ელზა პაპოშვილი
(05.02.2024)

უმძიმესი დანაშაული იმერეთში - ირკვევა, რომ 17 წლის გოგონა საკუთარ მამას, 2 წლის განამვლობაში სისტემატიურ გაუპატიურებაში სდებს ბრალს. ამ საზარელი ამბის შესახებ კი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გოგონა საავადმყოფოში მიიყვანეს და მან ნაადრევად იმშობიარა. ჩვილი დაიღუპა, თუმცა გოგონამ ექიმებს უამბო, რომ ის საკუთარი მამის მხრიდან გაუპატიურების მსხვერპლია.   

მოზარდი ამბობს, რომ მას ამ ამბის ვინმესთვის მოყოლის ეშინოდა, რადგან ის მისი დაძმის და დედის მოკვლით ემუქრებოდა. 7-შვილიან ოჯახში მეზობლებისთვის საეჭვო არაფერი ყოფილა და ისინი გაგებული ამბით შოკირებულები არიან. მათი თქმით, ისიც კი არ იცოდნენ, რომ გოგონა ორსულად იყო. ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც გოგონა საავადმყოფოში წაიყვანეს და ამის შემდეგ სახლში პოლიცია მივიდა. კაცი დააპატიმრეს და წაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ოჯახის წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით დაიწყო. დაკავებულ კაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

„არავინ საერთოდ არავინ არაფერი იცოდა. მრავალშვილიან ოჯახში თუ ეს საზარელი ამბავი მართლა ხდებოდა ვინ წარმოიდგენდა. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომლის შესახებაც სოფელმაც და მეზობლებმაც მაშინ გავიგეთ, როცა სახლში პოლიცია მოვიდა. არც ის ვიცოდით, რომ ბავშვი იყო ორსულად. ის ახალი წლების შემდეგ, მართლა არ დაგვინახია. 

„ეტყობა გამოსვლას ერიდებოდა სახლიდან თუ რა ხდებოდა არ ვიცით. ან დედამ ვერ შეამჩნია რომ რაღაცა ხდებოდა. ბავშვი თუ ორსულად იყო, როგორ ვერ მიხვდა გაგიჟებულები ვართ. ბავშვი საავადმყოფოში წაუყვანიათ, მუცელი რომ ასტკიებია. ექიმებმა ნახეს, რომ ორსულად იყო. ჩვილი დაღუპულა, ნაადრევი მშობიარობა ყოფილა. ამ კაცს ვიცნობთ, მსგავს ამ კაცზე,   აზრად ვინ გაივლებდა. ამის ჩამდენი თუ არის, ვინ მოიფიქრებდა. გასარკვევია ყველაფერი. არ ვიცით ბავშვი ტყუის თ მართალს ამბობს, პოლიციამ უნდა გაარკვიოს“,-ამბობს მეზობელი „რეზონანსთან“ 

სკოლის ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს. მათივე თქმით, იმ პერიოდში, როდესაც გოგონა სკოლაში დადიოდა, მოზარდზე ძალადობა არ შეუნიშნავთ. 

"დღეს შევიტყვე ეს ამბავი და ძალიან განადგურებულები ვართ. არ ვიცი, საშინელი ფაქტია... გასულ წელს დაამთავრა სკოლა. არც სკოლამ და არც რესურსცენტრმა არ იცის არანაირი ინფორმაცია. ბავშვი ძალიან კარგი მოსწავლე იყო, აქტიურად დადიოდა სკოლაში. არც მოსწავლეებს, არც მეგობრებს, არც მასწავლებლებს არაფერი მსგავსი არ შეუნიშნავთ. არც მას არაფერი არ უთქვამს სკოლაში, სწავლის პერიოდში. როგორც ვიცი, სწავლის პერიოდში არაფერი მსგავსი არ ხდებოდა," - აღნიშნეს რესურსსცენტრში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე