ნაზი ბერიძე
(23.01.2023)

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები ერთი თვით ადრე -14 მაისს ჩატარდება. ვინ იქნება მოქმედი პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის კონკურენტი ოპოზიციიდან, ეს ჯერჯერობით უცნობია, მის ოპონენტებს კანდიდატურა ჯერ არ დაუსახელებიათ. თუმცა, როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დაძაბული იქნება, რომელიც ერდოღანისთვის ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ყველაზე სერიოზულ გამოცდად განიხილება.

ცნობილია, რომ თავდაპირველად, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივნისს იყო დაგეგმილი. თუმცა, მალევე ერდოღანმა თარიღის შეცვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამის მიზეზი "სეზონური პირობებია", რადგან ივნისში საუნივერსიტეტო გამოცდები იწყება, არის არდადეგები სტუდენტებისთვის და საკურორტო სეზონი.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსს" ერდოღანის მოგების შანსებზე, ოპოზიციის სიმძლავრესა და ამიერკავკასიაში თურქეთის გავლენაზე ესაუბრა.

„ერდოღანს მოგების შანსი აქვს, მაგრამ ვითარება საკმაოდ რთულია. ერდოღანი ჩიხშია: ბევრი ახალგაზრდა მოდის პოლიტიკაში, წარმატებას აღწევენ ოპოზიციის წარმომადგენლები, თურქეთში ოპოზიცია ძალიან ძლიერია და ძალიან ფართოა პოლიტიკური სპექტრი.

"თურქულ პოლიტიკაში არიან როგორც მემარცხენეები, მემარჯვენეები ასევე ცენტრისტები. ძალიან მაღალი კლასის პოლიტიკური კონკურენციაა. ერდოღანს აქვს დიდი გამოწვევა, რადგან, თურქეთი უფრო და უფრო დიდ როლს თამაშობს მსოფლიოში, კერძოდ, ამიერკავკასიაში, აზერბაიჯანის ყარაბაღის კონფლიქტში და ასევე უკრაინის ომში. თურქეთი წარმატებული მედიატორია პოლიტიკური მოლაპარაკების საკითხში. მაგალითად, ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, მკაფიოდ აკონტროლებს ფინეთისა თუ შვედეთის გაერთიანებას ნატოში"-აღნიშნავს ანალიტიკოსი.

როგორც ზაქარეიშვილი განმარტავს, თურქეთი გავლენიანი სახელმწიფოა და თუ როგორ ჩაივლის არჩევნები, მნიშვნელოვანია, რადგან გავლენას მოახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რუსეთი ერევა ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებშიც კი, რათა თავისი კანდიდატი გაიყვანოს. პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ თურქეთის შემთხვევაშიც რუსეთი იგივეს შეეცდება, რათა თურქეთშიც ისეთი არჩევნების შედეგები დადგეს, რომელიც იქნება მისთვის მნიშვნელოვანი.

ანალიტიკოსი ერდოღანის არჩევნების სავარაუდო საიდუმლოს ამჟღავნებს, რაც მოქმედ პრეზიდენტს პირველობის მოპოვებაში დაეხმარება.

„ივნისში იყო დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, ერდოღანმა ივნისიდან მაისშიგადმოიტანა. ამით თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, მაგრამ ის ცდილობს დააბნიოს ოპოზიცია. როგორც ვიცით, თურქეთის ოპოზიცია მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებისა, ირჩევს ერთ კანდიდატს არჩევნებზე წარსადგენად, სტამბულის მერი რომელიც წარდგენილი იყო ოპოზიციურ არენაზე, დააპატიმრეს და ამჯერად სისხლის სამართლის საქმე წარმოებს მერის წინააღმდეგ. ამ ფონზე ერდოღანმა ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი გაუნადგურა, რომელზეც შეთანხმებულები იყვნენ. მთავარია,ახლა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოახერხოს შეთანხმება. ოპოზიციამ სწორედ, ეს რომ ვერ მოახერხოს, ამიტომ გადმოიტანეს არჩევნების თარიღი.

„თუ ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეთანხმდება, შეიძლება გაიმართოს არჩევნების მეორე ტური, სადაც შეიძლება ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვოს. ამიტომ ერდოღანს სჭირდება რამდენიმე კანდიდატი ჰყავდეს ოპოზიციაში, რათა პირველ ტურშივე თვითონ მოიგოს.

როგორი იქნება თურქეთის დამოკიდებულება მეზობელ სახელმწიფოებთან, ანალიტიკოსი თურქეთის პოლიტიკურ კურსზე საუბრობს.

„თურქეთს სჭირდება ძლიერი, ღონიერი და არაპრორუსული საქართველო, იმიტომ რომ თვითონ ძლიერდება შავ ზღვაზე და ბალკანეთში. თურქეთს სჭირდება საქართველო ჰყავდეს როგორც სანდო მოკავშირე, რომლის პოლიტიკური ვექტორი მიდის ნატოში.

„საქართველოს სჭირდება თურქეთში იყოს კარგად გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც შეავიწროებს რუსეთს კავკასიაში ბალკანეთსა და შავ ზღვაზე. როგორც ამერიკის არჩევნები, როგორც ევროკავშირის არჩევნები, თურქეთის არჩევნები ასევე მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის. ის ჩვენი მეზობელია და რეგიონში წამყვანი ძალაა. მას მკაფიო პოლიტიკა აქვს საბერძნეთის კვიპროსისა და ისრაელის მიმართულებითაც" - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე