თამთა ჩაჩანიძე
(05.04.2023)

ნიუ-იორკის სასამართლოში გამოსვლის შემდეგ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ფლორიდაში, საკუთარ რეზიდენციაში დაბრუნდა. ის აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, ვინც საბრალდებო სკამე დასვეს, მას ბრალი 34 მუხლით წაუყენეს, თუმცა არცერთს არ აღიარებს და აცხადებს, რომ წაყენებული ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.

4 აპრილს ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის მანჰეტენის რაიონულ სასამართლოში მივიდა. პარალელურად შენობის გარეთ მისი მომხრეების აქცია გაიმართა. პროცესი 45 წუთამდე გაგრძელდა და ტრამპი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ამის შემდეგ ის ფლორიდაში დაბრუნდა.

მანამდე დონალდ ტრამპი ოფიციალურად დააკავეს და ბრალის წაყენებამდე ფორმალურად დააპატიმრეს. დაკავების დროს ტრამპს ხელბორკილები არ დაადეს, რადგან ის უკვე ყოფილი პრეზიდენტის სტატუსით სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა „ფოქს ნიუსის" ჟურნალისტი ჯეიკ გიბსონი, რომელმაც განაცხადა, რომ ტრამპის საქმის პროკურორებმა სასამართლო პროცესის 2024 წლის იანვრისთვის დანიშვნა მოითხოვეს, რაც რესპუბლიკურ პარტიაში საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზის დაწყებას ემთხვევა, რომელშიც დონალდ ტრამპიც მონაწილეობს.

30 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელზისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო.

ტრამპმა ასეთი ურთიერთობა უარყო და მისმა ადვოკატმა დანიელზს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო. ბრალდების მტკიცებით, ტრამპმა დენიელსს თანხა წინასაარჩევნო კამპანიის ფინანსებიდან გადაუხადა, რაც ნიუ-იორკის შტატში სს დანაშაულია და 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ნიუ-იორკის მოსამართლემ, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მანჰეტენის საოლქო პროკურორის საქმეს ზედამხედველობს, ყოფილი პრეზიდენტი გააფრთხილა, თავი შეიკავოს სოციალურ მედიაში ძალადობის წაქეზების პოტენციალის მქონე პოსტებისგან. ტრამპის ადვოკატმა, ტოდ ბლანშმა განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მკაცრად უპასუხა და იმედგაცრუებული იყო აღნიშნული მოთხოვნით.

ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს, - თქვა ტრამპმა ფლორიდაში დაბრუნების შემდეგ, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. ამბობს, რომ ახლა ქვეყნის გადარჩენის დროა. ამასთან, აღნიშნა, მისთვის ბრალის წაყენება პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ჩვენი არჩევნები დაემსგავსა მესამე მსოფლიოს ქვეყნების არჩევნებს და ახლა ადგილი აქვს მასშტაბურ ჩარევას არჩევნებში, რაც უპრეცენდენტოა და ამ დრომდე არ მომხდარა ამ ქვეყანაში. დაწყებული რადიკალი მემარცხენე სოროსის მიერ მხარდაჭერილი პროკურორით, ელვინ ბრაგით ნიუ იორკიდან, რომლის კამპანიაც იყო აგებული იმაზე, რომ ის დაიჭერდა ტრამპს", - განაცხადა ტრამპმა.

მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ელვინ ბრაგმა პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ნიუ-იორკის შტატის კანონმდებლობით, ბიზნეს ჩანაწერების გაყალბება დანაშაულია.

„ნიუ-იორკის შტატის კანონმდებლობით, დანაშაულია ბიზნეს ჩანაწერების გაყალბება თაღლითობისა და სხვა დანაშაულის დამალვის განზრახვით. ეს არის ზუსტად ის, რასაც ეს საქმე ეხება: 34 ცრუ განცხადებაა გაკეთებული სხვა დანაშაულების დასაფარად. ეს დანაშაულია ნიუ-იორკის შტატში. ვინც არ უნდა იყოთ, ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაქცევთ სერიოზული დანაშაულებრივ ქმედებას ნორმად", - განაცხადა მან.

„რესპუბლიკელი" სენატორი ჯოშ ჰოული აცხადებს, რომ ეს კანონის უზენაესობაზე თავდასხმაა.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი: ტრამპის წინააღმდეგ ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს კანონთან. ეს არის თავდასხმა კანონის უზენაესობაზე. ეს საქმე ეხება ძალაუფლებასა და დემოკრატების გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ იგი ნებისმიერ ფასად", - აღნიშნა სენატორმა.

ტრამპის აქტიური კრიტიკოსი, რესპუბლიკელი სენატორი მიტ რომნიც მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალი პოლიტიკურად მოტივირებულია. აღნიშნავს, რომ ტრამპის ქცევიდან გამომდინარე ის შესაძლოა თანამდებობისთვის შეუფერებელი იყოს, მაგრამ ნიუ-იორკის პროკურორმა გააკეთა ყველაფერი, რათა ბრალდება სს ხასიათის ყოფილიყო, რაც პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი.

„არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ყველა იმსახურებს თანაბარ მოპყრობას კანონის მხრიდან. პროკურორი ქმნის პოლიტიკური ოპონენტების კრიმინალიზების სახიფათო პრეცედენტს, რაც აზიანებს ხალხის რწმენას ამერიკული სასამართლო სისტემის მიმართ", - განაცხადა მიტ რომნიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე