ია აბულაშვილი
(19.05.2023)

ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობაში საქართველოს ოდითგანვე წამყვანი როლი ეკავა, რის შესახებაც ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის არაერთი ისტორიული ძეგლი. ირკვევა, რომ საქართველოს მე-11-მე-12 საუკუნეებში დიპლომატიური კავშირი დამყარებული ჰქონდა დაახლოებით 40 ქვეყანასთან და ვაჭრობდა კიდეც. ისტორიკოსები ამბობენ, რომ ამ ეპოქაში საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობას სტიქიური ხასიათი არ ჰქონდა, შემუშავებული იყო ეკონომიკური სტრატეგიაც და პერსპექტივაც. საგარეო ურთიერთობას აგვარებდა მეჭურჭლეთუხუცესი.

ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობაში საქართველოს მონაწილეობა კარგად ჩანს თხზულებიდან „გზამკვლევი სამოთხისა ედემიდან რომაელებამდე," რომელიც არსებობს ქართულ და ბერძნულ ენებზე. მე-12 საუკუნეში საქართველოში შემოვიდა იტალიური სავაჭრო კაპიტალი, გამოჩნდა ვენეციური ოქროს დუკატები, რომელიც ყველაზე მყარი ვალუტა იყო მაშინდელი ევროპის მასშტაბით. მე-12 საუკუნიდან ჯერ - გენუელები, შემდეგ კი ვენეციელები მტკიცედ იკიდებენ ფეხს შავ ზღვაზე.

იტალიელებს შემოჰქონდათ მარილი, ხმელი თევზი, იარაღი, სამკაულები, სანელებლები; ნორვეგიიდან და დანიიდან შემიოდიოდა ქარვა; ბიზანტიიდან შემოჰქონდათ აბრეშუმი, სპილოს ძვალი, ძვირფასი თვალ-მარგალიტი, ბერძნული ბროლი, საეკლესიო ნივთები, ხატები და კამარანი; ბაღდადიდან - თათრული აღვირები, სადაფით შემკული, ზარდახშები, ოქროს ზოდები - „ზარაქანები," ძვირფასი თვლები - ლალი, იაგუნდი, ფირუზი, სადაფი.

საქართველოდან გაჰქონდათ აბრეშუმი, ხალიჩები, ვერცხლისწყალი, ოქროქსოვილები, ბზა, თაფლი, ცვილი, ღვინო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე