თამთა ჩაჩანიძე
(16.01.2024)

რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის ნატო-რუსეთის ომში გადაზრდის სცენარებზე საუბარი ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვლიდან დაიწყო, დღეს კი თავად დასავლელი ლიდერებიც არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს მალე რეალობად იქცეს. ამ ომის შესაძლო სცენარზე წერს გერმანული მედიაც ბუნდერსტაგის საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით, სადაც დეტალურადაა გაწერილი ესკალაციის კონკრეტული თარიღები და ლოკაციები, ნატომ ეს ინფორმაცია ოფიციალირად უარყო.

როგორც გერმანული „ბილდის" ცნობით, მათ მოიპოვეს ბუნდესვერის დახურული დოკუმენტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი მომავალი დაპირისპირების სცენარი. ამ წყაროს თანახმად, სიტუაცია შესაძლოა 2024 წლის თებერვალში დაიძაბოს, როდესაც რუსეთი არმია უკრაინაში მასშტაბურ შეტევაზე გადავა. ამავე წყაროს ცნობით, დასავლეთის მხარდაჭერის შემცირების ფონზე, უკრაინის არმია დაწოლას ვერ გაუძლებს და რამდენიმე თვეში, სავარაუდოდ ივლისიდან, უკან დახევას დაიწყებს. ამის გამო ნატო იძლებული იქნება თავის აღმოსავლეთ ფლანგზე 300-ათასიანი კონტიგენტი გადაისროლოს, მათ შორის გერმანული ბუნდესვერის 30 ათასი მებრძოლი.

უკვე 2025 წელს კი კონფლიქტი გამწვავდება ბელარუსისა და რუსეთის ანკლავ კალინინგრადის ოლქის დამაკავშირებენ სუვალკის დერეფანთან, რომელიც დაახლოებით პოლონეთი-ლიეტუვის საზღვრის გასწვრივ გადის.

თავად ნატოში ასეთი სცენარის არსებობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ გერმანული გამოცემა, სავარაუდოდ, ნატოს ერთ-ერთი სამხედრო წვრთნის სცენარს ეყრდნობა.

ამასთან, ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმა სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპას 3-5 წელი აქვს, რათა მოემზადოს რუსების შეტევისათვის ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, რომელსაც მოსკოვი ალიანსის ყველაზე მოწყვლად ნაწილად მიიჩნევს.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, უკრაინა ახლა ფაქტიურად დასავლეთის წინა ხაზზეა და თუ მისი დახმარება დროულად არ განხორციელდა, არაა გამორიცხული, რომ კონფლიქტი ნატო-რუსეთის ომში გადაზიარდოს, მათ შორის ისიც არაა გამორიცხული, რომ ესკალაციის სავარაუდო ადგილი სუვალკის დერაფანი გახდეს, რომელიც ბელარუსსა და რუსეთის ანკლავ კალინინგრადს შორისაა.

თუმცა, სამხედრო ანალიტიკოსები ნატოს არგუმენტსაც მიიჩნევენ რეალურად და აცხადებენ, რომ სრულად შესაძლებელია „ბილდის" მიერ გამოქვეყნებული სცენარი სამხდერო სწავლებას უკავშირდებოდეს, მათ შორის

შესაძლო სცენარები

გერმანული გამოცემა „ბილდი" ბუნდესვერის სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობოთ წერს, რომ გერმანია ნატო-რუსეთს ომისთვის ემზადება, რომელიც, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სცენარის მიხედვით, შეიძლება 2025 წლის ზაფხულში დაიწყოს.

„ბილდი" წერს, რომ თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტის მიხედვით, „X დღეს" ნატოს მთავარსარდალი აღმოსავლეთ ფლანგზე 300 ათასი ჯარისკაცის გადასროლის ბრძანებას გასცემს, რომელთა შორის იქნება ბუნდესვერის 30 ათასი ჯარისკაცი.

ამავე წყაროს ცნობით, 2024 წლის თებერვალში სიტუაციის ეკალაცია შესაძლოა რუსეთის აქტიური შეტევით დაიწყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე. მეტიც, როგორც დოკუმენტშია აღნიშნიული, ივნისისთვის სიტუაცია უკრაინის არმიის უკანდახევით დასრულდება.

დოკუმენტში კონფლიქტის ესკალაციის სავარაუდო ადგილი სუვალკის დერაფანია მითითებული, რომელიც ბელარუსსა და რუსეთის ანკლავ კალინინგრადს შორისაა. სტატიის ავტორები არ აკეთებენ პროგნოზს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ ესკალაციას.

„ბილდის" სტატიას ეხმიანება ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორი იანის სარტსი. მისი თქმით, სტატია რუსეთსა და ნატო-ს შორის ომის შესახებ სასწავლო სცენარს ეხება და არა დაზვერვის საიდუმლო მონაცემების ანალიზს.

„ბილდმა" სასწავლო სცენარი მოიპოვა, რომელიც სამხედრო შესაძლებლობების შესამოწმებლად ყოველთვის წარმოსახვით სიტუაციას ეხება. ადრე მსგავსი სცენარები არარსებულ სახელმწიფოებსა და გეოგრაფიას აღწერდა, დღეს რეალური ქვეყნები უფრო ხშირად გამოიყენება", - წერს იანის სარტსი „ტვიტერზე".

„მედიაში გავრცელებულ ამ ცნობას, მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ", - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მიტკო მიულერმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა უკრაინის სამხედრო დახმარება გაზარდონ სავარაუდო რისკების შემცირების მიზნით. კანცლერი ოლაფ შოლცი კი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან უკრაინას 8 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

თავის მხრივ რუსული მედიაც და კრემლის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ რუსეთი ნატოსთან კონფლიქტს არ ეძებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, რომ არის საფრთხე იმის, რომ უკრაინა-რუსეთის ომი ორ ქვეყანას გასცდეს და ნატო-რუსეთის ომში გადაიზარდოს.

ნატო-რუსეთის შესაძლო ომზე მხოლოდ „ბილდი" არ წერს. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი თვლის, რომ ევროპას აქვს 3-5 წელი აქვს იმისთვის, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს. ის ესტონეთის დაზვერვის შეფასებას ეყრდნობა, რომლის თანახმადაც, რუსეთს, უკრაინასთან ჰიპოთეტური ზავის შემთხვევაში, სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდება, რათა სერიოზული სამხედრო საფრთხე შექმნას ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე.

„ჩვენი დაზვერვის შეფასებით, ეს იქნება სამიდან ხუთ წლამდე და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენს ერთიანობას და პოზიციის შენარჩუნებას უკრაინის მიმართ, იმიტომ, რომ რუსეთს სურს პაუზა და ეს პაუზა სჭირდება რესურსების და ძალების მოკრებისთვის. სისუსტე აგრესორების პროვოცირებას ახდენს, ამიტომ სისუსტე რუსეთის პროვოცირებას ახდენს", - განაცხადა კალასმა „თაიმსთან" ინტერვიუში.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დასავლეთმა უნდა გააძლიეროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რათა ძლიერი დარტყმა მიაყენოს რუსეთს და მრავალი წლით წაართვას მას შესაძლებლობა, რომ მეზობელ ქვეყნებს დაემუქროს. კალასი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ნატო-მ უნდა მიიღოს რუსეთის შეკავების სტრატეგია ცივი ომის მაგალითზე, რომელიც ითვალისწინებს თითოეული წევრი ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდას მშპ-ს მინიმუმ 2,5%-მდე.

რეალურია თუ არა ნატო-რუსეთის კონფლიქტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან სიტუაციის გამწვავება ნამდვილად მოსალოდნელია და ამიტომ ბუნებრივიცაა, რომ ნატო საპასუხო ქმედებას ამზადებდეს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ გერმანული სცენარი მართლაც სასწავლო იყოს.

„დასახელებული ვადები რამდენად რეალურია, ამის თქმა ძნელია, თუმცა სუვალკის უსაფრთხოების დილემა რომ არის, ეს ფაქტია. თუ სუვალკის ინციდენტს ექნება ადგილი, მაშინ ნატო-რუსეთის ომი გარდაუვალია, რადგან ეს იქნება თავდასხმა პოლონეთსა და ლიეტუვაზე. შესაბამისად, როგორც ჩანს ნატო საპასუცო ქმედებას ამზადებს.

„რუსეთი შესაძლოა ამ ნაბიჯზე წავიდეს იმისთვის, რომ დასავლეთს ყურადღება გადაატანინოს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ უკრაინაში ომის მიმდინარეობა როგორი იქნება. ჯერჯერობით ტაქტიკური ინიციატივა რუსების მხარესაა, მაგრამ მაინცდამაინც დიდი წარმატებები არ აქვთ. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ინტენსიფიკაცია მოხდეს.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარტში რუსეთის არჩევნებია და ასევე არაა გამორიცხული, რომ მოსკოვი აქტიურ ქმედებაზე გადავიდეს.

„იმის ალბათობა მაღალია, რომ თუ დასავლეთი ახლა უკრაინას არ დაეხმარა, მერე თავად შეექმნას საფრთხე. ჩემი აზრით, „ბილდის" სცენარი საშტაბო წვრთნების უნდა იყოს და ამ წვრთნებში ასეთი რაღაცეები მოსულია, მათ შორის თარიღების მითითებაც. სიმულაციურ მოდელირებაში რომელ თარიღს დავწერ რა მნიშვნელობა აქვს?! თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-რუსეთს შორის სიტუაციის გამწვავება მოსალოდნელია", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ არსენალის მრავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ დასავლეთმა უკრაინის დახმარება არ გააგრძელა, ჩნდება საფრთხე, რომ რუსეთის აგრესია აღმოსავლეთ ევროპისკენ წავიდეს.

„თუ დასავლეთმა უკრაინის დახმარება არ გააგრძელა, როგორც პოლიტიკური, ისე განსაკუთრებით სამხედრო-ფინანსური თვალსაზრისით, მაშინ ჩნდება შანსი, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უფრო მეტ უპირატესობას მიაღწიონ, რომ მოახდინონ უკრაინის დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია. ეს ევროპასა და აშშ-ში უნდა ესმოდეთ, რომ უკრაინა ფაქტიურად წინა ხაზია, რომელიც პუტინის აგრესიისგან იცავს პირველ რიგში აღმოსავლეთ ევროპას.

„2022 წელს რომ უკრაინა მედგრად არ დამდგარიყო, რა თქმა უნდა დასავლეთის დახმარებითაც, პუტინს ბლიცკრიგი გამოსვლოდა, კიევი დაეკავებინა და ხელისუფლებაში პრორუსული ძალები მოეყვანა, დღეს ხომ რუსეთი უკვე სხვა სამიზნეებზე იქნებოდა გასული... პირველ რიგში ისევ ნატოს წევრ ბალტიის ქვეყნებზე.

„რაც შეეხება „ბილდის" მიერ მოპოვებულ მასალას, ასეთი სცენარები რა თქმა უნდა ყველა ქვეყნის გენშტაბში მუშავდება. საჩვენებელი სამეთაურო-საშტაბო სწავლებებში მოგონილი სახელები და გეოგრაფიული დასახელებებია, გერმანიის გენშტაბში კი უბრალოდ ეტყობა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვეს. შესაძლოა ამ სცენარში კონკრეტული თარიღიც იყოს, რადგან რეალურად წინასწარ ვერ განსაზღვრავ რა და როდის შეიძლება მოხდეს.

„ყველა ქვეყნის გენშტაბის ოპერატიული სამმართველო ვალდებულია, რომ დაამუშაოს შესაძლო საფრთხეების სცენარები და ეტყობა ერთ-ერთი ასეთი სცენარი იყო, რომელიც „ბილდმა" ხელში ჩაიგდო.

„ძნელია ვადები ზუსტად განსაზღვრო. უბრალოდ ფაქტია, რომ ნატომ და ალიანსის წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე უფრო მეტი უნდა დახარჯონ, უფრო გაბედულები იყვნენ. უკვე ორი წელია, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიდის და კიდევ არ დაუწყიათ ჭურვების, რაკეტების წარმოება. ანუ, უნდა ემზადონ. გარდაუვალია, დაძაბულობა ყოველთვის იქნება, ამიტომ უფრო ძლიერები უნდა იყვნენ, ეს მათ ინტერესებშიც შედის.

„რუსეთმა და ბელარუსმა გაერთიანებული ძალებით სუვალკის დერეფანთან თუ რამე წამოიწყო, ეს ასე ადვილი არაა, რადგან იქ ცალკე რუსეთს აქვს პრობლემა კალინინგრადის ოლქის სახით. ასევე ფინეთს შეუძლია რუსული ხომალდებისთვის საერთოდ ჩაკეტოს ბალტიის ზღვაში გასასვლელი. ასე მარტივად არაა ყველაფერი. თუმცა უკრაინაში ბევრი რამე წყდება. თუ დასავლეთმა უკან დაიხია და რუსეთს გამარჯვების საშუალება მისცა, ეს მსოფლიოსთვის ძალიან ცუდი იქნება", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე