ბაჩანა ტყემალაძე
(15.01.2023)

„ხ-22 ბურია“ - ამ სახელითაა ცნობილი რუსული წარმოების შორ მანძილზე მოქმედი ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა, რომელმაც უკრაინაში 14 იანვარს, ქალაქ დნიპროში მრავალსართულიანი კორპუსი გაანადგურა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 20-მდე და დაშავდა 73 ადამიანი. ამასთან დაკავშირებით ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას უკრაინაში სერიოზული სკანდალი მოყვა, ქვეყნის სარდლობამ კი აღიარა, რომ „ხ-22“-ების წინაში უძლური არიან.

უკრაინამ არაერთხელ გააკეთა საჯარო განცხადება, რომ უკრაინის საჰერო თავდაცვის სისტემები ძალზე ეფექტურია ზებგერითი „ბურიას“ თავდასხმების მოსაგერიებლად. მათ ისიც კი თქვეს, რომ კიევს სეუძლია ჩამოაგდოს აღნიშნული რაკეტების 90%, მაგრამ გუშინდელმა ტრაგედიამ სრულიად ახალი რეალობა დაანახა საზოგადოებას. 

ამ ყველაფრის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა გააკეთა განცხადება, სადაც ის ადასტურებს, რომ რაკეტა, რომელიც მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა, უკრაინული საჰაერო თავდაცვის მიერ იქნა ჩამოგდებული. არესტოვიჩის სიტყვებმა უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც უკრაინულ, ისე რუსულ მედიებში. იგი რუსების ბარბაროსობის გამართლების მცდელობაში დაადანაშაულეს, რადგანაც არესტოვიჩის სიტყვებიდან გამოდის, რომ საცხოვრებელი კორპუსი არ ყოფილა რუსების დარტყმის სამიზნე.

ამის შემდეგ მალევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ უკრაინელებს ფიზიკურად არ შეუძლიათ მსგავსი ტიპის რაკეტების ჩამოგდება. მეტიც, მათი ცნობით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა 220 ცალი „ხ-22“ ისროლა და უკრაინამ ვერცერთი მათგანის ჩამოგდება ვერ შეძლო. 

ამას „რეზონანსთან“ საუბარში ადასტურებს ქართველი სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაიაც.

„რუსეთმა უკრაინას არაბირთვული სტრატეგიული ტიპის იარაღით დაარტყა, რომლის ჩამოსაგდებად იმ დონის ბირთვული ტრიადაა საჭირო, როგორიც აქვს, მაგალითად, აშშ-ს, საფრანგეთსა და ბრიტანეთს. ეს რუსეთის მხრიდან მორიგი სამხედრო დანაშაულია და ბარბაროსული საქციელია.

„რაც შეეხება არესტოვიჩს, ის არ არის სამხედრო ანალიტიკოსი, ის არც კომპეტენტურია ამ თემაში და, ჩემი აზრით, მას ეს განცხადება შეგნებულად არ გაუკეთებია. ეს მისი მხრიდან უნებლიე საქციელი იყო“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე