ნაზი ბერიძე
(10.04.2023)

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პროცესში „ამინდი ახლა საომარია" და მოლაპარაკების დრო არ არის. მისი თქმით, ჩინეთთან დიალოგის მიზანი ომის მიმართ მიდგომების კონსოლიდაციაა. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" მაკრონის პოზიციას აფასებენ და ამბობენ, რომ იმისთვის რომ მოლაპარაკება დაიწყოს, საჭიროა შესაბამისი გარემოს შექმნა, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს. რაც შეეხება ჩინეთს, მისი როგორც ზესახელმწიფოს როლი ამ კონფლიქტში მნიშვნელოვანია და ის დასავლეთის პოზიციასთან უნდა იყოს ინტეგრირებული.

„ვფიქრობ, რომ ჩინეთიც იგივე დაკვირვებას აკეთებს, რასაც ჩვენ. კერძოდ. რომ დღეს საომარი ამინდია. უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, ჩვენ კი მათ ვეხმარებით. ახლა მოლაპარაკების დრო არ არის"-აღნიშნა მაკრონმა.

მაკრონი ჩინეთს სთხოვს გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა დაავალდებულოს რუსეთს.

„პირველი: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა. მეორე:ბირთვული ძალის მკაფიო შეხსენება და ჩინეთმა უნდა გამოიტანოს დასკვნები იმ ფაქტის შედეგების შესახებ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა განათავსა ბირთვული იარაღი ბელარუსში რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მან პირობა დადო, რომ არ გააკეთებდა ამას. მესამე, ძალიან მკაფიო შეხსენება ჰუმანიტარული სამართლისა და ბავშვების დაცვის შესახებ და მეოთხე მოლაპარაკებებისა და ხანგრძლივი მშვიდობისკენ სწრაფვა",- ემანუელ მაკრონმა ამის შესახებ ჩინეთში ვიზიტის დროს გამოცემა Les Echos-თან ინტერვიუში განაცხადა.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მაკრონის განცხადებები, არ ნიშნავს ომისაკენ მოწოდებას, ეს უბრალოდ უკრაინის მიმართ მხარდაჭერაა, რაც უკრაინას აძლევს იმის სტიმულს და საშუალებას, რომ საკუთარი ტერიტორიები დაიცვას და გაათავისუფლოს რუსი ოკუპანტებისაგან.

„მე ასე არ ვიტყოდი, რომ ომისაკენ მოუწოდა პრინციპში, არის ისეთი მომენტი, როდესაც მოლაპარაკებების დაწყება, წაგების და კაპიტულაციის ტოლფასია.

„ამიტომ ახლა მოლაპარაკების დაწყება როცა უკრაინული ტერიტორიები არის ოკუპაციის ქვეშ და მიდის კიდევ სამხედრო ინტერვენცია და აგრესია. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ საკმაოდ კარგი პოზიციები, რომ დაიბრუნონ აღნიშნული ტერიტორიები, სერიოზული დანაკარგის ფასად და ბრძოლის მეშვეობით.

„თუმცა, უკრაინას არ დაუწყია ეს ომი, აქედან გამომდინარე უკრაინას აქვს საერთაშორისო სამართლის გამოყენების უფლება. შეგახსენებთ, რომ გაეროს წესდების 51-ე მუხლის მიხედვით მას გააჩნია უფლება თავისი ტერიტორიების დაცვის, აქედან გამომდინარე, მაკრონმა უბრაკლოდ აღიარა, რომ უკრაინა ვალდებულია შეასრულოს საერთაშორისო სამართლის პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს საკუთარის ტერიტორიის დაცვასა და გათავისუფლებას" - თქვა მაისაიამ.

რაც შეეხება ჩინეთის როლს, როგორც ექსპერტი განმარტავს, ის არის სახელმწიფო, რომელიც აწარმოებს რუსეთის შეკავების პოლიტიკას, ასევე, არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რომელიც ბელარუსში განათავსა.

„ჩინეთი არის ბირთვული კლუბის წევრი, საკმაოდ ძლიერი წევრი, ისეთივე როგორც ამერიკა და შესაბამისად, ძალთა ბალანსის თეორიის მიხედვით, ჩინეთის ჩართულობა და ჩინეთის თუნდაც ერთგვარი მუქარა და შეხსენება რუსეთისთვის, რომ არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი, არის მნიშვნელოვანი.

„რაც შეეხება ბელარუსში ბირთვული ტაქტიკური იარაღის განთავსებას, ეს პრინციპში გამომდინარეობს ბელარუსისა და რუსეთის ეგრედ წოდებული საკავშირო ხელშეკრულებით და ბელარუსი და რუსეთი ქმნიან ერთიან თავდაცვის სივრცეს, თუ აქამდე ლუკაშენკო იკავებდა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისაგან თავს, ახლა ლუკაშენკომ გადაწყვიტა უკვე რუსულ გეოსტრატეგიულ გავლენის სივრცეში მთლიანად შევიდეს. ეს ძალიან ცუდი ქმედებაა, რა თქმა უნდა ეს მიმართულია ნატოს წინააღმდეგ.

იმ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, რომელიც იქმნება რუსეთში, ალბათ, მაღალია შანსი იმისა რომ გამოიყენოს პუტინმა ბირთვული იარაღი" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

გადამდგარმა გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსს" უთხრა, რომ მაკრონის განცხადება, რომ ახლა მოლაპარაკების დრო არ არის, სწორია, იმიტომ რომ, როცა არცერთ დაპირისპირებულ მხარეს არ სურს დიალოგი, ის ვერ იქნება ეფექტიანი.

„ამ დროისათვის მოლაპარაკების მომენტი არ არის ამ დინამიკაში რაც ახლა მიმდინარეობს. მოლაპარაკებებისთვის უნდა შეიქმნას გარემო, გარემო ჯერ არ არის შექმნილი. არცერთი მხარე არ აპირებს დათმობას. რაზე უნდა შეთანხმდნენ, მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის? როცა უკრაინელებმა უარი განაცხადეს. როცა მხარეები არ თანხმდებიან, მოლაპარაკება არ იქნება ეფექტიან" - ამბობს კაპანაძე.

კაპანაძე განმარტავს, რომ მაკრონის მიზანი იყო, დასავლეთს და ჩინეთს ერთიანი ხედვა ჰქონოდათ, და რომ ჩინეთს ეიძულებინა რუსეთი დათმობაზე წასულიყო. რაც შეეხება ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსებას და მის გამოყენებას, ექსპერტის თქმით, ეს უბრალოდ რუსეთის მხრიდან ევროპის დაშინების პოლიტიკის ნაწილია.

„ჩინეთი არის ზესახელმწიფო, მისი ჩართულობა კონფლიქტის მოგვარებაში, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესის დარეგულირებაში. რაც შეეხება რომ ერთიანი ხედვა უნდა ჰქონდეთ, რა თქმა უნდა, ერთიანი ხედვა უნდა ჰქონდეთ დასავლეთსა და ჩინეთს. მაკრონი ამას ცდილობს რომ გარკვეულიყო ჩინეთს რა პოზიცია უკავია ამასთან მიმართებაში - არის განცხადება და არის, რაც განცხადების მიღმა ითქმება ხოლმე, მაგრამ ფაქტიურად იყო საუბარი იმაზე, რომ დასავლეთი რასაც უჭერს მხარს, იმას დაუჭიროს ჩინეთმა მხარი. დაუჭერს თუ არა ეს სხვა თემაა.

„ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით ბელარუსში, როდესაც ჩინეთის ლიდერი იმყოფებოდა რუსეთში, მაშინ შეთანხმდნენ, რომ არ მოხდებოდა ბირთვული იარაღის გაფართოება, არსებული ტერიტორიიდან გატანა, მაგრამ წამოვიდა თუ არა სი ძინპინი ეგრევე გამოაცხადა პუტინმა რომ ბელორუსში განათავსა ბირთვული იარაღი.

„შესაბამისად, არც ჩინეთი არ უნდა იყოს ბედნიერი ამ ამბით, და ზოგადად აქაც საერთო პოზიციის მონახვაზე იყო საუბარი. ჩემი აზრით, ვიზიტები ჩინეთთან არის იმის მაჩვენებელი, რომ ჩინეთი გამოდის უკვე მნიშვლევოვანი როლის მქონე, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულების საკითხში. ასეევე, ჩინეთი წარმოადგენს ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს იმისა, რომ აიძულოს პუტინი დათმობაზე წავიდეს.

„რაც შეეხება, ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსში, არაფერს არ ნიშნავს, ამით უბრალოდ პუტინი აშინებს ევროპას" - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე