თამთა ჩაჩანიძე
(11.04.2023)

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტიდან საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვამ შესაძლოა უკრაინის გეგმებზე და შესაბამისად, ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც იქონიოს გავლენა - ბოლო დღეებში ამის შესახებ ანალიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობენ. თუმცა, შესაძლოა ეს შეგნებულად გავრცელებული დეზინფორმაციაც იყოს რუსული მხარის დასაბნევად. ანალიტიკოსთა ნაწილი კი ამის მიუხედავადაც საეჭვოდ მიიჩნევს უკრაინელთა მასშტაბურ კონტრშეტევას და ფიქრობს, რომ ამის ნაცვლად შესაძლოა მათი ლოკალური მასირებული დარტყმები ვიხილოთ ბახმუტისა და სხვა მიმართულებებზე.

დაპირისპირების ეპიცენტრი კი კვლავ ქალაქი ბახმუტია. რუსული წყაროების ცნობით, უკრაინული ნაწილები ქალაქის დასატოვებლად ემზადებიან. „ვაგნერის" ხემლმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი კი აცხადებს, რომ ბახმუტის 80% უკვე მათი კონტროლის ქვეშაა.

თავად ქალაქი კი პრაქტიკულად აღარ არსებობს. ქალაქში ყველა შენობა ან სრულიად განადგურებულია, ან მნიშვნელოვნად დაზიანებული. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსთა შეფასებით, სამხედრო თვალსაზრისით ამ ტერიტორიის კონტროლს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, თითქმის 10-თვიანი ბრძოლის შედეგად ამ ქალაქს უკვე გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს და მისთვის ორივე მხარე, სავარაუდოდ, ბოლომდე იბრძოლებს.

„რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსების ფრონტის სხვა ცხელ წერტილებად უგლედარს, მარიინკასა და ავდიივკას ასახელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებებზე რუსებმა შეტევის ტემპი დაკარგეს და ბრძოლა ისეთი ინტენსიური აღარ არის.

ბოლო ცნობები ფრონტიდან

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ბახმუტში ურთულესი სიტუაციაა, ქალაქი მიწასთანა გასწორებული.

„ფრონტზე კვლავ პოზიციური ბრძოლებია. უკრაინელები ბახმუტში, უგლედარში, მარიინკასა და ავდიივკაში პოზიციებს ინარჩუნებენ. უფრო მეტად რთული სიტუაცია ბახმუტშია, რადგან „ვაგნერელები" წინ მიიწევენ და უკრაინელების წინააღმდეგობის მიუხედავად, ტერიტორიების აღებას ცდილობენ, მაგრამ ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ რუსეთმა მთელი ქალაქის მიწასთან გასწორება დაიწყო.

„ბახმუტში დონეცკის მარიონეტული რეჟმის მეთაური პუფილინი იყო ჩასული, რომელმაც აღიარა, რომ ქალაქი ფაქტიურად აღარ არსებობს. ასეთი მიწასთან გასწორებული ქალაქის აღებას აზრი აღარ აქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ოკუპანტები 9 თვეა ამისთვის იბრძვიან, უკრაინელებისთვის მისმა დაცვამ და რუსებისთვის მისმა აღებამ სამხედრო სტრატეგიული და გეოსტრატებიული მნიშვნელობა შეიძინა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველა მიმართულებაზე რუსების შეტევის ტემპი შენელებულია.

„ორივე მხარეს ეტყობა, რომ ბრძოლით გადაიღალნენ. დიდი ხანია უკრაინის კონტრშეტევა ცხადდება, თუმცა, მასშტაბურ კონტრშეტევას მე მაინც სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ეს ცოტა რისკის შემცველია. ამავდროულად, უკრაიმან ომი რომ ასე აწარმოოს, რუსეთს უფრო გამოფიტავს და გატეხს.

„ბახმუტში რთული ვითარებაა, თუმცა ეგეც საკითხავია - რთული ვითარებაა იმიტომ, რომ ქალაქის დაცვა აღარ შეუძლიათ, თუ ბახმუტმა უკვე თავის როლი ამოწურა. რუსეთი ბახმუტს მიწასთან ასწორებს და როგორც ქალაქი ფაქტიურად აღარ არსებობს. თუმცა ბრძოლა ისევ მიდის.

„დანარჩენ მიმართულებაზე რუსული შეტევის ნარჩენებს ვხედავთ. ყველა მიმართულებაზე შეტევის ტემპი დაკარგულია. ახლა საქმე ისაა უკრაინა რას იზამს, მაგრამ, ვფიქრობ, საკმარისი საშუალებები არ აქვს, რომ მასშტაბურ შეტევაზე გადავიდნენ. ალბათ ბახმუტზე ან სხვა მიმართულებაზე ლოკალურ კონტრშეტევებს ვიხილავთ", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

დეზინფორმაცია, თუ რეალური გაჟონვა

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, აშშ-ში საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვასთან დაკავშრებით სიტუაცია გაურკვეველია და არაა გამორიცხული, რომ ეს იყოს დეზინფორმაცია რუსების დასაბნევად.

„ცოტა გაურკვეველია რასთან გვაქვს საქმე. რუსული წყაროები ამბობენ, რომ თითქოს ეს მათ დასაბნევად შეგნებულად გავრცელებული დეზინფორმაციაა. აშშ-მა სერიოზული გამოძიება დაიწყო, რუსულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა თქვეს, რომ ეს სნოუდენის მსგავსი ახალი სკანდალია.

„ორი ვარიანტია - ან ეს სპეციალური დეზინფორმაციაა, რომელიც მიზნად ისახავს რუსული მხარის შეცდომაში შეყვანასა და დაბნევას, ან შესაძლოა რეალური იყოს.

„თუ ეს მასალები მართლაც რელობაა, უკრაინას მოუწევს, რომ კონტრშეტევის სტრატეგიული გეგმები შეცვალოს და ხელახლა დაგეგმოს, ეს კი ოკუპანტების გეგმებზე ასხამს წყალს. ხოლო თუ ეს რეალობას არ შეესაბამება, უკრაინის გეგმებზე წყალს ასხამს და აქ მეორე მომენტია - საკითხავია ამ შემთხვევაში რუსული მხარე ამ მოცემულობას რამდენად მიიღებს და არ მოემზადება.

„რუსეთის შიარღებულ ძალებში მინისტრის მოადგილის ევკუროვის ბრძანებით სპეციალური ტანკსაწინარმდეგო მოიერიშე რაზმები და ქვედანაყოფები შეიქმნა, რომლებიც სწორედ იმ ინფორმაციის საფუძველზე მუშაობენ, რაც მათ მოიპოვეს - თუ ახალი ტიპის ტანკების წინააღდეგ როგორ უნდა იბრძოლონ", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ გაჟონილ ინფორმაციებში ძირითადად წარსულის ამბებია, რომლის დიდი ნაწილი რეალურად საიდუმლოს აღარ წარმოადგენდა.

„შესაძლოა გაჟონვა მოხდეს, მათ შორის პენტაგონიდანაც. ბოლო ათ წელს თუ შევხედავთ, ასეთი შემთხვევები იყო, მაგრამ მართლა იყო თუ ამერიკელებმა შეგნებულად გააჟონინეს, ამის თქმა ძნელია.

„რა ინფორმაციაც ჩვენ ვნახეთ, იქ გასაკვირი არაფერია და შესაძლოა რეალობას ყველაფერი ემთხვეოდეს. ასე თუ ისე, ეს რა თქმა უნდა საინფორმაციო ომის ნაწილია. ომის დაწყებამდე აშშ და დასავლეთი სადაზვერვო ინფორმაციას შეგნებულად ასაჯაროვებდა და ამას იყენებდა, როგორც საინფორმაციო ომის იარაღს.

„ამჟამად გაჟონილი ინფორმაციის დიდი ნაწილი შეიძლება რეალობას სრულიად შეესაბამებოდეს - ის, რომ უკრაინა კონტრშეტევას ამზადებს და საბრძოლო მასალების მხრივ ძალიან უჭირს. ამ ინფორმაციაში ორივე მხარის მსხვერპლის რაოდენობაც რეალობისგან შორს არაა.

„წარსულის იფორმაცია წარსულია და ის დიდ საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. მთავარია მომავალში რა არის დაგეგმილი და ამ გაჟონილი ინფორმაციიდან ეს ვერ ვნახე. აქედან გამომდინარე ძნელია იმის თქმა, საბრძოლო გეგმებს შეცვიან თუ არა უკრაინელები. არ მგონია ამან ომზე დიდი ზეგავლენა იქონიოს", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

დეტალები გაჟონილ დოკუმენტებიდან

ინტერნეტში ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება ცნობები პენტაგონიდან სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაჟონვაზე. უკრაინული მედია „სიენენზე" დაყრდნობით წერს, რომ ამას შესაძლოა უკრაინისათვის ფატალური შედეგები მოჰყვეს, რადგანაც შესაძლოა დაიკარგოს წვდომა მნიშნელოვან სადაზვერვო ინფორმაციაზე. პენტაგონმაც დაადასტურა გაჟონილი ინფორმაციის ავთენტურობა.

როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „ფეისბუქზე" წერს, ეს ინფორმაცია დაახლოებით ექვსი კვირის წინანდელ მდგომარეობას შეიცავს, მაგრამ მთელ რიგ საკითხებს მიმოიხილავს. პირველ რიგში კი საუბარია დანაკარგებზე, რომლის მიხედვითაც რუსებს 223 ათასი მოკლული ან დაჭრილი სამხედრო ჰყავთ, ხოლო უკრაინელთა მხრიდან ეს ციფრი 125 ათასს შეადგენს.

პენტაგონიდან გამოტანილ ინფორმაციაში საუბარია იმაზეც, რომ უკრაინელებს იარაღში დეფიციტი აქვთ და პრაქტიკულად დასავლეთიდან მიწოდებული ჭურვებითა და რაკეტებით სულდგმულობენ. ამავე ინფორმაციით, „უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს რესურსი ეწურებათ და რუსები ამ დაწოლას თუ გააძლიერებენ მალე შესაძლოა საჰაერო დომინაციის მოპოვებაც კი შეძლონ".

„დოკუმენტები საუბრობენ მიყურადებებზეც - აშშ რუსეთში სადაზვერვო ქსელის შექმნას ცდილობს. თუმცა უკრაინაშიც არ ენდობა უკრაინულ ინფორმაციას და თავადაც ქმნის დამოუკიდებელ სანდო წყაროებს და უთვალთვალებს ყველას, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისაც.

„სწორედ ამ გამოჟონილი ინფორმაციით შეშფოთებულმა უკრაინელებმა შეტევის გეგმები და იძულებულები შეიქმნენ მთელი რიგი მიმართულებები დაეკორექტირებინათ.

„ეს ყველაფერი კი ოფიციალური განცხადებებია - ახლა კი სხვა მხრიდან უნდა წავიკითხოთ ეს ყველაფერი. აღნიშნული გამოჟონილი ინფორმაცია ძალიან მაღალი ალბათობით მიზანმიმართული, მართვადი ქმედებაა და რუსეთის დაბნევას ემსახურება მიზნად. ცხადია, "გამოჟონილი" ინფორმაცია სრულიად ტყუილი ვერ იქნება და იქ ისეთი სიმართლის კომპონენტები უნდა იყოს, რომელიც რუსულ დაზვერვას დააჯერებს ინფორმაციის სინამდვილეში - ყველაზე მეტად მაშინაა ტყუილი დასაჯერებელი თუკი მასში სიმართლეც ურევია.

„თუმცა ამ ყველაფერს თუ ჩვენ ვხვდებით ცხადია რუსებიც ხვდებიან, ჰო? დიახ, ცხადია, მაგრამ რადგან არავინ იცის რეალური ინფორმაციის გარდა ზუსტად რა არის სინამდვილე და რა არა, ამით უფრო მეტი დაბნეულობა იქმნება და მისი გადამოწმების აუცილებლობა დგება. იქნებ მართლაც დეფიციტია უკრაინულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებში? ამის გადამოწმებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების გაღება შეიძლება მოუწიოს რუსულ ავიაციას ან სარაკეტო არსენალს, რადგან მხოლოდ სადაზვერვო საქმიანობით ასეთი ინფორმაციის გადამოწმება ადვილად და დამაჯერებლად ვერ მოხდება.

„ამასთან უკრაინის დასუსტებულ მდგომარეობაში წარმოჩენა ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს კრემლს და მის ამჟამინდელ ყოფას კიდევ უფრო დამამცირებელს ხდის. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი ასეთი დასუსტებულია უკრაინა რატომ ვერ იგებს რუსეთი ომს?! ეს კი რუსული ნაწილების თავდაცვაში ყოფნის მდგომარეობას კიდევ უფრო უმწეოს ხდის.

„დოკუმენტების ნაწილი თუკი უკრაინის სისუსტეზე მიუთითებს სხვაგან განსხვავებულად საუბრობს - პრეზიდენტი ზელენსკი როსტოვზე დასარტყამ სამხედრო სამიზნეებს თავად ადგენს და დრონების შეტევაც მასთან იყო შეთანხმებულიო. სწორედ ასეთი ორაზროვნება - სუსტი უკრაინა, რომელიც ბომბავს რუსეთს - დოკუმენტების ფსიქოლოგიური წნეხის ეფექტს ზრდის ძალიან.

„რაც შეეხება მომზადებას - ის, რომ დოკუმენტების მიხედვით უკრაინას დეფიციტი აქვს და შესაძლოა წარმატებული შეტევა ვერც განახორციელოს, ეს რუსულ თავდაცვას უფრო თავდაჯერებულს ხდის. ეს კი რეალურად შეიძლება დიდ შოკად ექცეთ თუკი უკრაინული მასირებული კონტრშეტევა დაიწყება და რუსული ფორტიფიკაციები გაირღვევა. დაისმება კითხვა: როგორ მოხდა რომ სუსტმა უკრაინამ გაარღვია ფრონტი?!", - წერს კობერიძე „ფეისბუქზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე