ელზა პაპოშვილი
(12.01.2024)

რუსეთი ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების ტერორს აგრძელებს. 13 სამოქალაქო პირი დაშავდა ხარკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად. მათ შორის სააგენტო „ანადოლუს“ ორი ჟურნალისტი, თურქეთის და საქართველოს მოქალაქეები. საოკუპაციო ძალის მიერ გაშვებულმა რაკეტამ სამსართულიანი სასტუმროს შენობა დააზიანა.

აფეთქებების ხმა ისმოდა კუპიანსკში. კრიტიკული ზიანი მიადგა სკოლის შენობას - განადგურებულია 10 საცხოვრებელი სახლი. საჰაერო იერიშის შედეგად, დაიღუპა 48 წლის ქალი. მძიმედ დაშავდა 7 ადგილობრივი.

ვოლოდიმირ ზელენსკი კი დღეს ესტონეთში ჩავიდა. გუშინ უკრაინის პრეზიდენტი ლიეტუვაში იყო, ხვალ კი ლატვიას ეწვევა. ზელენსკი და მისი გუნდი ბალტიის ქვეყნებთან ერთობლივი სამხედრო წარმოების შესახებ პროექტებზე მუშაობს. ვილნიუსთან უკვე არის შეთანხმება საფრენი აპარატების ერთობლივ წარმოებაზე. ზელენსკი ამბობს, რომ ბრძოლის ველზე პაუზა არ იქნება და არ მიეცემა საშუალება კრემლს, გაძლიერების და მეტი სამხედრო აღჭურვილობის მობილიზების.

ესტონეთის პრეზიდენტმა დღეს თქვა, რომ სამი წლის განმავლობაში შეიარაღების გასაუმჯობესებლად უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს.

უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას გააგრძელებენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიც. მზაობა დღეს ნატო-უკრაინის სხდომაზე გაცხადდა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა წარმოადგინა გეგმა უკრაინისთვის 2024 წელს ერთი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის გამოყოფაზე.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში მდგომარეობა მძიმეა. ომთან ერთად, ზამთარმა ქვეყნის მასშტაბით 300-მდე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.   

ზელენსკის თქმით, დასავლეთმა დაკარგა უკრაინაში მიმდინარე ომის გადაუდებლობის შეგრძნება. ევროპა უკრაინის მხარდაჭერით რუსული აგრესიისგან საკუთარ თავს იცავს და თუ უკრაინა დამარცხდება, პუტინი დასავლეთს დაუპირისპირდება.

„პუტინი გრძნობს სისუსტეს, როგორც ცხოველი, რადგან ის ცხოველია. ის გრძნობს სისხლს, გრძნობს თავის ძალას და ვახშამზე შეგჭამთ მთელ თქვენს ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფლებასთან და დემოკრატიასთან ერთად“, - აღნიშნა ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, შესაძლოა, უკრაინამ გასულ წელს ვერ მიაღწია ისეთ წარმატებას, როგორსაც მისგან მოელოდნენ, თუმცა არასწორია მოსაზრება, თითქოს ომში რუსეთი იმარჯვებს, რადგან რუსეთი ძალიან მძიმე დანაკარგებს განიცდის.

„შესაძლოა, 2023 წელს ვერ მივაღწიეთ წარმატებას ისე, როგორც მსოფლიოს სურდა. შესაძლოა ყველაფერი ისე სწრაფად არ ხდება, როგორც ვიღაცას წარმოედგინა“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, მოსაზრება, თითქოს რუსული ძალები იმარჯვებენ სხვა არაფერია, თუ არა მხოლოდ განცდა, რადგან რუსები განიცდიან დიდ დანაკარგებს ისეთ ადგილებშიც, როგორიც ავდიივკაა. ათასობით, ათასობით მოკლული რუსი ჯარისკაცი, არც კი გაუყვანიათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინული საზოგადოებისა და მსოფლიოს მობილიზაცია, რომელიც ომის დასაწყისში იყო, დღეს არ არსებობს და ეს უნდა შეიცვალოს.

„მობილიზაცია არ არის მხოლოდ ფრონტზე ჯარისკაცების გაგზავნა. ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს. ეს არის მთელი ძალისხმევის მობილიზება. ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად და ჩვენი მიწის დეოკუპაციისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია, რისი გაკეთებაც უკრაინელს ახლა შეუძლია, არის უკრაინაში ყოფნა, დასავლელი პარტნიორებისთვის კი - უკრაინასთან ყოფნა.   

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია  „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სამწუხაროდ დასავლეთიდან დაგვიანებულმა დახმარებამ, შესაძლოა უკრაინას ფრონტის ხაზზე პრობლემები შეუქმნას. სწორედ ამას ელოდება რუსეთი, რომელიც ფრონტზე ჯარს დაქირავებული მებრძოლებით შევსებას ახდენს. ასევე ჩრდილო კორეადან და ირანიდან იღებენ  იმ ტიპის შეიარაღებას, რომელიც დასავლურ იარაღს არაფრით ჩამორჩება.    

„სამწუხაროდ რუსები ჩრდილოეთ კორეის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან წამოსული დაქირავებული მებრძოლებით ფრონტის ხაზის შევსებას იწყებენ. ცუდი ისაა, რომ თანხებს ვერ იხდიან და მებრძოლების დაქირავებას ადვილად  ახერხებენ. მათი რაოდენობა დღითი-დღე იზრდება. ამ ძალების მეშვეობით არ არის გამორიცხული რუსებმა კონტრშეტევა დაიწყონ. ამ ფონზე კი დასავლეთის დახმარების დაგვიანება ძალიან დიდი რისკებს ქმნის.   

„რუსები ახლა ცდილობენ ფრონტის ხაზზე სრული ინიციატივა ხელში აიღონ, რათა საბრძოლო მოქმედებების ფონზე, უკრაინას შეუქმნან პირობები, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ის დათმობაზე წამოიყვანონ. ვფიქრობ ახლა, რომ ჯერ მოლაპარაკების დაწყება მოსკოვისთვისაც არასახარბიელოა. ამიტომ მგონია, რომ რუსეთსაც მოლაპარაკება ამ ეტაპზე არ აწყობს. ზელენსკიც ვერ დაიწყებს მოლაპარაკების ინიციატივის გამოთქმას, რადგან მას ქვეყნის შიგნით უკვე სერიოზული ოპოზიცია გაუჩნდა არესტოვიჩის სახით, შესაბამისად,  უკრაინაში არიან სხვა ჯგუფებიც, რომლებიც ომის გაგრძელების მომხრეები არიან და მიიჩნევენ, რომ ქვეყნის სრული დეოკუპაცია უნდა მოხდეს“, - ამბობს მაისაია. 

მისივე თქმით, რუსებს კარგად აქვთ ათვისებული ურბანისტული საბრძოლო მოქმედებები. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსებს აქვთ უკვე გამოცდილება, როგორ დაიკავონ ავდეევკა და ის ტერიტორიები, რომელიც სტრატეგიული ტერიტორიებია. აქ კი უკვე დაქირავებული დაჯგუფებები უერთდება, რომლებიც საკამოდ გაწვრთნილები არიან.   

„უკრაინაში გამოცხადდა ტოტალური მობილიზაცია, რადგან უკრაინის ჯარში ბრძოლისუნარიანი ახალგაზრდების რაოდენობა ილევა. ამ ფონზე თუ უკრაინას დასავლეთმა ადეკვატური ტიპის სამხედრო შეიარაღება არ მიაწოდა, სიტუაცია რთული იქნება. ჩრდილოეთ კორეის სამხედრო აღჭურვილობა დასავლეთისას არ ჩამორჩება. ამიტომ უკრაინას სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროება“, - ამბობს მაისაია.     

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე