ელზა პაპოშვილი
(06.02.2024)

41 წლის ქართველი ჯარისკაცის ბურუსით მოცული გარდაცვალება შესაძლოა განზრახ მკვლელობა აღმოჩნდეს, რომელიც შემდეგაც თვთმკვლელობა იქნა გათამაშებული. როგორც ირაკლი აფრიამაშვილის ოჯახი ამბობს, მას გორის რაიონის სოფელ ახალშენში 5-მა სამხედრომ სასტიკად სცემა და შემდეგ, თვითმკვლელობის ინსცენირებისთვის, ცხედარი ამავე სოფლის ტყეში ხეზე ჩამოკიდეს. მათ ეჭვი აქვთ, რომ სამხედრო ცემაში შემოაკვდათ. 

ოჯახი ამბობს, რომ მის სუიციდთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს და თვითმხილველმა, რომელმაც ის ხეზე ჩამოკიდებული იპოვა, სავარაუდოდ, ამბავი მოიგონა. მათი აზრით, ის არის თვითმხილველი მომხდარი დანაშაულის და ფაქტს მალავს. მათივე ცნობით, ირაკლი აფრიამაშვილი საკმაოდ მაღალი და ტანსრული მამაკაცი იყო. შესაბამისად, გამოძიებამ უნდა ჩაატაროს ექსპერიმენტი, თუ როგორ შეიძლება ხის იმ პატარა ტოტზე მას თავის ჩამოხრჩობა მოეხერხებინა. 

ასევე ცხედარს საკმაოდ თვალში საცემი დაზიანებები აღენიშნებოდა სახესა და სხეულზე. გარდა ამისა, სამხედროს, რომელიც ზამთარში ტყეში ფეხით წავიდა თავის მოსაკლავად, ფორმა დასვრილი არ ჰქონდა და ტალახის მიუხედავად, მისი ფეხსაცმელები სრულიად სუფთა იყო. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ადგილამდე იგი ავტომობილით მიიყვანეს. 

„ეს მოხდა სოფელ ახალშენის ტყეში, სადაც 41 წლის ქართველი ჯარისკაცი იპოვეს. ის ამ სოფელში გადმოვიდა საცხოვრებლად, იყიდა ბინა და მის გაკეთებას აპირებდა. გარშემო მჭიდროდ არ ცხოვრობენ მეზობლები. მათ სახლებს შორის მანძილი შორია. ამიტომ რთული თვითმხილველის პოვნა, ვინც დაინახავდა რა მოხდა. 

„თუმცა, ამბობენ, რომ მასთან თვითმკვლელობამდე 5 სამხედრო მივიდა. სახლში უქეიფიათ. ეს ხდება დაახლოებით 10 იანვარს. ამბობენ, რომ ეს ბიჭი ცემეს ეჭვიანობის ნიადაგზე. ვიღაცას წერდაო და ამის გამო მოსვლია სხვა ჯარისკაცთან კონფლიქტი. ეს დანარჩენები ეხმარებოდნენ თუ რა მოხდა, არავინ იცის. მერე წავიდა და თავი მოიკლა? ესეც ხომ დასადგენია. იქნებ საერთოდ მოკლეს? ოჯახი ასე ამბობს, რომ მას მოსაკლავი თავი ნამდვილად არ ჰქონდა“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

ოჯახი კი ამბობს, რომ გარდაცვლილს სხეულზე ნაჭდევები, სისხლჩაქცევები და ნაკაწრები ეტყობოდა. მათივე ცნობით, გარდაცვლილს ათობით მძიმე დაზიანება სახეზე და მთელს სხეულზე ჰქონდა მიყენებული.

ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა მუხლის გადაკვალიფიცირება. სავარაუდოდ, პოლიციამ უკვე იცის იმ პირების ვინაობა, რომლებიც სამხედროსთან სტუმრად იყვნენ. 

ირაკლი აფრიამაშვლი რომ გარდაცვალებამდე ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი იყო, ამ ვერსიას, ოჯახის მტკიცებით, კიდევ ერთი გარემოება ამყარებს. მათი თქმით, საქმის მასალებში დევს ოთახის ჩუსტები, რომელიც პოლიციამ ეზოში იპოვა. სავარაუდოდ, გარდაცლილი მოძალადეებისგან თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა.

„როგორც ამბობენ, ირაკლი აფრიამაშვილთან 10 იანვარს, როცა ისვენებდა, ამავე სოფლელი ბიჭი მისულა, ჯარისკაცი ბექა შაშმილოვი. სავარაუდოდ, ალკოჰოლი მიიღეს. მოულოდნელად აფრიამაშვილს სახლში კიდევ 4 სამხედრო გამოჩნდა. მათ შორის იყო ჯარისკაცი, რომელსაც გარდაცვლილ სამხედროსთან დიდი დაპირისპირება ჰქონია. დაუპატიჟებელი სტუმრების გამოჩენას, როგორც ჩანს, აფრიამაშვილის სახლში დაპირისპირება მოჰყვა. აი ამ დროს არის რაღაცა უბედურება დატრიალებული. არსებობს ეჭვი, რომ მას თავში რაღაც ჩაარტყეს და შემოაკვდათ“, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე