ნატალია ჯვარიძე
(24.04.2024)

რუსული სახელმწიფო გამოცემა „ტასი" სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსუთში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ანალიტიკოსების შეფასებით, რაც რუსეთში ხდება ყველაფერი უკრაინის ომთანაა დაკავშირებული, მათ შორის ეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, შესაძლოა საქმე გვქონდეს სახელმწიფო ღალატსა და საიდუმლოებების გაყიდვასთან.

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ივანოვის დაკავების შესახებ შეატყობინეს, ხოლო რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაკავების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს.

ტიმურ ივანოვს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2016 წლიდან უკავია. აქამდე ის კომპანია „ობორონსტროის" ხელმძღვანელობდა, რომელიც თავდაცვის უწყებას ექვემდებარება.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს რუსეთში რაც ხდება ყველაფერი უკრაინის ომთან არის დაკავშირებული და არც ეს იქნება გამონაკლისი. როგორც იგი აღნიშნავს, შესაძლოა აქ საქმე გვქონდეს სახელმწიფო ღალატსა და საიდუმლოებების გაყიდვასთან.

„რაც დღეს რუსეთში ხდება ყველაფერი კავშირშია უკრაინის ომთან. ამ საკითხზე ბევრი ვერსია ვრცელდება. ოფიციალური ინფორმაცია არის ის, რომ იგი დაკავებულია ქრთამის აღებაზე, რადგან ეს კაცი კურირებდა სამხედრო წარმოებას. ამ საქმეში ძალიან ბევრი ფული ტრიალებს და საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ მას ქრთამი ნამდვილად აეღო.

„თუმცა კომპეტენტური ხალხი ამბობს, რომ აქ საქმე გვაქვს სახელმწიფო ღალატსა და საიდუმოების გაყიდვასთან, რომელიც რასაკვირეველია, უკრაინის ომთან არის დაკავშირებული. რამდენად მართალია ეს ვერსია, არ ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ეს სიმართლე აღმოჩნდეს. ეს კაცი ძალიან მდიდარია და მილიარდობით ქონებას ფლობს. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს და ივანოვს მათ მილიარდობით რუბლის აქტივები აღმოუჩინეს". - აცხადებს მამუკა არეშიძე „რეზონანსთან".

სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიაც მიაჩნია, რომ ტიმურ ივანოვის დაკავება მჭიდრო კავშირშია უკრაინის ომთან. მისივე თქმით, კრემლში სერიოზული დაპირისპირებები მიდის კლანურ ჯგუგებს შორის.

„ამ ინციდენტს უკრაინის ომთან მჭიდრო კავშირი აქვს. მე რასაც ვაკვირდები, ვხედავ, რომ კრემლში შიდა კლანურ ჯგუფებს შორის სერიოზული დაპირისპირება მიმდინარეობს და თავდაცვის მინისტრს შოიგუს პირდაპირ ურტყამენ.

„ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ არის და არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე ხანში მას დააპატიმრებენ, ან გადააყენებენ. მე არც იმ მოსაზრებას გამოვრიცხავ, რომ საქმე მისულია სახელმწიფო ღალატსა და საიდუმლოებების გაყიდვასთან" - აცხადებს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე