თამთა ჩაჩანიძე
(25.01.2024)

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო, აზერბაიჯანული მედია კი წერს, რომ საპასუხოდ ბაქო ევროსაბჭოდან გასვლის პროცედურას განიხილავს და შეიძლება, უარი თქვას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციის აღიარებაზე.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან"აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საკმაოდ მოულოდნელი და უპრეცედენტოა, რადგან თუ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სომხეთთან ომი და ყარაბაღში ადამიანის უფლებების დარღვევები სახელდება, ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება ფაქტიურად მიღწეულია.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეზღუდვის მიზეზად ასახელებს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ოპოზიციის და დამოუკიდებელი მედიის დევნას, მიზეზად ადამიანის უფლებების დარღვევა, ბაქოს მოქმედება მთიან ყარაბაღში და საპრეზიდენტო არჩევნებზე ევროსაბჭოს დამკვირვებლების მონაწილეობაზე აზერბაიჯანის ხელისუფლების უარს.

რეზოლუციას სტრატსბურგში კენჭი 24 იანვარს ზამთრის სესიაზე უყარეს, რასაც 90-დან 76-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 10 წინააღმდეგ წავიდა, 4-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. წინააღმდეგი იყო თურქეთის 9 და ალბანეთის დელეგაციის 1 წევრი. საქართველოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ოფიციალური ბაქო გეგმავს ადეკვატურად უპასუხოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით," - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია „აპა" ავრცელებს. აზერბაიჯანი არა მხოლოდ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, არამედ ზოგადად ევროსაბჭოდან გასვლის პროცედურას განიხილავს.

„მიუხედავად იმისა, რომ აღინიშნა, აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვა არ ნიშნავს ევროპის საბჭოს სხვა სტრუქტურებში მისი მონაწილეობის შეწყვეტას, ბაქოს პოზიცია განსხვავებულია," - წერს გამოცემა და დასძენს, რომ ბაქომ შეიძლება, უარი თქვას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციის აღიარებაზეც.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ მიზეზი შესაძლოა იყოს აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის მიმდინარე ცივი ომი.

„ეს, ჩემი აზრით, უპრეცედენტო და მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება ფაქტიურად მიღწეულია, მარტში უნდა მოეწეროს ხელი და ასეთი ქმედება ცოტა გასაკვორია, რადგან სომხური მხარე ბაქოს მიმართ მაინცდამაინც პრეტენზიას არ გამოთქვამს იმაზე, რაც ახლა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიდის. შესაძლოა რაღაც გარკვეული დარღვევები არის, მაგრამ არა ისეთი მასშტაბური, რომ საქმე აქამდე მისულიყო.

„ჩემი აზრით, ესაა აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის პირდაპირი ცივი ომის დაწყებით, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და საფრანგეთს ევროპის საბჭოში საკმაოდ მძლავრი პოზიციები გააჩნია. ეს კი მძლავრი ინსტრუმენტია.

„აზერბაიჯანს და რუსეთის ერთ პოზიციაზე დაყენება ცოტა სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ ალბათ სომხეთს და აზერბაიჯანს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირება ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც იყო. აზერბაიჯანი რომ დემოკრატიული არაა და კავკასიაში რომ ჩვენ ჩამოგვრჩება, ეს გასაგებია და გასაკვირი არაა. ადამიანის უფლებების დარღვევები არის, თუმცა არც ისეთი გაუსაძლისი პირობებია, რომ ევროპის საბჭოდან იქნას გარიცხული.

„აზერბაიჯანი უკრაინას სამხედრო, ჰუმანიტარულ თუ ფინანსურ დახმარებას უწევს, ვიდრე საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკრაინის სტრატეგიული მეგობრები ვართ. სანქციებსაც გარკვულწილად იცავს, ამასთან სტრატეგიული ურთიერთობა რუსეთთანაც აქვს, რაც თავად დასამალი არა და ეს აქამდეც იყო და არა მგონია მიზეზი რუსეთთან ურთიერთობები ყოფილიყო", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

22-26 იანვარს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს. სესიის განმავლობაში ასამბლეამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი აირჩია. გაიმართა დებატები თემებზე: მოვლენები ახლო აღმოსავლეთში, ბავშვების მდგომარეობა უკრაინაში, მიგრაციისა და თავშესაფრის თემის გამოყენება საარჩევნო კამპანიაში, გლობალიზაცია კრიზისისა და ომის დროს, საპატიმროებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებები. სტრასბურგშია საქართველოს დელეგაციაც.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის საბჭოში 46 წევრი ქვეყანაა, მათ შორის საქართველო, რომელიც 1999 წელს შეუერთდა. ის არაა ევროკავშირი, თუმცა, ევროკავშირის ოცდაშვიდივე წევრი სახელმწიფო იმავდროულად ევროპის საბჭოს წევრიც არის. 2022 წელს რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო, ევროპის საბჭოს წევრობა შეუჩერდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე