თამთა ჩაჩანიძე
(04.04.2023)

უკრაინის აღმოსავლეთში შეტაკებები გრძელდება, თუმცა ბრძოლოს ინტენსივობა დღეს ისეთი აღარაა, როგორიც თუნდაც ორი კვირის წინ იყო. რუსები ბახმუტის ცენტრში არიან და ცდილობენ უკრაინელები აიძულონ იმ მონაკვეთებზე გავიდნენ, სადაც ქალაქის დაცვა გაუჭირდებათ. თუმცა იქ უკრაინის დამატებითი ძალები შევიდნენ და ქალაქის დაცვას აგრძელებენ მტრის გამოფიტვამდე.

ამის პარალელურად აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელთა დაანონსებული დიდი შეტევის დაწყება დღე-დღეზეა მოსალოდნელი. ამის გამო კი რუსები დიდი თავდაცვისთვის ემზადებიან და დაჩქარებული ტემპით განსაკუთრებით ყირიმში სანგრების და ტანკსაწინააღმდეგო ბარიერების მთელ ქსელს ქმნიან, რომელთა სიგრძე ზოგან 900 მეტრიც კია.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ამის გარდა რუსების საფორტიფიკაციო სამუშაოები ხერსონსა და ზაპოროჟიეშიც მიდის. მდინარე დნეპრის გასწვრივ, მელიტოპოლის და ბერდიანსკის გარშემო კი დამატებითი სანგრები აქვთ გათხრილი.

ბოლო ცნობები ფრონტიდან

ფრონტზე ყველაზე ცხელი წერტილები კვლავაც ბახმუტი და დავდიივკაა. ორიოდე დღის წინ ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა" გაავრცელა ფოტო, რომელზეც, მათი ცნობით, აღბეჭდილია ბახმუტშ ქალაქის ადმინისტრაციის შენობაზე აღმართული „ვაგნერელების" დროშა. რუსული მხარე ამით ამტკიცებს, რომ ქალაქის ცენტრი უკვე მათ ხელშია, თუმცა, სამხედრო მიმომხილველების ნაწილს ამაში ეჭვი ეპარება.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება, უკრაინამ ქალაქის ბოლომდე დაცვა გადაწყვიტა, თუმცა ფრონტზე არცერთი მხრიდან ის აქტიურობა აღარაა, როგორიც ადრე იყო.

„ჯერჯერობით უკრაინელები ყველა მიმართულებაზე თავდაცვაში არიან. ცდილობენ, რომ რუსების შეტევები მოიგერიონ, მაგრამ აქტიურობა, რომელიც თუნდაც ორი კვირის წინ იყო, ძალიან განელდა. რუსების დაანონსებულმა დიდმა შეტევამ ორთქლი დაკარგა და ახლა უკვე ადგილზე იფაფხურებს.

„ახლა უკვე პროპაგანდისტებისა და ყველა სხვა დონეზე იწყებენ საუბარს, რომ უკრაინა შეტევისთვის ემზადება და ხალხს აჩვევენ, რომ ამერიკა უკრაინელების მეშვეობით შეგვიტევს და ომს წავაგებთო.

„რაც შეეხება ბახმუტს, მდინარის აღმოსავლეთ ნაპირი რუსებს აქვთ დაკავებული, უკრაინელები უკვე იქ აღარ არიან. რუსებს ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც გარკვეული პოზიციები ჰქონდათ და შესაძლოა რომელიღაც ადმინისტრაციული შენობა ამ რაიონებში მოჰყვა და აიღეს. მაგრამ ქალაქის ადმინისტრაციის შენობა, რომელზეც თავად ამტკიცებენ ავიღეთო, რუკაზე ვეძებე, ვერ ვიპოვე და რომელ შენობაზეა საუბარი, არ ვიცი.

„უკრაინას არჩევანი ჰქონდა. შეეძლოთ უკან დაეხიათ, ჩასივ იარი-სლავიანსკი-კრამატორსკის ხაზზე გამაგრებულიყვნენ და ბახმუტი დაეტოვებინათ, რადგან რთული დასაცავი იყო. მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, ბახმუტს ბოლომდე იცავენ. თვეზე მეტია გასული და ფაქტიურად, დიდი ცვლილებაც არ მომხდარა.

„უკრაინას შეიარაღება და განსაკუთრებით საბრძოლო მასალები არ აქვს, შეტევაზე რომ გადავიდეს, ამას გაცილებით მეტი რესურსი სჭირდება. ჯერჯერობით გამომფიტავ ომს ვიხილავთ, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს. ყველაზე ბინძური რუსი პროპაგანდისტებიც კი აღიარებენ, რომ დრო ამ ომში უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს", -განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფრონტზე ცხელი წერტილები კვლავ ბახმუტი და ავდიივკაა.

„ცხელ წერტილებად ბახმუტი და ავდიივკა რჩება. რუსები ამბობენ, რომ ბახმუტის ცენტრში შევიდნენ და ქალაქის ადმინისტრაციის შენობაზე დროშაც აღმართეს. უკრაინელები უკან იხევენ დასავლეთისკენ. რუსების მთავარი მიზანია ქალაქის ცენტრალური მრავალსართულიანი კორპუსები დაიკავონ და უკრაინელები აიძულონ, რომ იმ მონაკვეთებზე გავიდნენ, სადაც ქალაქის დაცვა გაუჭირდებათ.

„ბახმუტში ალყა ბოლოდე შეკრული არაა. ფაქტია, რომ უკრაინელები ბოლოდე დაცვას აპირებენ, რადგან დამცველებისთვის შევსებაც შევიდა", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

როგორ ემზადებიან რუსები უკრაინელთა კონტრშეტევისათვის

რუსებმა ანექსირებულ ყირიმში სანგრებისა და ბარიერების მთელი სქელი ააგეს, რასაც რამდენიმე კვირა მოუნდნენ. როგორც „ვაშიონგტონ პოსტი" წერს, კოსმოსური ტექნოლოგიებისა და დაზვერვის კომპანია „მაქსარის" სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ ოკუპანტებმა სიმაგრეები ააგეს მედვედევკას, ვიტინოს, არმიანსკის, მასლოვოს და ოკუპირებული ნახევარკუნძულის სხვა დასახლებებში.

ფოტოებიდან ჩანს, რომ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ რუსებმა ტანკსაწინააღმდეგო ბარიერები მოაწყვეს, საარტილერიო დანადგარები დადგეს და სანგრები გათხარეს. სივაშის ტბის მხრიდან სანგრების მთელი ქსელი ჩანს, რომელთა სიგრძე ზოგან 900 მეტრს აღწევს. აქვე განლაგებულია ტანკსაწინააღმდეგო ბარიერების - ე.წ. დრაკონის კბილების სამი რიგი.

ამავე გამოცემების ინფორმაციით, რუსეთმა ბოლო დროს ყირიმის თავდაცვის გაძლიერება დაახლოებით მარტის პირველი რიცხვებიდან დაიწყეს. მაგალითად, 27 თებერვლით დათარიღებული სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ ოკუპირებული ყირიმის საქსკის რაიონში სანაპირო ზოლი ჯერ კიდევ ცარიელია, ხოლო 12 მარტის ფოტოებში სანგრების მთელი რიგი ჩანს. ახალ ფოტოებში ვიტინოს რაიონის მახლობლად სანგრებში რამდენიმე საარტილერიო დანადგარია დამონტაჟებული.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ რუსები სანგრებს საბჭოთა დროინდელი „ბტმ-3" სწრაფი მოქმედების საინჟინრო მანქანით აკეთებენ, რომელსაც საათში საშუალოდ 80 მ სიგრძის სანგრის გათხრა შეუძლია მაშინაც კი, როცა მიწა გაყინულია. მათივე ინფორმაციით, ყირიმის პრორუსულმა ადმინისტრაციამ სანაპიროზე სანგრების გათხრისთვის ადგილობრივი მოსახლეობაც დაიქირავა და მათ დღეში დაახლოებით 90 დოლარს უხდის.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსები ოპკუპირებული ყირიმის გარდა, დამატებით სანგრებს თხრიან მდინარე დნეპრის გასწვრივ, ასევე მელიტოპოლისა ბერდიანსკის მიდამოებში.

„რუსებს ბევრი სანგრები აქვთ მდინარე დნეპრის გასწვრივ, ასევე მელიტოპოლის და ბერდიანსკის გარშემო. ყველგან თავდაცვისთვის და ომის წაგებისთვის ემზადებიან. თავდაცვის პოზიციები ბევრგანაა, მაგრამ ამ ომში წარმატებას საგნრებით ვერ მიაღწევენ, ამას მოზადებული, გაწვრთნილი ჯარისკაცები სჭირდება, რომელიც რუსებს საკმარისი რაოდენობა არ ჰყავთ თუნდაც თავდაცვითი ოპერაცია რომ აწარმოონ.

„რუსებს რაიმე დიდი რეზერვი, ან რაღაც დიდი დაჯგუფება არ ჰყავთ, რომ სადმე გადაადგილონ. ფრონტზე ძალიან გაწელილები არიან, ვერცერთ მიმართულებას ვერ ტოვებენ - ვერც ყირიმს, ვერც ნოვოკახოვკას, ვერც მელიტოპოლს, ვერც სამხრეთს. ყველა საკვანძო მიმართულებაზე მომზადებული ჯარი სჭირდებათ, რადგან უკრაინელები ყველგან იბრძვიან და რუსებს სიტუაციას ყველგან უძაბავენ.

„ამისთვის რუსებს მომზადებული ჯარისკაცები და ბევრი ტექნიკა სჭირდებათ და საკმარიუსი რაოდენობით არ ჰყავთ, ის კია არა ნელ-ნელა აკლდებათ. ამიტომ წაგებისთვის უნდა მოემზადონ", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი ამბობს, რომ რუსების მხრიდან საფორტიფიკაციო სამუშაოები ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებშიც მიდის.

„ხეროსნში და ზაპოროჟიეში რუსების ფორტიფიკაციული სამუშაოები მიდის. მათ იქ რამოდენიმე ეშელონიანი თავდაცვა აქვთ ორგანიზებული ბეტონით და ხანგრძლივი საცეცხლე წერტილებით. ასე რომ, ამ ტერიტორიების დაცვას აპირებენ.

„რუსებში მუდმივი როტაციაც მიდის და ძალების გადაყვანაც ხდება. ალბათ შესაბამის მიმართულებებსაც გააძლიერებენ", - ანაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე