რეზონანსი
04.09.2026

საქართველოს პროკურატურამ ცრუ მეწარმეობის, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქონებრივი სარგებლის მიღების და აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით, რეალური სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, საქართველოში დააფუძნა საწარმო, რომლის საბანკო ანგარიშებზე უცხოეთიდან, მასთან აფილირებული კომპანიების ანგარიშებიდან, როგორც კანონიერი საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი, პერიოდულად ჩაირიცხა 5.5 მილიონი ლარის ექვივალენტი სხვადასხვა ვალუტა.

„უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ქართული საწარმოს საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული თანხის ნაწილი, საქონლის და მომსახურების შესყიდვაზე შედგენილი ფიქტიური დოკუმენტაციის საფუძველზე, ბრალდებულმა გადაირიცხა საზღვარგარეთ, მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული არარეზიდენტი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე.

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლით (ცრუ მეწარმეობა), 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენება, ჩადენილი ჯგუფურად) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირის მეშვეობით ჩადენილი დანაშაული - განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული, 1.3 მილიონი ლარის ექვივალენტი უცხოური ვალუტის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×