ნატალია ჯვარიძე
(31.03.2024)

საქართველოში უკვე ზედიზედ 4 წელია სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა, რომელმაც უშუალოდ სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის გარდა, ზოგადად მოსახლეობაში იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემები ასეთია:

2020 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 46 520 იყო, ხოლო გარდაცვლილთა რიცხოვნობა - 50 537; სხვაობა - 4 017.

2021 წელს დაბადება - 45 946 და გარდაცვალება - 59 906; სხვაობა - 13 960.

2022 წელს დაბადება - 42 319 და გარდაცვალება - 49 118; სხვაობა - 6 799.

2023 წელს დაბადება - 40 214 და გარდაცვალება - 42 756; სხვაობა - 2 542.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციალური ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ სიტუაცია ნორმალურად წავიდა არ არის გამორიცხული, რომ შობადობა 60 000-მდეც კი ავიდეს, თუმცა ეს ნაკლებად მოსალოდნელია.

„სამწუხაროდ, წინა წლებთან შედარებით შობადობა ნაკლებია სიკვდილიანობაზე. ამის მიზეზი ძირითადად კორონავირუსი და სხვა ინფექციებია, რომელმაც ბოლო 4 წელიწადში იჩინა თავი. ადამიანების იმუნიტეტი იმდენად დაასუსტა, რომ სიკვდილიანობა გაიზარდა.

„რთულია წინასწარ განსაზღვრა, თუ რა გველოდება მომავალში. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგ წლებში, თუ ყველაფერი ნორმალურად წავიდა, შესაძლოა, შობადობის კოეფიციენტი გაიზარდარდოს და 60 ათსამდე ავიდეს. თუმცა, დღევანდელი ტენდენციიდან გამომდინარე, უფრო მოსახლეობის კლებაა მოსალოდნელი", - განაცხადა ავთანდილ სულაბერიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე