ნაზი ბერიძე
(07.04.2023)

ყველაზე მნიშვნელოვანი მოსალოდნელი დიდი უკრაინული კონტრშეტევიდან არის ზაპოროჟიეს მიმართულება, რადგან თუ ამ სექტორში უკრაინის ჯარი წარმატებას მიაღწევს, ის რუსულ კონტინგენტს ორად გაჭრის და ოკუპანტებს დიდი პრობლემების წინაშე დააყენებს, აცხადებს „რეზონანსთან" საგაზაფხულო კონტრიერიშზე საუბრისას სამხედრო ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე.

უკვე რამდენიმე თვეა როგორც რუსული, ისევე უკრაინული წყაროები აცხადებენ, რომ გაზაფხულზე, სავარაუდოდ აპრილ-მაისში, უკრაინა დიდ შეტევას გეგმავს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთში ნატოს სტანდარტებით გაწვრთნილი ბრიგადები, რომლებიც ევროპიდან და ამერიკიდან გადაცემული უახლესი იარაღით იქნებიან აღჭურვილი, მათ შორის გერმანული ტანკებით „ლეოპარდ 2", რომლის რუსებს განსაკუთრებით ეშინიათ.

კობერიძეს მიაჩნია, რომ ეს სამხედრო ოპერაცია შეიძლება წარმატებით ჩაითვალოს მაშინ, თუ უკრაინა რომელიმე ერთ ოკუპირებული რეგიონის გათავისულებას მაინც შეძლებს. ოპერაციის ზუსტი ადგილი და მიმართულება, ცხადია, უცნობია და ღრმადაა გასაიდუმლოებული უკრაინული გენერალური შტაბის მიერ.

„ეს კონტრშეტევა გადამწყვეტია, ამიტომ უკრაინა უნდა იყოს კარგად შეიარაღებული, კარგად ინფორმირებული დასავლეთის მიერ. კონტრშეტევა იქნება რამდენიმე მიმართულებით, და შესაბამისად მაღალი ალბათობით ძალიან წარმატებული. მინიმუმ ერთი ოლქი მაინც უნდა გათავისუფლდეს, რომ ომში მოხდეს გარდატეხა. ყირიმი აქვს დაკავებული რუსეთს, ასევე ნაწილობრივ ზაპოროჟიე, დონეცკი, ხერსონი და ლუგანსკი. შესაბამისად, გარკვეული ნაწილის გათავისუფლება ახლა უნდა მოხდეს, ამ ტერიტორიებიდან, ერთის მაინც. ყველაზე მნიშვნელოვანი ზაპოროჟიეს გათავისუფლებაა, რაც გამოიწვევს რუსული არმიის ჩამოშლას.

„თუ ვიტყვით, რომ ხერსონის ოლქის რაღაც ნაწილი გაათავისუფლა უკრაინამ და მიემიჯნა ყირიმს, ესეც დიდი გარდატეხა იქნება, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც ზაპოროჟიეს ტერიტორიის გათავისუფლების შემთხვევაში იქნება.

„რატომ არის მნიშვნელოვანი ზაპოროჟიე უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ხერსონი? მისი ტერიტორიის დეოკუპაცია გამოიწვევს რუსული არმიის ორად გაყოფას, და უკრაინელების აზოვის ზღვაზე გასვლას. რაც ნიშნავს იმას, რომ მომარაგების თვალსაზრისით, რუსული არმია იქნება დამოკიდებული ყირიმის დაზიანებულ ხიდზე, რომლის აღდგენა მოხდა, მაგრამ თვისებრივად მისი გამოყენება შეიძლება გაჭირდეს. ამიტომაც არის, რომ ახლა ყველა თვალი და ყველა ყური ზაპოროჟიესაკენ არის მიმართული.

„ყოველ შემთხვევაში ეს კონტრშეტევა გამოხატავს და კარგად გამოაჩენს რამდენად ძლიერია უკრაინის შეიარაღებული ძალები და რამდენად კარგად იციან რუსებმა თავდაცვა. თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები ეფექტურები იქნებიან, ისეთივე ეფექტურები როგორც სექტემბერში ხარკოვის ოლქის გათავისუფლების პერიოდში იყვნენ, და უფრო ეფექტურები ვიდრე მაშინ, ამ შემთხვევაში უკრაინელები მიაწვებიან უფრო ღრმად ვიდრე ხარკოვის შენთხვევაში იყო," - განაცხადა გიორგი კობერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე