რეზონანსი
(07.09.2023)

კრაკოვი სიდიდით მეორე ქალაქია პოლონეთში, რომელიც გთავაზობთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს, გოთურ ეკლესიებს, შუა საუკუნეების ულამაზეს ციხე-სიმაგრეებს, ლამაზ პარკებს და სასიამოვნო კაფეებს. ეს უსაყვარლესი ქალაქი სავსეა საინტერესო აღმოსაჩენი ადგილებით, რომლებიც ერთმანეთისგან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს. ვარშავისგან განსხვავებით, მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში კრაკოვის არქიტექტურა დრამატულად არ დაზიანებულა.

მთავარი ღირსშესანიშნაობები ავთენტურია, თუმცა უმრავლესობა მათგანი ნაცისტური ოკუპაციის სულისშემძვრელ ისტორიებს ინახავს. ქალაქის დათვალიერების საუკეთესო საშუალება ფეხით სიარულია, რადგან საინტერესო ადგილების უმრავლესობა ერთმანეთთან ახლო-ახლოს მდებარეობს.

მახსოვს, საბჭოური იმპერიის პერიოდში ხალხი ტურისტული ჟინის დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა საგზურების საშუალებით და მუდმივი კონტროლის ქვეშ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში გადაადგილდებოდნენ (დასავლეთთან გამყოფი "კედლის" იქით გახედვა განსაკუთრებულად რთული იყო) და ამ შთამბეჭდავად დიდ ტერიტორიაზე სულ რამდენიმე ვარსკვლავური მიმართულება იყო, სადაც ადამიანებს გამორჩეულად სურდათ გამგზავრება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და სასურველი დანიშნულება კრაკოვი იყო.

შემდეგ მოხდა დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები, ომები, გადატრიალებები... და დღეს პოლონეთი უკვე ევროკავშირის აღმოსავლური ფლანგის ლიდერია, ხოლო მისი მშვენება კრაკოვი კიდევ უფრო ღია და ხელმისაწვდომი მარგალიტია ამჯერად უკვე მთელი მსოფლიოსთვის.

სწორედ ამ ისტორიული კატაკლიზმების პერიოდში ჩვენი მუდმივი კავშირი კრაკოვთან მინელდა და დროში ჩაიკარგა კიდეც, მაგრამ ახლა არის ყველანაირი საშუალება, რომ ქართველებმა თავიდან აღმოაჩინონ ეს უმშვენიერესი, ისტორიული შუა საუკუნოვანი ქალაქი. ტრანსპორტირება საკმაოდ მოხერხებულია - ქუთაისიდან პირდაპირი ფრენა კრაკოვამდე. კრაკოვის იოანე პავლე მეორის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რაღაც 11-კილომეტრიანი მონაკვეთი რჩება გასავლელი კომფორტული მატარებლით ქალაქის ისტორიულ ცენტრამდე.

 

კრაკოვის გული

 

დღევანდელი კრაკოვი სიდიდით (მოსახლეობის რაოდენობა 800 ათასამდეა) მეორე ქალაქია დედაქალაქ ვარშავას შემდეგ და მალოპოლსკას რეგიონის ცენტრს წარმოადგენს. 2017 წლის განმავლობაში კრაკოვი 12 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოინახულა! რა იზიდავთ მათ იქ, რა არის მთავარი და ყველაზე გემრიელი კრაკოვში?

მთავარი სანახაობები ესენია: მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქის ისტორიული ნაწილი, სადაც მთავარ მოედანზე (მე-13 საუკუნე) განლაგებულია წმინდა მარიას ბაზილიკა და უძველესი ბაზრობის ადგილი - რინოკ გუვნი, რომლის ქვემოთაც, მიწისქვეშ მდებარეობს ქალაქის ისტორიის მუზეუმი.

ვაველის შემაღლებაზე აღმართული ვაველის სასახლე (მე-11 საუკუნე), რომელიც მდინარე ვისლას გადაჰყურებს, სრულიად პოლონეთისთვის უმნიშვნელოვანესი და წმინდა ადგილია - აქ განისვენებს ქვეყნის მრავალი მმართველი, მეფეები, გმირები, პრეზიდენტები... ასევე აქ ხდებოდა პოლონეთის მონარქთა კურთხევა.

კრაკოვის ისტორიული და უძველესი უბანი კაზიმეჟი ქვაფენილიანი ვიწრო ქუჩებით, პატარა კაფე-ბარებითა და ებრაული სინაგოგებით მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური ოკუპაციისას მრავალი სისასტიკის მოწმე იყო, სწორედ აქ შექმნეს ფაშისტებმა ებრაული გეტო და აქვე მდებარეობს უკვე ლეგენდად ქცეული ოსკარ შინდლერის ქარხანა-მუზეუმი.

კრაკოვთან ახლოს მდებარეობს (ციცქნა ქალაქი ველიჩკა) ველიჩკას ცნობილი მარილის საბადო, მიწისქვეშა მარილის ქალაქი (მე-13 საუკუნე, კოპალნია სოლი ველიჩკა), რომელიც ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და მიწისქვეშ მასშტაბურ სამუზეუმო კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც ადრეულ ეპოქაში უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი იყო ფინანსური შემოსავლების მიმართულებით.

კრაკოვიდან ასევე შესაძლებელია აუშვიც-ბირკენაუს მემორიალისა და მუზეუმის სანახავად გამგზავრება, სადაც გერმანული ოკუპაციის პერიოდში საკონცენტრაციო ბანაკი იყო განლაგებული.

ძალიან მოკლედ, ეს არის ის მთავარი მარგალიტები, რაც აურაცხელ ტურისტებს იზიდავს პლანეტის სხვადასხვა კუთხეებიდან. თუმცა, ვფიქრობ, რომ კრაკოვის ნამდვილ სულს მის ქუჩებში დაუგეგმავი მიმართულებებით სეირნობისას შეიგრძნობთ - თეატრები, მუზეუმები, სხვადასხვა კულტურული ცენტრები, წინასაშობაო ბაზრობები, მწვანე ბაღები, სპორტის სიყვარული, ლურჯი ტრამვაი და აქტიური ახალგაზრდობა ქალაქის რეალურ ატმოსფეროს ქმნიან.

 

ისტორიული ფაქტები

 

სამეფო დედაქალაქი კრაკოვი ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქი პოლონეთში, მისი ძველი ნაწილი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად არის მიჩნელი. იგი მდებარეობს ზემო ვისლას სანაპიროზე მცირე პოლონეთში, დედაქალაქიდან სამხრეთით 250 კმ-ში.

კრაკოვი ისტორიულად იყო ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო, კულტურული და ხელოვნების ცენტრი. 1038 წლიდან 1596 წლამდე იყო პოლონეთის სამეფოს დედაქალაქი და დღესაც მრავალთა მიერ მიიჩნევა ქვეყნის გულად, საკუთარი ათასწლოვანი ისტორიის წყალობით. 1846 წლიდან 1918 წლამდე ეს დასახლება წარმოადგენდა კრაკოვის დიდი საჰერცოგოს ადმინისტრაციულ ცენტრს.

 ქალაქი ასევე მალოპოლსკას ვოევოდინის დედაქალაქია 1999 წლიდან, მანამდე კრაკოვის ვოევოდინის დედაქალაქი იყო მე-14 საუკუნიდან. კრაკოვი ასევე რეგიონისა და საერთაშორისო ტურიზმის ცენტრია.

კრაკოვი მდებარეობს პოლონეთის სამხრეთ ნაწილში და ის გაშენებულია აქ გამავალი მდინარე ვისლის ორივე სანაპირო ზოლში. მდინარე ვისლის სამხრეთით არის კარპატის მთათა სისტემა, თუმცა ამ მიდამოებში მთები მნიშვნელოვანი სიმაღლით არ გამოირჩევა. ჩრდილოეთით არის ტატრის ქედი.

ქალაქიდან სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობს პოლონეთ-ჩეხეთის და პოლონეთ-სლოვაკეთის სახელმწიფო საზღვარი. ხოლო დასავლეთით 230 კილომეტრში პოლონეთ-უკრაინის საზღვარი. ქალაქის სიახლოვეს არის ხუთი ნაკრძალი, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 48.6 ჰექტარს. ამ ყველაფრის გამო აქ ეკოლოგიური გარემო მნიშვნელოვნად შენარჩუნებულია.

ქალაქი ხასიათდება ზომიერი კლიმატით. ქალაქში არსებულ კლიმატზე უდიდეს გავლენას ახდენს ტარტის ქედი, ამის გამო კრაკოვში ხშირად არის ქარიანი ამინდი.

კრაკოვი იყოფა 18 ადმინისტრაციულ ოლქად. თითოეული მათგანი თავისი სტატუსით ჰგავს, პატარა ქალაქს. თვრამეტივე ოლქში არის სპეციალური თვითმართველობა. 1991 წლის მარტამდე ქალაქი დაყოფილი იყო ოთხ თითქმის თანაბარ ნაწილად.

ქალაქის სიახლოვეს აღმოჩენილი უძველესი ნასახლარები ქვის ხანით თარიღდება. კრაკოვის, როგორც დასახლების მოხსენიება ხდება 965 წლიდან, ქალაქის სტატუსი კი მიენიჭა 1257 წელს.

პოლონეთის მეორე რესპუბლიკის არსებობის დროს აქ გაიხსნა რამდენიმე ახალი უნივერსიტეტი, კრაკოვი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კულტურულ როლს ასრულებს ქვეყნის ცხოვრებაში. ქალაქში მცხოვრებთათვის განსაკუთრებით რთული იყო გერმანელების მმართველობის პროცესი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ამ ტერიტორიიდან მრავალი ებრაელი გადაიყვანეს სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში, მათი უმრავლესობა მოხვდა ოსვენციმში.

 

ალექსანდრე ანდრიაძე

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე