათირიშვილს სოციალური ქსელით უპასუხა და დაწერა, რომ მხოლოდ ვარაუდები გამოთქვა.
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ უცხო ძალების მორჩილი ოპოზიცია კურსს არ ცვლის და გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად, "ქართული ოცნების" დამფუძნებელზე შეტევას და პროცესების ესკალაციას ცდილობს.
"უიმედო სურვილები" და "ღია კარის მტვრევა" ოპოზიციას მხოლოდ ერთ წრეზე სიარულის პერსპექტივას უწინასწარმეტყველებს. ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილში წერს, რომ დროა ოპოზიცია ილუზიიდან გამოვიდეს. მისივე შეფასებით, ბაჩიაშვილის შემთხვევა ზუსტად აღწერს მათ მდგომარეობას, ვინც უკვე 10 წელია ოპონენტების ალაპარაკებას ელოდება.
ოპოზიციური პარტიების და მათი უცხოელი მხარდამჭერების ორკესტრირებულ კამპანიას სახელისუფლებო პარტიისთვის ერთადერთი მიზანი აქვს - სპეკულაციით და ფაქტების გარეშე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
ბიძინა ივანიშვილის დამსახურებებს შორის ზაზა შათირიშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებლის წარსულს გამოყოფს. წერილში ფილოსოფოსი წერს, რომ სწორედ ივანიშვილის ფაქტორი გახდა ბევრი მიმართულებით ქვეყნისთვის სტაბილურობის გარანტი. ამის გააზრება კი ოპოზიციას მოუწევს, რადგან უსაფუძვლო მოლოდინების შექმნაზე და სასურველის რეალობად წარმოჩენაზე პოლიტიკური ფსონის დადება საბოლოოდ იმედგაცრუებას გამოიწვევს.
ზაზა შათირიშვილი ვრცელი წერილის ბოლოს ოპოზიციას ურჩევს, თავი დააღწიონ გარე ძალების იმედად ყოფნას და გაიაზრონ, რომ სანქციები, რომლებსაც მოელიან, უკვე მოქმედებს, ამის მიღმა კი რესურსი უცხოელ აქტორებსაც აღარ გააჩნიათ.
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს რომან გოცირიძისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან გიორგი ბაჩიაშვილის მიერ აშშ-ში ვილის 51,5 მილიონ დოლარად გაყიდვასთან დაკავშირებით, რომლებმაც აღნიშნული ფაქტი ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირეს.
შათირიშვილის განცხადებით, რომან გოცირიძე საკუთარი "ფსევდოანალიტიკური", "მიკერძოებული" ანალიზით ეგოს დაკმაყოფილებას, ამავე დროს კი, ოპოზიციის მცირერიცხოვან "ბაბლზე" მანიპულირებას ცდილობს.
შათირიშვილი რომან გოცირიძის ნააზრევს "პროპაგანდისტულ გზავნილად" მოიხსენიებს და აცხადებს, რომ გოცირიძე ცდილობს, მისი მცირეოდენი მკითხველისთვის ფაქტად წარმოაჩინოს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ უკანონოდ იქცეოდა. შათირიშვილი ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ რომან გოცირიძის მხრიდან იმის მოლოდინი, რომ გიორგი ბაჩიაშვილი "ალაპარაკდება", ფუჭია, რამდენადაც მას ამის საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა, მაგრამ "მყვირალა" განცხადებების მეტი არაფერი უკეთებია.
"დროა, აგენტურმა ოპოზიციამ მათ მიერვე გამოგონილი მიკროსამყაროდან გამოაღწიოს, გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი და მისი წარსული პრობლემებს კი არ უქმნის, არამედ ზურგს უმაგრებს", - ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში.
შათირიშვილის შეფასებით, ქართულ ოპოზიციას კვლავ ერთ წრეზე სიარულის გაგრძელება მოუწევს, თუ "ღია კარის მტვრევას" არ შეეშვებიან და გარე ძალების იმედად ყოფნას თავს არ დაანებებენ.
"გოცირიძის უიმედო სურვილი და ბაჩიაშვილის შემთხვევა ზუსტად აღწერს უცხო ძალების მორჩილი ოპოზიციონერების მდგომარეობას, რომლებიც უკვე 10 წელია იმ ადამიანების ალაპარაკებას ელიან, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს.
ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, შესაბამისად, მისთვის მთავარი გარანტიაც სწორედ სუფთა წარსულია. ბატონმა რომანმა და მთელმა აგენტურმა ოპოზიციამ კი უნდა გაათვითცნობიერონ, რომ ბიზნესსა თუ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები, იმის გარდა ვერაფერს იტყვიან, რომ ყველას სთხოვს პასუხს, ვინც საკუთარ ქვეყანას და ხალხს გულწრფელად არ ემსახურება. მეორე მხრივ, უნდა შეეშვან ღია კარის მტვრევას, თავი უნდა დააღწიონ გარე ძალების იმედად ყოფნას და გაიაზრონ, რომ სანქციები, რომლებსაც მოელიან, უკვე მოქმედებს, ამის მიღმა კი რესურსი მათ პატრონებსაც აღარ გააჩნიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ ერთ წრეზე სიარულის გაგრძელება მოუწევთ, რაც უსაფუძვლო წარმოდგენების, შემდეგ მოლოდინის შექმნასა და სასურველის რეალობად გასაღებას, ბოლოს კი იმედგაცრუებას გულისხმობს", - წერს შათირიშვილი.