ნაზი ბერიძე
(06.04.2023)

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინა მზად იქნება დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას განახორციელებენ და ნახევარკუნძულის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწევენ. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას არ გამორიცხავენ, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ყირიმი დათმოს.

„თუ მოვახერხებთ ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევას ბრძოლის ველზე და როდესაც ვიქნებით ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, მზად ვიქნებით გადავშალოთ დიპლომატიური გვერდი ამ საკითხის განსახილველად. ეს არ ნიშნავს რომ გამოვრიცხავთ ყირიმის ჩვენი არმიის მიერ გათავისუფლების გზას"-განაცხადა ანდრეი სიბიგამ Financial Times-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი თანაშემწეები ახლა განიხილავენ მხოლოდ ასეთ ვარიანტს ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიისთვის.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია უკრაინის განცხადებას, აფასებს როგორც მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის პერსპექტივას, რაშიც უკრაინა დასავლეთმა აიძულა.

„კი რა თქმა უნდა, ერთი ვარიანტი ეგ არის რომ რუსეთთან ასეთი მოლაპარაკება დაიწყოს, ფაქტია, რომ უკრაინამ ეს მზაობა განაცხადა. მეორე მხარე წამოვა თუ არა მოლაპარაკებაზე, ეს მეორე საკითხია. შეიძლება რუსეთი არ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. თუმცა, არ ვიცი ისინი ერთმანეთს რას შესთავაზებენ, ჯერ ამაზე ნაადრევია საუბარი.

„მაგრამ, უკრაინამ გამოიჩინა ინიციატივა, როგორც ჩანს დასავლეთმა აიძულა, რომ ამ კუთხით გადადგას ნაბიჯი, რომ რაღაცნაირად ჩანდეს უკრაინა მშვიდობიანი გზითაც ცდილობს კონფლიქტის მოგვარებას" - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ უკრაინას ჯერ კონტრშეტევა აქვს განსახორციელებელი - ზაპოროჟიე, ხერსონი, უნდა დაიბრუნოს გავიდეს აზოვის ზღვაზე, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს დასახოს ცეცხლის შეწყვეტის გეგმები. თუმცა, ექსპერტი აქვე აღნიშნავს, რომ უკრაინის პოზიცია, სწორიც არის მისი მხრიდან, რომ ეს პოლიტიკოსების მოვალეობაა, ასე ილაპარაკონ.

„ჯერ უკრაინას ბახმუტი აქვს დასაცავი და კონტრშეტევა განსახორციელებელი. გასათავისუფლებელი აქვს ხერსონი და ზაპოროჟიე, რომ მივიდეს ყირიმთან. ის საკითხი, რომ მოლაპარაკებებზე დაიწყო საუბარი, არ გამოვრიცხავ რომ ეს არის პირველი ნიშნები იმისა, რომ აიძულონ მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

„არ არის გამორიცხული რომ მათ შორის თემა იყოს ხერსონი, ზაპოროჟიეს დაბრუნება უკრაინისთვის და დანარჩენი ტერიტორიების სტატუსის შემდგომისთვის გადატანა.

„არ გამოირიცხება კორეის ვარიანტი, ხაზი იქნა გავლებული და იქ მშვიდობა არ არის დამყარებული და ომი არ არის დასრულებული ოფიციალურად, მაგრამ, ცეცხლის შეწყვეტა მოხდა. უკრაინამ უნდა შეძლოს აზოვის ზღვაზე გასვლა, აზოვის ზღვის დაკარგვა ძალიან დიდი დარტყმა არის მისი ეკონომიკისთვის. ამის შემდეგ შეიძლება საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე.

„მე რა მგონია, რომ რუსეთმა ყირიმი დათმოს, დონეცკს და ლუგანსკს უფრო დათმობს რუსეთი, ვიდრე ყირიმს. მაგრამ ის საკითხი, რომ პოლიტიკური მოღვაწე საუბრობს ამაზე, მისი საქმეა რომ ეს ილაპარაკოს, ხომ არ იტყვის რომ ვერ გავაკეთებთ, ვერ მივალთ, დავმარცხდებით, მაგრამ ყველაფერი არის მიმართული იქითკენ რომ უკრაინა უნდა გავიდეს ყირიმთან.

„მე ეჭვი მეპარება რომ უახლოესი დროის განმავლობაში ყირიმის დაბრუნება მოახერხოს უკრაინამ. ყირიმის დაბრუნებას აუცილებლად სჭირდება საზღვაო ბლოკადა და საზღვაო ძალები, რაც უკრაინას არ გააჩნია"-განაცხადა ვახტანგ კაპანაძენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე