რეზონანსი
(17.06.2023)

ზესტაფონის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლამ, რომელიც არსებობის 90 წელს ითვლის, კომპოზიტორ კახა ცაბაძეს უმასპინძლა. ეს იყო გემოვნებიანი, მაღალი რანგის მელოდიური ჰანგებით გაჯერებული, ემოციურად დატვირთული საღამო. სკოლის მოსწავლეთა ბავშვური გულწრფელობით შესრულებულმა ნაწარმოებებმა და ზოგადად კონცერტმა სიამოვნება მიანიჭა დარბაზში მყოფ სხვადასხვა კატეგორიის მსმენელს. 

კომპოზიტორ კახა ცაბაძის საბავშვო რეპერტუარი სამუსიკო სკოლის ყველა ასაკის მოსწავლისთვის გახლავთ ხელმისაწვდომი. „პირველი ნაბიჯები“, „ღიმილები’“, „ჩემს ნორჩ მეგობრებს“, „ზღაპრის გმირები“, მინი კონცერტები და კონცერტინოები, სავიოლინო პიესები,- ეს ის ნაწარმოებებია, რომელიც ხალისით ისწავლეს და შემდეგ კომპოზიტორის წინაშე წარმოადგინეს პატარებმა.  ასეთი ცოცხალი შემოქმედებითი ურთიერთობები და შეხვედრები დიდი მოტივაციაა როგორც ბავშვებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის.

თინა თუთბერიძე (სამუსიკო სკოლის დირექტორი): კომპიზიტრო კახა ცაბაძის შემოქმედება გამოირჩევა მელოდიურობით, ქართული სულით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი პატარა შემსრულებლებისთვის გაგვეცნო კომპოზიტორი და მიგვეცა შესაძლებლობა, შეესრულებინათ მისი საბავშვო რეპერტუარი. კომპოზიტორთან ურთიერთობამ კმაყოფილი დატოვა არა მარტო მოსწავლეები, არამედ მაყურებლებიც. ეს იყო დაუვიწყარი დღე პატარა შემსრულებლებისთვისაც, რომლებმაც ბევრი კომპლიმენტი მიიღეს ავტორისაგან. მადლობა ბატონ კახას ამ სიამოვნებისთვის!

ყოველთვის ვცდილობთ, ახალ გამოწვევებთან ერთად, შევინარჩუნოთ და განვაახლოთ ძველი შემოქმედებითი აქტივობები. ქართველ კომპოზიტორებთან შეხვედრების ტრადიციაც ჯერ კიდევ წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როცა სამუსიკო სკოლის ყოფილმა პედაგოგმა, მთვარიდა ყიფიანმა პირველი შეხვედრა მოუწყო კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანს.  შემდეგ სხვადასხვა წლებში მოვიწვიეთ კომპოზიტორები: სულხან ცინცაძე, შოთა მილორავა, ვაჟა აზარაშვილი, მარიკა კვალიაშვილი, ნუნუ გაბუნია, ნუნუ დუღაშვილი,  მაცაცო სებისკვერაძე, რომელიც  ჩვენი სკოლის საამაყო აღზრდილია, რუსუდან ხორავა. მოხარული ვარ, რომ ჩვენთვის უძვირფასეს სტუმართა კოჰორტას ბატონი კახა ცაბაძე შეემატა.

შორენა თურქაძე (პედაგოგი): სასამოვნო ემოციებით დატვირთული დღე გვაჩუქა სულით მდიდარმა და თავმდაბალმა კომპოზიტორმა კახა ცაბაძემ. მის მიერ შესრულებული სიმღერები იყო მსმენელისთვის სიყვარულით გადაშლილი გული, რომელმაც გულგრილი არავინ დაგვტოვა. რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა ნაწარმოებებმა კი აღაფრთოვანა კომპოზიტორი. ეს დღე დიდხანს დარჩება მუსიკალური ზესტაფონის მეხსიერებაში. 

თამარ მალაღურაძე  (V კლასის მოსწავლე, პედ. ნინო წერეთლის კლასი):  მე შევასრულე კახა ცაბაძის ერთნაწილიანი საფ-ნო  კონცერტინო №3. თავიდან თითქოს მარტივად მომეჩვენა ნაწარმოების ფაქტურა,  საკმაოდ მოკლე ხანში გავარჩიე და ვისწავლე.  თუმცა, მუშაობის პროცესში გამოჩნდა როგორც ტექნიკური, ასევე მუსიკალური სირთულეებიც. პედაგოგთან და აკომპანიატორ სოფიო ხუციშვილთან ერთად ყველაფერი დავძლიეთ. საბოლოოდ, ძალიან აზარტული ნაწარმოები აღმოჩნდა: ტემპით, ხასიათით, შუა ნაწილის ლამაზი მელოდიით, ბოლოსკენ ცოტა ჯაზის ელემენტებით და საზეიმო ფინალით. ჩემთვის სასურველ მუსიკად იქცა. კონცერტზე აპლოდისმენტებიც  დავიმსახურე. ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა კომპოზიტორმა შემაქო და ნოტზე ავტოგრაფი გამიკეთა: „ამ კონცერტინოს პირველ შემსრულებელს მადლობა“,  რაც ნამდვილი სიურპრიზი იყო ჩემთვის და ჩემი მასწავლებლისთვისაც. 

ნუცა ბუცხრიკიძე  (VII კლასის მოსწავლე, პედ. თეა მიქაბერიძის კლასი): კახა ცაბაძის სიმღერა ,,სულხან-საბას ლოცვა რომში’’ ძალიან ემოციური და შინაარსობრივად დატვირთულია. პედაგოგთან ერთად ვეცადეთ, რომ ბოლომდე გამეაზრებინა ტექსტი და მუსიკა. ძნელია, როცა სიმღერის ავტორი გისმენს და  უნდა მოაწონო მის მიერ შექმნილი ნაწარმოები. თუმცა, დარბაზის რეაქციამ და ბატონი კახას ღიმილმა, შემდეგ კი მისმა შექებამ დამარწმუნა, რომ  მე ეს შევძელი!  მეორე სიმღერაც შევასრულე ანსამბლ ,,ბერმუხასთან ‘’ ერთად. ვთვლი, რომ ძალიან ლამაზია კახა ცაბაძის სასიმღერო მელოდიები და მაქვს სურვილი, მომავალშიც ვიმღერო მისი სიმღერები. მით უმეტეს, რომ კომპოზიტორთან შეხვედრამ და ჩემი ვოკალის  დადებითმა შეფასებამ მეტი სტიმული მომცა.  მადლობას ვუხდი კახა ცაბაძეს ჩემ მიმართ გამოჩენილი დიდი სითბოსა და ყურადღებისათის, რაც არასოდეს დამავიწყდება! 

ნიკოლოზ ალავიძე (IV კლასის მოსწავლე, პედ. ნინო ბოჭორიშვილის კლასი): დღევანდელი კონცერტს მოუთმენლად ველოდი. ვღელავდი, რადგან ძალიან სახასიათო პიესა, „წვიმა“ უნდა შემესრულებინა. განსაკუთრებით ვეცადე გადმომეცა გრუხუნის იმიტაცია. შემდეგ წკაპუნა წვეთები, ოდნავ ქარნარევი და ბოლოს კოკისპირული წვიმა, ბოლოს გრუხუნი,  და ნელ-ნელა გამქრალი წვეთები...

გარინდული დარბაზიდან მომესმა კომპოზიტორის „ყოჩაღ!“ და შემდეგ დიდი ოვაციები. ეს არის ყველაზე გამოუთქმელი განცდა ჩემთვის. სცენაზე მალევე დავბრუნდი და ამჯერად შევასრულე კონცერტინო, სულ სხვა ხასიათის ნაწარმოები, თუმცა, ისიც ხალისიანი, სავსე ქართული ინტონაციებით.... დაუვიწყარი საღამო იყო, კომპოზიტორის წინაშე მისი ორი ნაწარმოები შევასრულე!  მიხარია, გამომივიდა...

კახა ცაბაძე (კომპოზიტორი): უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექციას და პედკოლექტივს ასეთი მაღალი რანგის კონცერტისათვის. ეს სკოლა გამორჩეულია დიდი პატრიოტიზმითა და ქართული მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით, რასაც დიდი ხნის ტრადიცია აქვს. ამ მხრივ სკოლის დირექციასა და პედაგოგებთან ერთად უდიდესია ქალბატონ მთვარიდა ყიფიანის დამსახურება.

საკმაოდ სასიამოვნო იყო ჩემთვის იმის ნახვა, რომ პედაგოგებს სწორად აქვთ მოსწავლეთათვის შერჩეული ნაწარმოებები. ასაკობრივი ნიუანსების გათვალისწინება ეს არის ამოსავალი, რაც ერთი მხრივ კომპოზიტორის ჩანაფიქრის სწორად გაგებას და მეორე მხრივ მოსწავლეთათვის  ნაწარმოების წარმატებულ შესრულებას უწყობს ხელს.

ძალიან გავიხარე, როცა სცენაზე ვნახე ნუცა ბუცხრიკიძე, რომელმაც შესრულების გამორჩეული მანერით თავი დამამახსოვრა ერთ-ერთი კონკურსიდან. ნუცამ ჩემი ძველი სიმღერა შესასრულა, რომელსაც თამრიკო გვერდწითელი მღეროდა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სკოლას, მის დირექტორს ქალბატონ ლალი თუთბერიძეს, პედკოლექტივს, მოსწავლეთა მშობლებს, რაიონის ხელმძღვანელობას გულთბილი დახვედრისა და დაუვიწყარი ემოციებისათვის...

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე