ელზა პაპოშვილი
(08.01.2024)

2024 წლის პირველი კვირა რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილში ინტენსიური შეტაკებებით, საჰაერო და სარაკეტო იერიშებით გამორჩეული იყო. ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელობა ცდილობს ბრძოლის ველზე ინიციატივის მოპოვებით პოლიტიკური პოზიციებიც გაიმყაროს. 

ჯერჯერობით არ ჩანს რაიმე სახის მოლაპარაკების და შეთანხმების რეალური პერსპექტივა თუმცა ამ მხრივ პირველი ნაბიჯი წელსაც რეჯეპ თაიფ ერდოღანმა გადადგა. თურქეთის პრეზიდენტს 6 იანვარს  სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელსაც მხარეთა ჩართულობის შემთხვევაში სამშვიდობო მოლაპარაკების თურქეთში გამართვის მზაობა დაუდასტურა.

ამის პარალლეურად კი რუსეთი უკრაინაზე ინტენსიურ თავდასხმას განაგრძობს. ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის ძირითადი სამიზნე სამხრეთ რეგიონი, იერიშის სამიზნე კი ავდიივკას, მარინკას, ბახმუტისა და ლიმანის რეგიონებია. დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. პარალელურად, კინჟალის რაკეტებისა და დრონების შემდეგ, რუსეთის ხელში დამატებით ახალი საშიში იარაღი, ამჯერად უკვე ჩრდილოეთ კორეის წარმოებული KN-23 რაკეტებია.  

ხარკოვის პროკურატურა და უკრაინის სპეციალური სამსახურები ახლა დეტალურად იკვლევენ მის მახასიათებლებს იმის ოფიციალურად დასადგენად, რომ აღნიშნული რაკეტა ჩრდილოეთ კორეის წარმოების KN-23-ია.

ზუსტი მოდელის დასადგენად, სპეციალისტები აკვირდებიან რაკეტის ძრავის და კორპუსის ნარჩენების დეტალებს, სადენების და თითოეული ჭანჭიკის განლაგების ჩათვლით. უკრაინელების გარდა ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების დასკვნებიც ჩრდილო კორეულ KN-23-მდე მიდის. ამასთან, ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა რუსეთს ჩრდილოეთ კორეისგან ათეულობით მსგავსი ბალისტიკური რაკეტა ჰქონდეს მიღებული.

გაზრდილი საფრთხეების და ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარტნიორ ქვეყნებს, პირველ რიგში კი აშშ-ს რომ მის ქვეყანას სამხედრო დახმარება მიაწოდონ. ამასთან ზელენსკი აღნიშნავს, რომ 2024 წელი მიმდინარე ომში გადამწყვეტი იქნება.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლეთმა დაკარგა უკრაინაში მიმდინარე ომის გადაუდებლობის შეგრძნება და ბევრმა უკრაინელმა დაკარგა ეგზისტენციალური საფრთხის შეგრძნება.

ზელენსკის თქმით, ევროპა უკრაინის მხარდაჭერით რუსული აგრესიისგან საკუთარ თავს იცავს და თუ უკრაინა დამარცხდება, პუტინი დასავლეთს დაუპირისპირდება.

"პუტინი გრძნობს სისუსტეს, როგორც ცხოველი, რადგან ის ცხოველია. ის გრძნობს სისხლს, გრძნობს თავის ძალას და ვახშამზე შეგჭამთ მთელ თქვენს ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფლებასთან და დემოკრატიასთან ერთად“, - აღნიშნა ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, შესაძლოა, უკრაინამ გასულ წელს ვერ მიაღწია ისეთ წარმატებას, როგორსაც მისგან მოელოდნენ, თუმცა, არასწორია მოსაზრება, თითქოს ომში რუსეთი იმარჯვებს, რადგან რუსეთი ძალიან მძიმე დანაკარგებს განიცდის.

„შესაძლოა, 2023 წელს ვერ მივაღწიეთ წარმატებას ისე, როგორც მსოფლიოს სურდა. შესაძლოა ყველაფერი ისე სწრაფად არ ხდება, როგორც ვიღაცას წარმოედგინა“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, მოსაზრება, თითქოს რუსული ძალები იმარჯვებენ სხვა არაფერია, თუ არა მხოლოდ განცდა, რადგან რუსები განიცდიან დიდ დანაკარგებს ისეთ ადგილებშიც, როგორიც ავდიივკაა. „ათასობით, ათასობით მოკლული რუსი ჯარისკაცი, არც კი გაუყვანიათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინული საზოგადოებისა და მსოფლიოს მობილიზაცია, რომელიც ომის დასაწყისში იყო, დღეს არ არსებობს და ეს უნდა შეიცვალოს.

"მობილიზაცია არ არის მხოლოდ ფრონტზე ჯარისკაცების გაგზავნა. ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს. ეს არის მთელი ძალისხმევის მობილიზება. ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად და ჩვენი მიწის დეოკუპაციისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია, რისი გაკეთებაც უკრაინელს ახლა შეუძლია, არის უკრაინაში ყოფნა, დასავლელი პარტნიორებისთვის კი - უკრაინასთან ყოფნა.   

უკრაინის დახმარებასთან   დაკავშირებით კი კვლავ არსებობსს მოლოდინი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის კონგრესი.თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ კი განაცხადა, რომ სანამ აშშ-ის კონგრესი დამატებითი დაფინანსების შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნას არ დაამტკიცებს, ვაშინგტონი ვერ შეძლებს კიევისთვის დახმარების მიწოდებას. 

ამასთან, მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინელებმა საჭირო იარაღი მიიღონ.

“იარაღის მიწოდება, ძალაუნებურად, შეწყდება. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უსაფრთხოების დახმარების ბოლო პაკეტს, რომლის შევსების უფლებაც გვქონდა. სულ ეს არის. ჩვენ გვჭირდება დამატებითი კანონმდებლობა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების უზრუნველსაყოფად", - განმარტა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, ბოლო პაკეტი, რომლის შესახებაც აშშ-მა დეკემბრის ბოლოს გამოაცხადა, უკრაინაში უახლოეს კვირებში უნდა ჩავიდეს. ”მაგრამ ამის შემდეგ, დამატებითი დაფინანსების გარეშე, არ არსებობს სხვა ჯადოსნური ქოთანი, საიდანაც რაიმეს ამოღება იქნება შესაძლებელი”, - თქვა კირბიმ. ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა 27 დეკემბერს უკრაინის სამხედრო დახმარების 250 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც 2023 წლის ბოლო პაკეტი იყო.     

რაც შეეხება უკრაინის კონტრშეტევას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ უკრაინის მხრიდან შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც ალყაში ვერც ერთხელ უკან დახეული და დეზორიენტირებული რუსეთის ჯარი ვერ მოაქცია. 

კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს იყო ხარკოვის დროს, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო. კაპანაძე ფიქრობს, რომ არ იცის იყო თუ არა ეს რუსებთან შეთანხმებული მოქმედება, რადგან ხერსონიდან ერთ ღამეში ხიდზე 25 ათასი კაცის გამოტარება, ძალიან დიდი  შეცდომა იყო.    

„დიდი ომია და დიდი ძალებია მოზიდული. ამიტომ შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არ არის. მაგალითად ზალუჟინის განცხადებები, რომ თვითფრინავები არ ჰყავდათ და სამხედრო მხარდაჭერა არ ჰქონდათ, არ ვიცი რაში ჯდება. შტაბი ხომ განსაზღვრავს კონტრშეტევის დროს რა ძალები სჭირდება და რა შესაძლებლობები აქვთ. მაშინ ან ზალუჟინის დაზვერვამ არ იმუშავა სათანადოდ, ან არ ვიცი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭარბობდა. წარმატების გაგრძელება და გაძლიერება უნდა ყოფილიყო.  მიმაჩნია, რომ ხერსონის და ხარკოვის  წარმატების შემდეგ, ამხელა პაუზა აღარ უნდა ყოფილიყო.  

„ჩვენ ხომ არ ვიცით, იქ რა შიდა პოლიტიკური პრობლემები იყო, სამობილიზაციო და ეკონომიკური პრობლემები იყო. ის, რომ კონტრშეტევა არ და ვერ განვითარდა. ახლა მიმდინარეობს, პოზიციური და ლოკალური ბრძოლები. უკრაინა უნდა მოემზადოს, რადგან ამ პოზიციურ დაპირისპირებაში თავად შევიდა. მობილური თავდაცვის დროს უფრო  მეტი მოგება ექნებოდა, რაც ომის პირევლ ფაზაში ჰქონდა. როცა მათი მთავარი მიზანი მოწინააღმდეგეზე მუშაობა იყო და არა ტერიტორიის შენარჩუნება. მესმის, რომ თითო გოჯი მიწა მნიშველოვანია, მაგრამ შედეგს რას ვიღებთ?“,-ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით ეს ომი გადავა დაჭიმულობაში, რომლიც ნიშნავს იმას, რომ არც ომი იქნება  და არც მშვიდობა. კაპანაძე ამბობს, რომ ერთი და მეორე მხარეც შეეცდებიან, რომ თავიანთი ჯარის და იარაღის გადახალისება მოახდინონ.      

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე