ელზა პაპოშვილი
(25.12.2023)

რუსულმა ძალებმა უკრაინაში რამდენიმე ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა დნიპროპეტროვსკსა და ხმელნიცკში. დრონების რამდენიმე ჯგუფი ოდესის მიმართულებით დაფიქსირდა. ოკუპანტებმა შეუტიეს ხერსონის ოლქში ჩერნო-ბაივკას - არის მსხვერპლი. დრონებითა და მძიმე არტილერიით დაიბომბა ნიკოპოლის რეგიონიც.

პარალელურად, საშობაო მიმართვა გაავრცელა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შემდეგ შობას, ყველა უკრაინელი საკუთარ სახლში შეხვდება და ბოროტება საბოლოოდ დამარცხდება.   

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა უკრაინელებს შობის დღესასწაული მიულოცა და 2024 წელს ბრძოლის ველზე რუსეთისთვის გამანადგურებელი მარცხის მიყენება უსურვა.

მისი თქმით, მტრის ტერორისტული საოკუპაციო რეჟიმი ვერასდროს შეძლებს განახორციელოს თავისი გეგმა და გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა, გაანადგუროს უკრაინის ტრადიციები და შეცვალოს უკრაინელი ხალხის იდენტობა.

„უკრაინელები ძლიერი ხალხია, რომელსაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, 2024 წელი უკრაინისთვის უწყვეტი ბრძოლის პერიოდი იქნება, ამიტომ ერი მას ოკუპანტებისთვის გამანადგურებელი მარცხის მიყენებით შეხვდება.

„დაე, შობის ვარსკვლავმა მოგვანიჭოს შთაგონება და ამოუწურავი ენერგია მტერთან საბრძოლველად და ახალმა წელმა უკრაინას დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება მოუტანოს“, - განაცხადა ბუდანოვმა.  

სკეპტიკური ხმები ძალას იკრებენ, მაგრამ, მათი პესიმიზმი საშიში შედეგების მომტანია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გამოცემა Foreign Affairs-ისთვის დაწერილ სტატიაში ამბობს.

“სკეპტიკური ხმები ძალას იკრებენ. არა დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე ან სამხედრო დაგეგმილ სესიებზე, არამედ უფრო მედიასა და საექსპერტო სფეროში. მათი უმრავლესობა ღიად არ უჭერენ მხარს იმას, რომ უკრაინამ ბრძოლა შეწყვიტოს, მაგრამ მათი ვითომ პრაგმატული არგუმენტებით გამაგრებულ პესიმიზმი საშიში და ყალბი სტრატეგიული შედეგების აშკარა საფრთხეს შეიცავს”, - წერს კულება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ასეთი პესიმიზმი გაუმართლებელია და შეცდომა იქნებოდა ასეთი განწყობებისთვის უკრაინისთვის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრის შესაძლებლობის მიცემა.

„უკრაინული გამარჯვება სტრატეგიულ მოთმინებასა და ხედვას საჭიროებს - ხოლო გათავისუფლებული მიწის ყოველი მეტრი ჩვენი სამხედროებისგან დიდ მსხვერპლს მოითხოვს - მაგრამ არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ გამარჯვება შესაძლებელია”, - წერს კულება.

მისი თქმით, ომის განმავლობაში რუსეთმა ფსონები ისეთ დონეზე აწია, როდესაც “ნახევრად ზომები” აღარ არის შესაძლებელი.   

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ უკრაინის მხრიდან შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც ალყაში ვერცერთხელ ვერ მოაქცია უკან დახეული და დეზორიენტირებული რუსეთის ჯარი. კაპანაძე „რეზონანსთან“  ამბობს, რომ ეს იყო ხარკოვის დროს, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო. კაპანაძე ფიქრობს, რომ არ იცის, იყო თუ არა ეს რუსებთან შეთანხმებული მოქმედება, რადგან ხერსონიდან ერთ ღამეში ხიდზე 25 ათასი კაცის გამოტარება, ძალიან დიდი  შეცდომა იყო.  

„დიდი ომია და დიდი ძალებია მოზიდული. ამიტომ შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არ არის. მაგალითად, ზალუჟინის განცხადებები, რომ თვითმფრინავები არ ჰყავდათ და სამხედრო მხარდაჭერა არ ჰქონდათ, არ ვიცი რაში ჯდება. შტაბი ხომ განსაზღვრავს კონტრშეტევის დროს რა ძალები სჭირდება და რა შესაძლებლობები აქვთ. მაშინ ან ზალუჟინის დაზვერვამ არ იმუშავა სათანადოდ, ან არ ვიცი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭარბობდა. წარმატების გაგრძელება და გაძლიერება უნდა ყოფილიყო. მიმაჩნია, რომ ხერსონის და ხარკოვის  წარმატების შემდეგ, ამხელა პაუზა აღარ უნდა ყოფილიყო.  

„ჩვენ ხომ არ ვიცით, იქ რა შიდა პოლიტიკური პრობლემები იყო, სამობილიზაციო და ეკონომიკური პრობლემები იყო. ის, რომ კონტრშეტევა არ და ვერ განვითარდა. ახლა მიმდინარეობს პოზიციური და ლოკალური ბრძოლები. უკრაინა უნდა მოემზადოს, რადგან ამ პოზიციურ დაპირისპირებაში თავად შევიდა. 

„მობილური თავდაცვის დროს უფრო მეტი მოგება ექნებოდა, რაც ომის პირველ ფაზაში ჰქონდა, როცა მათი მთავარი მიზანი მოწინააღმდეგეზე მუშაობა იყო და არა ტერიტორიის შენარჩუნება. მესმის რომ თითო გოჯი მიწა მნიშველოვანია, მაგრამ შედეგს რას ვიღებთ?“,-ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით ეს ომი გადავა დაჭიმულობაში, რომელიც ნიშნავს იმას, რომ არც ომი იქნება და არც მშვიდობა. კაპანაძე ამბობს, რომ ერთი და მეორე მხარეც შეეცდებიან, რომ თავიანთი ჯარის და იარაღის გადახალისება მოახდინონ.      

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე