ელზა პაპოშვილი
(10.01.2024)

უკრაინაში ფრონტის ხაზზე ვითარება რუსების სასარგებლოდ იცვლება და შესაძლოა ახლო მომავალში მათ მასშტაბური კონტრშეტევაც წამოიწყონ. ამის შესახებ „რეზონანსთან“ სამხედრო ანალიტიკოსები საუბრობენ. მათი შეფასებით, ბოლო დღეების მოვლენები იმაზე მიანიშნებს, რომ რუსებს უკვე ხარკოვის დაკავების ამბიციაც გაუჩნდათ. ამას გარდა, მათი მიზანია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულად დაკავება.

თავად უკრაინის გენშტაბის ცნობით, ამჟამად რუსული არმია 7 ადგილას ცდილობს უკრაინელთა პოზიციების გარღვევას. სხვადასხვა „ტელეგრამ“ არხები კი წერენ, რომ უკრაინულ ნაწილებს საარტილერიო ჭურვებისა და სხვა ტიპის შეიარაღების დეფიციტი აქვთ.

როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რუსები შეტევისთვის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ემზადებიან. მათ დაიწყეს ჯარის გადახალისება და ფრონტის ხაზის შევსება. ასევე ჩრდილოეთ კორეიდან მიიღეს შეიარაღება, რომელიც დასავლური იარაღის საპირწონეა. ამიტომ, თუკი დასავლეთიდან დახმარება კიდევ დაიგვიანებს, ელიან, რომ ფრონტზე, შესაძლოა, რუსების სასარგებლოდ მოხდეს გარდატეხა.

ოფიციალური კიევი კი პარტნიორებს, მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჰაერო თავდაცვის მეტ სისტემებს სთხოვს. თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთის მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტების მოგერიება მხოლოდ „პეტრიოტით“ არის შესაძლებელი, საჰაერო სივრცის მეტი კონტროლი კი - „ეფ-16“ ტიპის მოიერიშეებით. ამ საბრძოლო თვითმფრინავების პირველ ნაწილს უკრაინა გაზაფხულზე მიიღებს.   

დახმარების დაგვიანება და ამის შედეგები

სანამ აშშ-ის კონგრესი დამატებითი დაფინანსების შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნას არ დაამტკიცებს, ვაშინგტონი ვერ შეძლებს კიევისთვის დახმარების მიწოდებას. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინელებმა საჭირო იარაღი მიიღონ.

„იარაღის მიწოდება ძალაუნებურად შეწყდება. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უსაფრთხოების დახმარების ბოლო პაკეტს, რომლის შევსების უფლებაც გვქონდა. სულ ეს არის. ჩვენ გვჭირდება დამატებითი კანონმდებლობა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, ბოლო პაკეტი, რომლის შესახებაც აშშ-მა დეკემბრის ბოლოს გამოაცხადა, უკრაინაში უახლოეს კვირებში უნდა ჩავიდეს. 

„მაგრამ ამის შემდეგ, დამატებითი დაფინანსების გარეშე, არ არსებობს სხვა ჯადოსნური ქოთანი, საიდანაც რაიმეს ამოღება იქნება შესაძლებელი“, - თქვა კირბიმ. 

ცნობისთვის, აშშ-მა 27 დეკემბერს უკრაინის სამხედრო დახმარების 250 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც 2023 წლის ბოლო პაკეტი იყო. 

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსების კონტრშეტევა სწორედ ამაზეა გათვლილი - მათ დაინახეს, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარების და თანხის გამოყოფის საკითხი ჰაერშია გამოკიდებული და მიეცათ იმედი, რომ ეს ფრონტის ხაზზე დიდ გარდატეხვას მოახდენს.

„რუსებმა ამ ხნის განმავლობაში ძალიან კარგად გაიაზრეს რა სამხედრო ტაქტიკური შეცდომები ჰქონდათ დაშვებული და ამის ანალიზი დაიწყეს. მათ წინსვლას, სამწუხაროდ, დასავლეთიდან დახმარების დაგვიანებაც ხელს უწყობს. თუ არსებობდა იმედი, რომ დასავლეთის მიერ გადაცემული ტექნიკა ფრონტზე გარდატეხას მოახდენდა, ასე არ მოხდა, რადგან რუსეთმა მოახერხა და მათი საპირწონე იარაღის მოძიება ჩრდილო კორეიდან და ირანიდან შეძლო. ამიტომ ის ეფექტი, რაც დასავლეთიდან გადაცემულ იარაღეს უნდა ჰქონოდა, არ აქვს. ასევე დროში იწელება საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო ვერტფრენების გადაცემა, რაც უკრაინას დამატებით პრობლემებს უქმნის. რუსები სწორედ ამას ელიან და მათი გათვლებიც ამას ემყარება. სამწუხაროდ ფრონტის ხაზზე სიტუაციის გართულებაა მოსალოდნელი და დასავლეთმა ეს უნდა გააანალიზოს“, -ამბობს მაისაია.

რუსების შესაძლო კონტრშეტევა  

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ფრონტის ხაზზე ტაქტიკური უპირატესობა რუსი ოკუპანტების მხარეს გადავიდა. მათ ფაქტობრივად მარიინკა დაიკავეს და ცდილობენ ავდეევკას დაკავებას - ე.წ. ტომარას შექმნა უნდა, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების მოქცევა სურთ.   

„რუსები ახლა ცდილობენ უკრაინელები ოკუპირებული ქალაქ დონეცკიდან რაც შეიძლება შორს გაწიონ. უკრაინელები კი, თავის მხრივ, ცდილობენ დონეცკთან ფრონტის ხაზი გააფართოვონ, თუმცა რუსები ამის საშუალებას არ აძლევენ. მათ გაუჩნდათ უკვე ამბიცია, რომ ხარკოვი დაიკავონ. ასევე სურთ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულად დაკავება. შესაბამისად, შეიძლება სამხრეთით გაფართოვება დაიწყონ. ეს იქნება რუსების კონტრშეტევა, რომელიც მოსალოდნელია. რა თქმა უნდა, რუსეთს ამის რესურსი აქვს.      

„სამწუხაროდ, მათ ჯარი სირიელი და ერაყელი დაქირავებული მებრძოლებით შეავსეს. ასევე კორეამ რუსეთს სერიოზული ტიპის ბალისტიკური და ტაქტიკური რაკეტები გადასცა, რომელიც უკვე იყენებენ. ასევე იყენებენ ჩრდილოეთ კორეულ დრონებსაც. სტრატეგიული დრონების გადაცემასაც ვარაუდობენ. 

„რუსები დაქირავებულ მებრძოლებს ძალიან კარგად უხდიან, ამიტომ ფრონტის ხაზზე მათი კონტრშეტევის დაწყება სრულიად რეალური ხდება. ასევე რუსეთში უკვე 10 სამხედრო კომპანია მოქმედებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე დაქირავებული ჯარისკაცების როტაციით არის დაკავებული“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.     

უკრაინელთა შეცდომები

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კი „რეზონანსთან“  ამბობს, რომ უკრაინის მხრიდან შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც ვერც ერთხელ ვერ მოაქციეს ალყაში უკან დახეული და დეზორიენტირებული რუსული ნაწილები. ამის მაგალითად მას ხერსონიდან რუსების უკან დახევა მოჰყავს.

„არ ვიცი რუსებთან იყო თუ არა რაიმე სახის შეთანხმება, მაგრამ მე ამას უკრაინელებს დიდ შეცდომად ვუთვლი. დაუშვებელი იყო ამხელა კონტიგენტის ასე უპრობლემოდ გამოშვება, რომლის გადანაწილებაც ფრონტის სხვადასხვა მხარეს რუსებმა ძალიან ადვილად შეძლეს. ხერსონიდან ერთ ღამეში ხიდზე 25 ათასი კაცის გამოტარება არ ვიცი რას დავუკავშირო - შეცდომას, თუ შეთანხმებულ მოქმედებას. ორივე შემთხვევაში ძალიან დიდი პრობლემაა. 

„რუსების მხრიდან ბოლო დროს დიდი ძალების მოზიდვა მოხდა. ამიტომ არსებობს ალბათობა, რომ რუსებმა რაღაც სცადონ. თუმცა ზამთარში მაინც არ მგონია, უფრო გაზაფხულისთვის იქნება მოსალოდნელი. 

„მე მაინც მგონია, რომ ომი გაჭანურდება, რაც ნიშნავს, რომ არც ომი იქნება  და არც მშვიდობა. ერთიც და მეორე მხარეც შეეცდებიან გადაახალისონ თავიანთი ჯარი და შეიარაღება და გაზაფხულისთვის უფრო აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყონ“, - ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით, ჩავარდნილი კონტრშეტევის შემდეგ, სამწუხაროდ, უკრაინის არმიის გენერალიტეტსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობაც გაფუჭდა. კაპანაძის აზრით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი  ზალუჟინის განცხადებები, რომ თვითმფრინავები არ ჰყავდათ და სამხედრო მხარდაჭერა არ ჰქონდათ, არაფერში ჯდება, რადგან კონტრშეტევის წინ შტაბი განსაზღვრავს რა  დროს რა ძალები სჭირდება და რა შესაძლებლობები აქვს. 

„მაშინ გამოდის, რომ  ან ზალუჟინის დაზვერვამ არ იმუშავა სათანადოდ, ან, არ ვიცი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭარბობდა. წარმატების გაგრძელება და გაძლიერება უნდა ყოფილიყო.  მიმაჩნია, რომ ხერსონის და ხარკოვის წარმატების შემდეგ, ამხელა პაუზა აღარ უნდა ჰქონოდათ.  

„ამიტომ მიმაჩნია, რომ უკრაინის კონტრშეტევის ჩავარდნა შიდა პოლიტიკური პრობლემებითაც იყო განპირობებული. უკრაინას აქვს  სამობილიზაციო და ეკონომიკური პრობლემები. ახლა მიმდინარეობს პოზიციური და ლოკალური ბრძოლები. უკრაინა უნდა მოემზადოს, რადგან ამ პოზიციურ დაპირისპირებაში თავად შევიდა. მობილური თავდაცვის დროს უფრო მეტი შედეგი ექნებოდათ, რაც ომის პირველ ფაზაში ჰქონდათ, როცა მათი მთავარი მიზანი მოწინააღმდეგეზე მუშაობა იყო და არა ტერიტორიის შენარჩუნება. მესმის, რომ თითო გოჯი მიწა მნიშვნელოვანია, მაგრამ შედეგს რას ვიღებთ? ამიტომ ბევრი რაღაცის გააზრება მოუწევთ უკრაინელებს და იმედი მაქვს ამას შეძლებენ“, - ამბობს კაპანაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე