რეზონანსი
04.09.2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას.

მისი თქმით, უნგრეთის ხელისუფლებას განზრახული აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ასეთი მოქალაქეების, პირველ რიგში კი, ეთნიკური უნგრელების მიღების საკითხი.

მადიარმა გაიხსენა, რომ ივლისის შუა რიცხვებში ევროკავშირმა გადახედა უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის მინიჭების პირობებს და პროგრამიდან გამორიცხა სამხედრო ვალდებულების მქონე პირები, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის სამხედრო მოვალეობის მოთხოვნები არ შეასრულეს. უნგრეთის პრემიერმა ასეთ მიდგომას მიუღებელი უწოდა.

„უნგრეთი სხვაგვარად იმოქმედებს და მომავალშიც იტოვებს უფლებას, თავშესაფარი მიანიჭოს გაწვევის ასაკის მამაკაცებსაც, რომლებიც უნგრეთის ტერიტორიაზე გაურბიან ომს. აშკარაა, რომ პირველ რიგში ჩვენი თანამემამულეების გათვალისწინებით, ასეთი ლტოლვილების რაოდენობა იზრდება. გულწრფელად ვიტყვი, პირადად ჩემთვის ღირსების შემლახველი და გაუგებარია, რომ ევროკავშირმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნა მან.

მადიარის მოსაზრებით, ახალი წესები ფაქტობრივად აიძულებს უკრაინელებს დარჩნენ ქვეყანაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, და ართმევს მათ ევროკავშირში დაცვის მიღების ადრინდელ შესაძლებლობას.

უკრაინის მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის სისტემა 2022 წლის მარტიდან მოქმედებს და 2028 წლის 4 მარტამდეა გაგრძელებული. წესების ცვლილების შემდეგ, მის მიღებას მხოლოდ ის უკრაინელები შეძლებენ, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული სამხედრო მოვალეობები შეასრულეს.

ბრიუსელში მექანიზმის კორექტირების აუცილებლობა „უკრაინის თავდაცვითი საჭიროებებით“ განმარტეს. ამასთან, ახალი მოთხოვნები არ ვრცელდება იმ უკრაინელებზე, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნებში დროებითი დაცვა უკვე მინიჭებული აქვთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×