რეზონანსი
04.09.2026

3 ოქტომბერს, ოთხ მუნიციპალიტეტში გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნები სახელმწიფო ბიუჯეტს 1 მილიონ 117 ათასი ლარი დაუჯდება. თანხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

არჩევნები ახმეტის, დმანისის, წალკისა და ვანის მუნიციპალიტეტებში, სულ 7 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ამომრჩევლებმა ოთხი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჯამში 2 201 ამომრჩეველს აქვს.

გამოყოფილი თანხის მიხედვით, არჩევნების ჩატარება ერთ უბანზე საშუალოდ დაახლოებით 159,6 ათასი ლარი, ხოლო ერთ ამომრჩეველზე 507,5 ლარი გამოდის.

ყველაზე მეტი - 996 ამომრჩეველი წალკაშია რეგისტრირებული, ვანში - 670, ახმეტაში - 279, ხოლო დმანისში - 256. ცესკოს ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისას ოთხ უბანზე ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატებიც იქნება გამოყენებული.

არჩევნებში ორი პარტია - „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“ მონაწილეობს. ვანში ერთმანეთს ვაჟა ხელაძე და ბექა კოპალაძე დაუპირისპირდებიან, წალკაში - ნანული ხინიკაძე და ზაზა შანთაძე, დმანისში კი ირაკლი სარსევანიძე და ვაჟა ნონიაშვილი. ახმეტაში კონკურენტი მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლევან ითიურიძეს არ ჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×