ელზა პაპოშვილი
(02.04.2024)

 სასტიკი მკვლელობა სამტრედიაში - ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი 29 წლისაა. მას ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაადეს ხელბორკილები. მკვლელობა სამტრედიაში, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ სიტყვიერი ურთიერთდაპირისპირება უძღოდა. კონფლიქტის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახი ქირით ცხოვრობდა და მათთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.   

საქმის მასალების თანახმად, ქალმა 36 წლის ქმარი ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. 

„რა მოხდა, რა გახდა კამათის მიზეზი არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ პოლიცია და სასწრაფო მოვიდა. სავარაუდოდ, თავად ქალმა გამოიძახა. კონფლიქტი ჰქონდათ თუ არა მანამდე, ან რა ხდებოდა, არ ვიცით. 

„ახალი გადმოსულები არიან სამეზობლოში, აქ ქირით ცხოვრობდნენ. არავისთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. ამიტომ რა გახდა ამ დაპირისპირების მიზეზი არავინ იცის. პოლიცია მოვიდა და იქიდან გავიგეთ. ქალი სახლშივე დააკავეს. სავარაუდოდ, თავადვე თქვა, რომ ქმარი მოკლა. ჭრილობები დანით აქვს მიყენებულიო. კაცი უკვე გარდაცვლილი იყო“, - ამბობს მეზობელი „რეზონანსთან“. 

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ნ.ხ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს” - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე