ნაზი ბერიძე
(15.01.2024)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც დავოსის ფორუმში მონაწილეობს. ამბობს, რომ პარტნიორებთან ძირითადად გატაცებული ბავშვების დაბრუნებაზე, სანქციებზე და გაყინული რუსული აქტივების გამოყენების მექანიზმების ძიებაზე, ასევე ჰუმანიტარულ განაღმვით თანამშრომლობაზე, ფინანსურ მხარდაჭერასა და უკრაინის აღდგენაზე ისაუბრებს.

ეს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების ფონზე მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც, ზაფხულის წარუმატებელი ბრძოლების შემდეგ, დასავლეთის ინტერესი თითქოსდა შესამჩნევად მინელდა. მაგალითად, ორიოდე დღით ადრე საფრანგეთმა და გერმანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის მხარდაჭერის მიმართ ერთგულება.

„ჩვენ სრულად შეთანხმებულები ვართ, რომ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინელებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა", - განაცადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. მანამდე კი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში ყოფნისას დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

ევროკავშირი 1 თებერვალს შეხვედრას გამართავს, რათა უკრაინისთვის 50-მილიარდიანი დახმარების პაკეტის განბლოკვა სცადოს, რასაც დეკემბერში უნგრეთის ლიდერმა ვიქტორ ორბანმა ვეტო დაადო.

ზოგადად დავოსის ფორუმზე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პლატფორმაა, უკრაინისა და ღაზის კონფლიქტების თემა დომინირებდა. კვირას, დიპლომატებმა 80-ზე მეტი ქვეყნიდან გამართეს მოლაპარაკებები ზელენსკის 10-პუნქტიანი წინადადებების საფუძველზე უკრაინაში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის უზრუნველყოფაზე.

საუბარი შეეხო განსაკუთრებით საომარი მოქმედებების დასრულების კრიტერიუმებს, რუსული ჯარების გაყვანას, ჩადენილი დანაშაულების სამართლიანობას და შემდგომი ესკალაციის პრევენციას.

ზოგიერთი ევროპელი ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ რაღაც მომენტში უნდა მოიძებნოს გზა, რომ „რუსეთი პროცესში ჩართონ", მაგრამ ჯერჯერობით, არც კიევი და არც მოსკოვი არ არიან მზად ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად.

დავოსში მიმდინარე შეხვედრა არის საუბარი საუბრისთვის, რადგან ასეთ დისკუსიას რუსეთის გარეშე აზრი არ აქვს, - თქვა პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

„ესაა პროცესი, რომელიც არ არის და არ შეიძლება იყოს მიმართული კონკრეტული შედეგის მიღწევაზე მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ არ ვმონაწილეობთ მასში", - ამბობს პესკოვი.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ზელენსკის ვიზიტის მთავარი მიზანი უკრაინის კონფლიქტის გადაჭრის სამშვიდობო ფორმულაზე შეჯერებაა.

„(ზელენსკის ვიზიტის) ერთ-ერთი მიზეზი სამშვიდობო ხელშეკრულებაა, თუ როგორ ხედავს უკრაინა სამშვიდობო პროცესს, ასევე ამის გარშემო საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება.

„საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში, რაც უკრაინა წინ ვერ მიდის ფრონტის ხაზზე გართულებული მდგომარეობის გამო, ძალიან ბევრი შეკითხვა დაგროვდა. მედიაშიც გავრცელდა სხვადასხვა ვერსიები, თითქოს დასავლეთი ცდილობს უკრაინა დაიყოლიოს დათმობებზე, კონფლიქტის გაყინვაზე.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა ყველა პარტნიორთან იყოს განხილული, ვინც უკრაინას ეხმარება, რომ ჩამოყალიბდეს ერთიანი ხედვა და არ იყოს არავითარი რყევები. ამის კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია და, რაც მთავარია, მოხდება პარტრნიორებთან პოზიციების შეჯერება," - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზელენსკი დავოსში საერთაშორისო მხარდაჭერის გაუმჯობესებისთვის ჩადის.

„ზელენსკის ვიზიტის მიზანი არის საერთაშორისო მხარდაჭერის აქტივიზაციის მიღწევა. დავოსი ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული ფორუმია, იქ ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლები იკრიბებიან მსოფლიო ეგიდით - როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. აქ შეეცდება ზელენსკი, როგორც მე მეჩვენება, და ასე მგონია, და ასე უნდა იყოს კიდეც, კიდევ ერთხელ მობილიზაცია გაუკეთოს საერთაშორისო მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ - როგორც ეკონომიკური კუთხით, ისე სამხედრო და იარაღის მიწოდების თვალსაზრისითაც," - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე