ნაზი ბერიძე
(22.02.2024)

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგი განაცხადა, რომ როდესაც უკრაინა მოკავშირეებისგან ეფ-16 გამანადგურებლებს მიიღებს, მას ექნება უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ რუსულ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმის შესაძლებლობა. ეს განცხადება იმითაა გამორჩეული, რომ მანამდე ამერიკელი და ევროპელი მოკავშირეები მუდმივად უკრძალავდნენ უკრაინელებს, მათ მიერ მიწოდებული სტრატეგიული დანიშნულების იარაღით რუსეთის ტეროტირიაზე მიეყენებინათ დარტყმები.

კითხვაზე, როდის შეძლებს უკრაინა ავიაგამანადგურებლების განლაგებას, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის ყველა მოკავშირეს სურს საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს უკრაინას რაც შეიძლება მალე, მაგრამ ასევე მიუთითა, რომ ეფ-16-ების გამოყენების გავლენა უფრო ძლიერი იქნება, თუ პილოტები კარგად არიან გაწვრთნილი და სხვა დამხმარე პერსონალი კარგად იქნება მომზადებული.

უკრაინის საჰაერო ძალებიც აცხადებენ, რომ გაურკვეველია ზუსტად როდის მიიღებენ ეფ-16-ებს, მაგრამ ამას მოუთმენლად ელიან. საჰაერო ძალების სპიკერის, იური იჰნატის ინფორმაციით, პილოტები გადიან გადამზადებას, ხდება ინფრასტრუქტურის ადაპტირება. უკრაინელი მფრინავები სრულად უნდა დაეუფლონ ტექნოლოგიას, რათა დამოუკიდებლად იმოქმედონ ინსტრუქტორების გარეშე. მიმდინარეობს სასწავლო ფრენები. ისინი სწავლობენ ტაქტიკურ მანევრებს, ვინაიდან ეს არის მრავალფუნქციური თვითმფრინავი.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" ვარაუდობს, რომ ეფ-16-ების გადაცემა არ იქნება გადამწყვეტი უკრაინის წარმატებისთვის, რადგან ისინი რუსული საბრძოლო სუ-35 თვითმფრინავებთან შედარებით მოძველებული მოდიფიკაციებია.

„ეფ-16-ების გადაცემა იწელება დროში. ამას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. სუბიექტური ის, რომ უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო პილოტების მომზადება. ახლა რამდენიმე უკრაინელ პილოტს ამზადებენ, საერთო ჯამში შეიძლება 12 უკრაინელი პილოტი იყოს, რომლებსაც სრულყოფილი მომზადება სჭირდებათ, რადგანაც მათ არამარტო თვითმფრინავების მართვა უნდა აითვისონ, არამედ მისი საბრძოლო გამოყენებაც, რაც დროს მოითხოვს.

„რაც შეეხება სტოლტენბერგის განცხადებას, აქამდე რა შეიარაღებასაც აძლევდა დასავლეთი უკრაინას, მკაცრ პირობას იღებდა, რომ კიევი ამ რაკეტებს, ბომბებს თუ სხვა იარაღს არ გამოიყენებდა რუსეთის ტერიტორიაზე დასარტყმელად. ამჯერად სტოლტენბერგმა, როგორც ნახეთ, თქვა, რომ, როდესაც ერთი ქვეყანა სრულყოფილ ომს აწარმოებს მეორე ქვეყანასთან და ბომბავს ყველა საშუალებით, მეორეს რატომ არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ პასუხი დაუბრუნოს.

„მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ეფ-16- ებს მიიღებენ და რამე კარდინალურად შეიცვლება და ომს მოიგებს ამით უკრაინა, რა თქმა უნდა, ეს არასწორია, ასე არ იქნება იმიტომ, რომ ეს ეფ-16- ები, რაც უნდა გადასცენ, შედარებით ძველი მოდიფიკაციებია და თავისი ტაქტიკურ-ტეკნიკური მახასიათებლებით ჩამოუვარდებიან რუსეთის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებს, სუ-35-ებს", - უთხრა „რეზონანსს" ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე