რეზონანსი
(23.02.2024)

რუსეთმა ირანისგან 400 ერთეული ბალისტიკური რაკეტა მიიღო, რომელთა მოქმედების რადიუსი 700 კილომეტრამდეა, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული სააგენტო „როიტერზი" ავრცელებს.

„როიტერზის"ცნობით, რომელიც სააგენტოს წყაროებს ეყრდნობა, რაკეტების უმეტესობა „ფატეჰ 110"-ის ჯგუფს მიეკუთვნება და მათი მოქმედების რადიუსი 300-იდან 700 კილომეტრამდეა.

მანამდე, იანვრის დასაწყისში ამერიკულმა „უოლ სტრიტ ჯორნალმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავდა ირანისგან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას. ამის შემდეგ, 15 იანვარს აშშ-ში დაფუძნებულმა ომის შესწავლის ინსტიტუტმა (Iშჭ) განაცხადა, რომ რუსეთი და ირანი ემზადებიან ხელშეკრულების გასაფორმებლად სამხედრო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით.

„როიტერზის" ცნობით, რაკეტების მიწოდება იანვრის დასაწყისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს ირანელ და რუს სამხედროებს შორის თეირანსა და მოსკოვში მოლაპარაკებები გაიმართა.

ამაზე მედიასთან კომენტარი ირანელმა და არც რუსმა ოფიციალურმა პირებმა არ გააკეთეს.

„როიტერზის" ერთ-ერთი ირანული წყაროს თანახმად, იანვრიდან რუსეთში რაკეტები, სულ მცირე, ოთხჯერ გაიგზავნა. ტრანსპორტირება განხორციელდა როგორც კასპიის ზღვით, ისე საჰაერო გზით. კიდევ ერთი ირანული წყაროს თანახმად, რუსეთისთვის რაკეტების მიწოდება გაიზრდება და თეირანს ამ ფაქტის დამალვის მიზეზი არ აქვს, რადგან იარაღის ექსპორტირება ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია. 2023 წლის ოქტომბერში ვადა ამოეწურა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანისთვის დაწესებულ შეზღუდვას, რომელიც რაკეტების ექსპორტს ეხებოდა. სანქციის გაგრძელებას კი რუსეთის თანხმობა სჭირდებოდა.

უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა 21 თებერვალს, ღამით, ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემაზე.

რუსეთი უკვე დიდი ხანია უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიურად იყენებს ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს. ასევე იგი აქტიურად თანამშრომლობს ირანთან როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ დონეზე, ისევე როგორც სირიასა და ჩრდილოეთ კორეასთან.

დასავლეთის და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს რუსების მიერ ჩრდილოეთ კორეის საარტილერიო ჭურვების და რაკეტების გამოყენება.

გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის შემოდგომიდან ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს იარაღის უზარმაზარი მარაგი მიაწოდა, მათ შორის საარტილერიო ჭურვები და ბალისტიკური რაკეტები.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ „როიტერზის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია დიდი ალბათობით სიმართლეა და მიუთითებს იმაზე, რომ შეიძლება რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადებოდეს.

„როიტერზის" ინფორმაცია რთულია ვთქვათ რას ეყრდნობოდა, თუმცა რასაკვირველია, ჰაერზე ვერ იტყოდნენ, რომ არ ჰქონოდათ რეალური ინფორმაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ირანმა ჯერ კიდევ ომის დასაწყისში რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე- დრონების მიწოდება დაიწყო, სულაც არ არის გამორიცხული, რომ მისთვის ბალისტიკური რაკეტებიც მიეყიდა. ეს ძალიან მალე გამოჩნდება ფრონტის ხაზზე.

„ირანი დღემდე უარყოფს, რომ რუსეთს „შაჰიდის" ტიპის დრონებს აწვდის, რაც აბსოლიტური ტყუილია, რადგან ძალიან ბევრჯერ დაფიქსირდა და ამის შესახებ ყველამ კარგად იცის. ახლა კი თავად რუსებმა აითვისეს აღნიშნული დრონების წარმოება.

„რადგან რუსეთი ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან იარაღს იღებს, ეს არ ნიშნავს, რომ საკმარისი მარაგი არა აქვს. რუსეთს აქვს თავისი სერიოზული წარმოება, მაგრამ გარდა ამისა დამატებით სჭირდება მსგავსი ტიპის იარაღი, რადგან ფრონტის ხაზი დიდია და რუსეთს დაგეგმილი აქვს გაზაფხულიდან უკრაინისთვის უფრო დიდი შეტევები," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".

ნატალია ჯვარიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე