თამთა ჩაჩანიძე
(22.02.2024)

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ექსპრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, არც მეტი არც ნაკლები, კიევამდე მივიდეს, რადგან მისი არსებობის საფრთხე სწორედ კიევიდან მოდის, რაზედაც დასავლელი ლიდერები აცხადებენ, რომ მისთვის „მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეუძლიათ".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მედვედევი ავდეევკის დაცემამ შეაგულიანა და „თავის ფანტაზიებში გადავარდა", თუმცა უკრაინამ ფრონტზე სიტუაცია გამოასწორა.

„მედვედევი თავის ფანტაზიებში გადავარდა, რა კიევამდე მისვლაზეა საუბარი?! ავდეევკის აღებით მხოლოდ ოპერატიული-ტაქტიკური ინიციატივა აიღეს ხელში, თუმცა, რამდენადაც ვიცი, უკრაინამ უკვე შეძლო, რომ ფრონტის ხაზის გარღვევა გამოესწორებინა, დღეს ფაქტიურად პოზიციურ ბრძოლებზე არიან გადასულები.

„ავდეევკა მნიშვნელოვანი კვანძი და სტრატეგიული ადგილია, მაგრამ ამით რომ კიევამდე გავიდნენ, ეს ფანტასტიკის სფეროა - რუსებს სიტუაცია მაინცდამაინც ასე არ აქვთ. მედვედევის სიტუაცია ასეა, „მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო". მორიგი ალკოჰოკური შეტევის ფონზე რაღაც მოელანდა.

„მე დღეს პოლონეთში ვარ და ჩვეულებრივად უკრაინის დახმარებაზე მუშაობა მიდის, რუსები სიტუაციის არევას ცდილობენ, თუმცა პოლონელები უკრაინელების მიმართ საკმაოდ პოზიტიურად არიან განწყობილები და მხარს უჭერენ.

„დასავლეთიდან ეფ-16-ებიც სადღაც გზაფხულიდან მაისი-ივნისის თვეში ჩავა, ამერიკული დახმარებაც საბოლოოდ ალბათ იქნება.

„უკრაინელებმა ათამდე რუსული თანამედროვე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ეს ჭურვების შიმშილზე ნამდვილად არ მიანიშნებს. ისე არ აქვთ საქმე, რომ მთლად დასავლურ დახმარებაზე იყვნენ დამოკიდებულები, თავადაც შეუძლიათ შეიარაღება აწარმოონ -„ნეპტუნები" და წყალქვეშა დრონები მათი წარმოება და მათი ნამოქმედარია",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, კიევამდე მივიდეს, რადგან მისი არსებობის საფრთხე სწორედ კიევიდან მოდის.

„სად უნდა გავჩერდეთ? - არ ვიცი. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი და სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ. იქნება ეს კიევი? - დიახ, ალბათ, კიევი უნდა იყოს. თუ ახლა არა, მაშინ გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა ამ კონფლიქტის განვითარების სხვა რომელიმე ფაზაში," - განაცხადა მედვედევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ქალაქს აკონტროლებენ რუსეთის ფედერაციის მოწინააღმდეგეები, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით და კიევის რეჟიმს წარმოადგენენ „მარიონეტები, რომლებსაც არ აქვთ სინდისი და არ ეშინიათ თავიანთი ქვეყნის მომავლის".

„მედვედევისთვის მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია,"- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეს განცხადება ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ კიევი და ოდესა რუსული ქალაქებია, ხოლო რუსეთი კიევამდე უნდა მივიდეს.

„როგორც წესი, კომენტარს არ ვაკეთებთ-ხოლმე უცნაურ განცხადებებზე, განსაკუთრებით ისეთი ხალხისგან, რომლებიც სასოწარკვეთით ეძებენ ყურადღებას და მარადიული მეორე ნომერი არიან. თუმცა სასიამოვნოა, რომ ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ [მედვედევი], საჯაროდ გვიზიარებს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს. ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის სახელმწიფოს იმ მილიარდებით, რომლებსაც ტყუილად ხარჯავს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომში, რეალურად ჰქონდეს სოციალურ დახმარებასა და ხალხისთვის ჯანდაცვაში ინვესტირების შესაძლებლობა," - განაცხადა სტანომ.

აქვე აღსანიშნავია, რომ გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის შორი მანძილის რაკეტების გადაცემის შესახებ რეკომენდაცია მიიღო. დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა კი განაცხადა, რომ მუშაობენ იმისთვის, რათა უკრაინას პირველი ეფ-16-ები ზაფხულში გადასცენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე