თამთა ჩაჩანიძე
01.09.2026

პოლიტიკური სეზონის გააქტიურების ფონზე, საქართველოში როგორც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების, ისე დასავლეთთან ურთიერთობების საკითხი კვლავ დღის წესრიგის მთავარ თემებად რჩება. ამასთან, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მმართველ გუნდთან დაკავშირებული შიდა პროცესები და ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილები.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილების საჯაროდ გამოქვეყნება შეცდომაა და მმართველ გუნდში მიმდინარე შიდა პროცესების გარეთ გამოტანა მისთვის მტკივნეული თემაა, თუმცა მიაჩნია, რომ ეს „დემოკრატიული პროცესის ნაწილია".

მისი პროგნოზით, დაახლოებით ერთ წელიწადში საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხიც დადგება, ხოლო 2028 წლისთვის, მისი აზრით, ქვეყანაში „ნამდვილი ოპოზიცია" უნდა ჩამოყალიბდეს.

„რეზონანსი": ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძეზე საუბარს აპირებს, რა შეიძლება თქვას ღარიბაშვილმა რიგით მეხუთე წერილში?

ედიშერ გვენეტაძე: არ ვიცი, ახლა რაღაცა შიდა გარჩევები თუ წარსულის გარჩევებია. ჩემთვის, როგორც „ქართული ოცნების" მხარდამჭერისათვის, ეს ძალიან ძნელი და მტკივნეულია. იმიტომ, რომ ასეთი საკითხები გარეთ არ უნდა გამოდიოდეს, მაგრამ, რაც არის, არის, ესეც დამახასიათებელია დემოკრატიული პროცესისათვის.

თავის დროზე ერთმა გენიალურმა კაცმა თქვა ასეთი ფრაზა - „კადრები წყვეტენ ყველაფერს". კადრების მოძებნა, დაწყებული ნაბუქოდონოსორიდან, დამთავრებული ვიდრე დღევანდელ დღემდე, ეს არის ერთ-ერთი ურთულესი პროცესი. მე კი მტკივა გული, მაგრამ ეს სახელმწიფოს მშენებლობისათვის თანმდევი პროცესია. მით უმეტეს, ისეთი ახალი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.

„რ": ანუ, ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილმა შეცდომა დაუშვა, როცა წერილების გამოქვეყნება დაიწყო?

ე.გ.: უდავოდ... ყოველ შემთხვევისთვის, მე ასე ვფიქრობ.

„რ": ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა, ამომრჩეველთა 52.8%-მა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ მისცა ხმა. რამდენად წავა „ქართული ოცნება" რეფერენდუმის ჩატარებაზე, თან როცა მოთხოვნაც გაჟღერდა სოსო შატბერაშვილისა და მისი პარტიის მხრიდან?

ე.გ.: მე პირადად შატბერაშვილის განცხადებას მივესალმები. ევროკავშირი ახლა ის არაა, რაც იყო, ვთქვათ, 90-იან და 2000-იან წლებში. დღეს ევროკავშირი გადაგვარებულია, როდესაც მის სათავეში ისეთი უსახური და გარკვეულწილად კორუმპირებული ფიგურები არიან, როგორებიცაა ურსულა ფონ დერ ლაიენები, კუბილიუსები და სხვები. ძველ ევროპულ ღირებულებებს ძირი გამოუთხარეს და მთავარ ამოცანად აქვთ ლგბტ-ების დაცვა, თითქოს დანარჩენი არავინ არ არსებობს ამ ქვეყანაზე. სხვა ქვეყნების საქმეებში უხეშად ერევიან და ამავე დროს იცავენ კორუმპირებულ და ოდიოზურ ფიგურებს.

  • „ახალი ჯგუფები გამოჩნდება, 2028 წლისათვის ის ძალა უნდა შეიქმნას, რომელსაც რელური ოპოზიცია ჰქვია, ქვეყნის განვითარებაზე მიმართული და რეალურ ოპონირებას გაუკეთებს არსებულ ხელისუფლებას"

ვფიქრობ, დადგება რეფერენდუმისთვის დრო, ვინაიდან მუდმივი ამ ქვეყანაზე არაფერია. ჩემი აზრით, დაახლოებით ერთი წელში ეს აუცილებლად მოხდება. ეს ის პროცესია, რომელიც ვინმეს უნდა თუ არა, აუცილებლად მოხდება. ​

„რ": პოლიტიკური სეზონი გააქტიურდა, 1-ელი სექტემბრიდან საშემოდგომო სესიაც გაიხსნა. როგორ პოლიტიკურ სეზონს ელოდებით და პროგნოზირებთ?

ე.გ.: აქტიურ პოლიტიკურ სეზონს ველოდები, რომელიც უპირველეს ყოვლისა იქითკენ იქნება მიმართული, რომ საქართველოში შეიქმნება ნამდვილი ოპოზიცია. უამრავი რამეა საკრიტიკო და აქ მხოლოდ და მხოლოდ ისმის ერთადერთი გაზეპირებული ფრაზები - „რუსეთი და ევროკავშირი". ახალი ჯგუფები გამოჩნდება, 2028 წლისათვის ის ძალა უნდა შეიქმნას, რომელსაც რელური ოპოზიცია ჰქვია, ქვეყნის განვითარებაზე მიმართული და რეალურ ოპონირებას გაუკეთებს არსებულ ხელისუფლებას. ​

„რ": ოპოზიციისგან რა აქტივობებია მოსალოდნელი, მასობრივ აქციებს ელოდებით?

ე.გ.: მე მაგათ ოპოზიციადაც არ მივიჩნევ. ესენი არიან მეხუთე კოლონა, რომელიც არის დაფინანსებული იგივე იმ ევროკავშირისაგან და იმ დასავლეთისაგან, რომლებსაც სურთ საქართველო ევროკავშირის და აშშ-ს ვასალი იყოს. აი, ეს უნდათ და უნდათ ქვეყნის ომში ჩართვა, ვინაიდან უკრაინაში საქმე ძალიან მძიმედაა.

კი ბატონო, აქციებსაც ჩაატარებენ, როგორც ახლა ატარებენ და ისევ ასე ივლიან, ჩემო ბატონო, ჭრელ-ჭრელი ინდაურებივით რუსთაველზე.

„რ": რა მოლოდინი გაქვთ აშშ-სთან და ევროპასთან ურთიერთობის განახლების კუთხით, არის თუ არა იმის პერსპექტივა, რომ დაალაგოს „ქართულმა ოცნებამ" დასავლეთთან?

ე.გ.: ამერიკასთან ურთიერთობები გადატვირთვის ფაზაშია და ნელ-ნელა ეს პროცესი მიმდინარეობს. ამის დამადასტურებელი არა ერთი, არა ორი და არა სამი ფაქტია. რომ ლაპარაკობდნენ არალეგიტიმური ხელისუფლებაო და ა.შ. ეს „არალეგიტიმური" ხელისუფლების წარმომადგენელი მიწვეულია საფრანგეთშიც და გაეროს ასამბლეაზეც.

რაც შეეხება ევროკავშირს, დღეს ეს ის ორგანიზაცია აღარაა. არა აქვს არავითარი ის ძველი ღირებულებები, რომელსაც ნამდვილ ევროპულს უწოდებენ. ესენი არიან მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებული იმაზე, რომ ესა თუ ის ქვეყანა ჰყავდეთ ისეთი დიქტატის ქვეშ, როგორიც თავის დროზე მოსკოვს ჰყავდა საბჭოთა სივრცე. მოსკოვს და ბრიუსელს ერთმანეთისგან ვერ ვასხვავებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×