ნაზი ბერიძე
(17.01.2024)

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინას სახელმწიფოებრიობის გაქრობით ემუქრება და შესაბამის მიზეზად ფრონტზე არსებული ძალთა თანაფარდობა მოჰყავს - „თუ მომავალშიც გაგრძელდება ის, რაც ახლა გრძელდება, ის რასაც ახლა აქვს ადგილი. და ახლა ეს სრულიად აშკარაა, არა მხოლოდ ჩავარდა მათი კონტრშეტევა, არამედ ასე გრძელდება, მაშინ უკრაინულმა სახელმწიფოებრიობამ შეიძლება აღუდგენელი, ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღოს,"-თქვა პუტინმა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა ე.წ. „სამშვიდობო დიალოგის" დამბლოკველ მოთხოვნებს გულისხმობს.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს პუტინის არასერიოზული, რიტორიკული განცხადებაა. ფრონტზე მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები და უპირატესობა არცერთ მხარეს არ აქვთ. ეს ჩვეულებრივი რიტორიკაა და აქ ახალი არაფერი არ არის - პუტინმა დიდი ხანია გადალახა წითელი ხაზი.

„შეიძლება პერიოდულად რაღაც დონეზე ინიციატივა რუსეთის მხარეს გადავიდეს, მაგრამ, ახლა თვითონ აცხადებს რომ ის არის პირველი თუ მეორე იმპერია მსოფლიოში და პირველი და მეორე იმპერია და რომ ვერ ამარცხებ უკრაინას, ამ ფონზე ცოტა სასაცილო განცხადებაა.

„რუსეთის პოზიციები უკრაინაში რაც იყო 2022 წლამდე დიდად არ განსხვავდება დღევანდელისგან. მაშინაც რუსები დონბასის ნაწილს აკონტროლებდნენ და დღესაც ოკუპირებული აქვთ - დიდად არაფერი სარგებელი არ აქვთ ამ საბრძოლო მოქმედებებიდან", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს პუტინის პოპულისტური განცხადებაა, მიმართულია რუსული შიდა უდიტორიისთვის რათა წინასაარჩევნოდ დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ყველაფერი კარგად არის. თუმცა, რეალურად, არცერთ მხარეს არა აქვს უპირატესობა და წარმატების შესაძლებლობები.

„პირველ რიგში ეს განცხადება მიმართულია შიდა აუდიტორიისათვის. რუსეთში მალე არჩევნებია და პუტინი არწმუნებს მოსახლეობას, რომ ყველაფერი კარგად და გეგმის მიხედვით მიდის. მაგრამ რეალობა არის განსხვავებული, თავად ის ფაქტი, რომ იმავე განცხადებაში პუტინი საუბრობს არა უკვე რუსული ოპერაციის წარმატებაზე, არამედ უკრაინელების კონტრშეტევაზე და უკრაინის წარმატება-წარუმატებლობაზე, უკვე ნიშნავს იმას რომ ის სტრატეგიული ამოცანები რაც ჰქონდა რუსეთს, ვერცერთი ვერ იქნა მიღწეული.

„დღესდღეობით არის ის რეალობა, როცა არცერთ მხარეს არა აქვს უპირატესობა, უკრაინას არა აქვს საკმარისი ძალები იმისათვის რომ ეფექტიანი კონტრშეტევა განახორციელოს და ამისთვის ის ელოდება დახმარებას, რომელსაც ის მიიღებს, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავებს, პილოტები წვრთნებს გადიან და როგორც კი დამთავრდება წვრთნები, უკრაინა ამ დახმარებას მიიღებს.

„რაც შეეხება რუსეთს, ომის ორმა წელმა დაგვანახა, რომ მას არანაირი რესურსი არა აქვს იმისათვის, რომ ის სტრატეგიული ამოცანები რაც მას ჰქონდა დასახული, მიაღწიოს. ასე რომ, ეს განცხადება შიდა აუდიტორიაზე გათვლილი. ჩვეულებრივი პოპულისტური რიტორიკაა"-განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე