ნაზი ბერიძე
(23.12.2023)

უკრაინა, სავარაუდოდ, ფ-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2023 წლის ბოლომდე მიიღებს, ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული კვლევითი ცენტრის, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანალიტიკოსები მიიჩნევენ. როგორც ამ ამბის კომენტირებისას ქართველი სამხედრო ექსპერტები აცხადებებ, ამერიკული მულტიფუნქციური ავიაგამანადგურებლების გამოჩენა უკრაინის პოზიციებს უდავოდ გააუმჯობესებს, თუმცა ფრონტზე კარდინალურ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს.

„ფ-16-ების მიწოდების ვადები დაზუსტებული არ არის, თუმცა, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო სტრატეგიულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ნიდერლანდებმა, დანიამ, ნორვეგიამ და ბელგიამ უკვე აიღეს ვალდებულება უკრაინისთვის ფ-16-ების წლის ბოლომდე მიწოდებაზე," - წერია ინსტიტუტის ვებსაიტზე.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ ომს იგებს ყველა ერთად: ტანკიც, თვითმფრინავიც და არტილერიაც, და მხოლოდ ფ-16-ების გადაცემა გარდატეხას ვერ შეიტანს.

„არცერთი იარაღი არ არის „ვუნდერვაფე", ანუ „იარაღი საოცრება", რომელსაც შეუძლია ომის მოგება. ერთადერთი ასეთი შეიძლება იყოს ბირთვული იარაღი. შესაბამისად ჩვეულებრივი შეიარაღება ეს იქნება იარაღი, ტანკი თუ რაღაცა სხვა, მარტო ის ომს ვერ მოიგებს. ომს იგებს ყველა ერთად: ტანკიც, თვითმფრინავიც და არტილერიაც, მაგრამ მთავარია ადამიანი, იგებს მებრძოლი სული.

„ფ-16-ებს რაც შეეხება ის განწყობა, რომ ამ თვითმფრინავებს მისცემენ და უკრაინა ეგრევე მოიგებს ომს, არასწორია და დამანგრეველი. ზუსტად რამდენიმე თვის წინ იყო ასეთი განწყობა, ტანკები რომ მისცეს უკრაინას - „ლეოპარდები". ფიქრობდნენ, რომ ესენი შეუტევენ რუსულ ტანკებს, რუსებს შეეშინდებათ და გაიქცევიან. ასე არ მოხდა.

„ფ-16-ების გადაცემა, ცხადია, გააძლიერებს უკრაინელების საჰაერო შესაძლებლობებს. მაგრამ აქ არის ერთი რაღაც გასათვალისწინებელი, იმ ფ-16-ებს უკრაინას ძირითადად აძლევენ ევროპის ქვეყნები. ეს თვითმფრინავები შედარებით მოძველებული. თავის დროზე ჰქონდათ ნიდერლანდებს და ბელგიას. ისინი მათ ანაცვლებენ ფ-35-ებით. მართალია, ეს ფ-16-ები თავის დროზე მოდერნიზებულია, მაგრამ დღევანდელ რუსულ უფრო მოდერნიზებულ სუ-35-ებს ჩამორჩებიან", - განაცხადა „მთელ კვირასთან" ირაკლი ალადაშვილმა.

მსგავსი მოსაზრებები აქვს გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძეს.

„როგორც მე ვიცი, 18 ერთეული გამზადებულია მიწოდებისთვის. სულ ერთი ესკადრელია, მე მგონი, 42 გამანადგურებელი უნდა მიიღონ. რაც შეეხება გარდატეხას, გარდატეხას ალბათ ვერ შეიტანს ფრონტზე, მაგრამ მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას" - განაცხადა „მთელ კვირასთან" ვახტანგ კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე