ელზა პაპოშვილი
(27.12.2023)

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ  აცხადებს, რომ რუსული ძალები მარინკას აკონტროლებენ. უკრაინის თავდაცვის ძალებში ეს ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ მარინკასთვის ბრძოლა გრძელდება. უკრაინელები ახლა მარინკას ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან. ქალაქი მთლიანად განადგურებულია, მაგრამ, მარინკას სრულ დაპყრობაზე საუბარს არასწორს უწოდებენ. 

ფეოდოსიის პორტში  კი პირველი აფეთქების ხმა, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 03:00 საათზე გაისმა. გაჩნდა ხანძარი. ტელეგრამარხებზე გავრცელებულ ვიდეოებში კარგად ჩანს ძლიერი აფეთქებაც. ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის შედეგად, პორტში განთავსებული სადესანტო ხომალდი „ნოვოჩერკასკი“ განადგურდა.

რუსეთმა დაადასტურა უკრაინელების თავდასხმა ხომალდზე, თუმცა, ქვეყნის თავდაცვის უწყებაში ირწმუნებიან, რომ ხომალდი მხოლოდ დაზიანდა. თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

უკრაინული მხარე წერს, რომ ხომალდი ირანული კამიკაძე დრონებით იყო დატვირთული. ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, გემზე სხვა სახის საბრძოლო მასალაც ინახებოდა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მათმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ორი უკრაინული მოიერიშე Су-24 გაანადგურა, რომლებიც სადესანტო ხომალდზე თავდასხმას ცდილობდნენ. 

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა ტელეგრამის არხზე დაწერა.

„რუსეთის ფლოტი მცირდება! ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ "მოსკვას" კვალს, დიდი სადესანტო გემი "ნოვოჩერკასკი" მიუყვება", - წერს ოლეშჩუკი. ის მადლობას უხდის საჰაერო ძალების პილოტებს და ყველას, ვინც ხომალდის განადგურებაში იყო ჩართული და საოკუპაციო ძალებს ყირიმის დატოვებისკენ მოუწოდებს.

"ჩაიცვი შარვალი და შინისაკენ ჩვენი ყირიმიდან, სანამ ძალიან გვიან არ არის!" - წერს ოლეშჩუკი. საჰაერო ძალების ცნობით, „ნოვოჩერკასკის“ სადესანტო ხომალდს უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა.  

უკრაინელების მიერ რუსულ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ განხორციელებული შეტევის შედეგად 19 მეზღვაური დაშავდა და 33 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Astra „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 26 დეკემბრის ღამეს უკრაინელების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს ხომალდზე სულ 77 მეზღვაური იმყოფებოდა. ოკუპირებული ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სადესანტო ხომალდზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

ბოლო 24 საათში ფრონტზე უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს სამხედროებს შორის 76 შეტაკება მოხდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, მათ სრული კონტროლი დაამყარეს ქალაქ მარინკაზე. ინფორმაციას უკრაინული მხარე არ ადასტურებს.

შეტევა განხორციელდა ნიკოპოლის რეგიონზეც. იყო აფეთქებები მიკოლაევში. დაიბომბა ხერსონისა და ხარკოვის რეგიონები, სადაც იერიშებს სამი ადამიანი ემსხვერპლა. 

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, მარინკაში კიდევ უფრო უარესი ვითარებაა, ვიდრე ბახმუტში იყო.

„იქ ბახმუტთან შედარებით კიდევ უარესი მდგომარეობაა რელიეფის გამო. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მარინკას ტერიტორიაზე ფაქტობრივად არ არსებობს შენობები, რომლებიც გადარჩა. დასახლების მცირე ნაწილი კვლავ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა, მაგრამ, რუსებს სურთ, დასახლება მთლიანად დაიკავონ. თუმცა, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, სურთ, დაიპყრონ ის, რაც დასახლებიდან დარჩა, რადგან მათ ფაქტობრივად მთლიანად გაანადგურეს“, - აღნიშნა დანილოვმა.   

ქალაქი მარინკა აღარ არსებობს, ახლა მის შემოგარენში გადავედით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენი მიწის ყოველ ნაწილს ვიცავთ. ყოველ ნაწილს. მაგრამ როდესაც ამ ვიწრო მონაკვეთზე, მტრის ჭურვები ამ ადგილის გადათხრას იწყვებს ქვებიანად, მიწიანად, ჩვენი მებრძლებიანად, ჩვენი მებრძოლების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის… 

დღეისთვის ჩვენი სამხედროები ჯერ კიდევ იმყოფებიან მის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩვენმა მებრძლებმა თავდაცვითი ზღვარი მოამზადეს ამ დასახლებული პუნქტის მიღმა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს დასახლებული პუნქტი აღარ არსებობს”, - განაცხადა ზალუჟნიმ.

ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ მარინკამ თითქმის 2 წელი გაუძლო, ხოლო რუსი სამხედროების მიერ ამ ქალაქის დაპყრობის მეთოდიკა იგივე იყო, როგორც ბახმუტში.

“ნადგურდება ქუჩები, კვარტლები, ჩვენი მებრძოლები... და ამის შემდეგ გვაქვს ის, რაც გვაქვს. ეს ომია, ამიტომ ის, რომ ახლა მარიინკას შემოგარენში გადავედით და მარიინკას მიღმა ზოგიერთ ადგილში უკვე პოზიციები მოვაწყვეთ - ამაში არაფერია ისეთი, რამაც შესაძლოა რამე საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვიოს. ომი, სამწუხაროდ, ასეთია”, - განაცხადა ზალუჟნიმ.

ომში უკრაინის გამარჯვება უკრაინის დამცველების ბრძოლის შედეგი იქნება - ჰოლივუდური ფილმიდან საშობაო სასწაულის იმედი არ უნდა გქონდეთ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

„ასობით ათასი დამცველი შობას აღნიშნავს სანგრებში და სადამკვირვებლო პუნქტებში მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, საბრძოლო მანქანებში, ტანკებში, საევაკუაციო სამედიცინო ტრანსპორტში, იარაღთან, სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ახლოს. ისინი იქ არიან, რათა შობის შუქი მილიონობით უკრაინული ოჯახის სახლებში აინთოს, რათა შობის ნათელმა განდევნოს სიბნელე ქალაქებიდან და მოეფინოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

მისი თქმით, უკრაინის არმიის ჯარისკაცები უკრაინელ ხალხს იმედს და ძალას აძლევენ ერთიანობის შესანარჩუნებლად. "ჩვენი გამარჯვება არ იქნება საშობაო სასწაული ჰოლივუდის ფილმიდან. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგი. მათი, ვისაც იარაღი უჭირავს ფრონტზე და ვინც ზურგში იბრძვის, ვისაც მოაქვს ყველაფერი, რაც ჯარისკაცებს სჭირდებათ“, - აცხადებს უმეროვი.      

იაპონიის მიერ უკრაინისთვის „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯს მძიმე შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„იაპონური მხარე იარაღზე კონტროლს კარგავს და ახლა ვაშინგტონს შეუძლია გააკეთოს, ის რაც მას სურს. არ არის გამორიცხული, რომ უკვე აპრობირებული სქემით „პატრიოტის“ რაკეტები უკრაინაში აღმოჩნდეს.

ასეთი სცენარი ინტერპრეტირებული იქნება, როგორც ცალსახად მტრული ქმედება რუსეთის წინააღმდეგ და ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში იაპონიას მძიმე შედეგებს მოუტანს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემების აშშ-სთვის გადაცემას განიხილავს, რაც აშშ-ის მიერ რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას მარტივს გახდის.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ სამწუხაროდ ახლა უკრაინის ომი ოპერატიულ ჩიხშია. გენერალი „რეზონანსთან“ იმედოვნებს, რომ ეს სტრატეგიულ ჩიხში არ გადაიზრდება.   

„ზალუჟინმა თავის ინტერვიუში, რომელსაც სამწუხაროდ პესიმისტური გამოხმაურებები მოჰყვა, ზუსტად ასახა ის სიტუაცია, რაშიც ახლა უკრაინა იმყოფება. ასევე, ამ ჩიხიდან გამოსვლის გზებზეც საუბრობს და იმ საჭიროებებზე რაც წინსვლისთვის საჭირო იქნება. 

„ჯავშანტექნიკა არის საჭირო და ბევრი რამ, რაც კონტრშეტევის წარმატებით განვითარებისთვის აუცილებელია. მთავარი ამომავალი წერტილი ამ დიდი შეტევის იყო საჰაერო მხარდაჭერა. სულ ვიძახდი და ახლაც ვიმეროებ, ამის გარეშე კონტრშეტევა ვერ იქნებოდა წარმატებული.

„ზალუჟინი აკრიტიკებს ნატოს გენერლებს, სადაც ამბობს, რომ არასწორი გათვლები მოხდა. ამაში ვერ დავეთანხმები, რადგან გათვლებს, თავად მისი შტაბი აკეთებს. საკმარისი აღჭუვილობა თუ არ ჰქონდათ, მაშინ შეტევაც არ უნდა დაეწყოთ. იქ კი არის საუბარი თითქოს, ამ შეტევის დაწყება უკრაინელებს აიძულეს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ესეთი ღრმად ეშელონირებული რუსების თავდაცვის გადალახვა, დანაღმული ველების გადალახვა, საჰაერო მხარდაჭერის გარეშე, ურთულესი ამოცანაა. 

„როცა თანამედროვე და მანევრულ ომზე ვსაუბრობთ, რომელიღაცა კომპონენტის ამოგდება ამ კომბინირებული მოქმედებისა, ჯარის შემაფერხებელია. მიზანი არსებობს, საშუალებები არსებობს, მაგრამ რესურსებია საჭირო. მაშინ  მიზანი უნდა შემცირდეს, ან რესურსები  უნდა გაიზარდოს. 

„ზამთარში ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარ მიზანს პლაცდარმების გაფართოვება უნდა წარმოადგენდეს, რომელიც მათ უკვე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გააჩნიათ. დაკავებული ტერიტორიების და ავდეევკის შენარჩუნება უნდა შეძლონ. ეს უნდა იყოს ზამთრის უახლოესი ამოცანა. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ყველა თავდაცვა აქტიური იყოს“,-ამბობს კაპანაძე.    

მისივე თქმით, უკრაინელების მხრიდან რუსებზე მუდმივად ზემოქმედება უნდა ხდებოდეს. თუმცა, არსობრივად, ოპერატიულ დონეზე, ეს პერიოდი გამოყენებული უნდა იყოს გადაჯგუფებისთვის, მობილიზებისთვის, დაგროვებისა და აღჭურვილობისთვის, რომელსაც დასავლეთი აძლევს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე