რეზონანსი
(04.02.2024)

ბოლო დროს ხელოვნურ ინტელექტის, იგივე AI,-ის ძალიან ბევრი განმარტება გამოჩნდა. პირველად ეს ტერმინი 1955 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ მაკარტმა გამოიყენა და ახსნა, რომ ეს არის პროგრამა ან კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია იაზროვნოს ისე, როგორც ადამიანმა და მიიღოს ლოგიკური გადაწყვეტილებები. ხოლო მის გაჩენასთან და განვითარებასთან ერთად გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა ხელოვნურმა ინტელექტმა წაართვას ადამიანებს სამუშაო ადგილები. 

ChatGPT ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი უახლესი ტექნოლოგიაა, იგი უფრო მეტად ალაპარაკდა იმაზე, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ჩაანაცვლოს სხავადასხვა პროფესიი ადამიანები, პირველ რიგში მასწავლებლები, თუმცა ეს მხოლოდ მოსაზრებაა და არსებობს საპირისპირო აზრიც - რომ შესაძლოა მან პირიქით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყოს ხელი.

პენსილვანიისა და ნიუ-ორკის უნივერსიტეტების ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევები, რომლის მიხედვითაც ახალი ტექნოლოგიები ყველაზე მეტად ტელემარკეტოლოგებს და მასწავლებლებს დააზარალებს, თუმცა მისი გავლენა შრომის ბაზარზე ბევრი სხვა მიმართულებითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.

„ხელოვნური ინტელექტის გავლენა შრომის ბაზარზე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. ის აქტიურად გამოიყენება გაუმჯობესებული სამძებრო სისტემის როლში ინფორმაციის შეგროვების, ტექსტების „შავი“ აკრეფისა და გარკვეულ სტილში ტექსტის შესაქმნელად. ეს მრავალ პროფესიაში და სფეროში შეიძლება გამოიყენებოდეს.  პედაგოგთა შორის ყველაზე მეტად ენის და ლიტერატურის სპეციალისტები, ასევე ისტორიის, სამართლის, ფილოსოფიის, რელიგიის, სოციოლოგიის, პოლიტოლოგიის და ფსიქოლოგიის ექსპერტები დაზარალდებიან. მაგრამ სრულად ამ პროფესიებში მომუშავე ადამიანებს ის ვერ ჩაანაცვლებს - სასწავლო მასალები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, მაინც ადამიანმა უნდა შექმნას და ამაში, ბუნებრივია, შესაბამისი სფეროების წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. გარკვეული ამოცანები ავტომატურ რეჟიმში გადავა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველა ჩვენს ამოცანას შეასრულებს“, - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ლაურა ნურსკიმ.

„ტესლას“ დამდუძნებელმა ილონ მასკი გასულ წელს გამოქვეყნებულ თავის ღია წერილში გამოვიდა მოწოდებით, რომ შეაჩერონ დიდი ხელოვნური ინტელექტის ექსპერიმენტები, რადგან მან შეიძლება ღრმა საფრთხე შეუქმნას საზოგადოებასა და კაცობრიობას. აღსანიშნავია, რომ მის ამ მიმართვას 1000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს და მათ შიროს ბევრი ის სპეციალისტიც, ვისაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში დიდი წვლილი¬ აქვთ შეტანილი.

„მძლავრი სისტემები მხოლოდ მაშინ უნდა განვითარდეს, როდესაც დავრწმუნდებით, რომ მათი ეფექტი დადებითი იქნება, რისკი კი მართვადი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის კონკურენტი ხელოვნური ინტელექტი შეიძლება კაცობრიობის საწინააღმდეგო სერიოზულ რისკებს შეიცავდეს. ის შესაძლოა უკვდავ დიქტატორადაც იქცეს. ისტორია იცნობს არაერთ დიქტატორს, მაგრამ ისინი მოკვდავი იყვნენ“, - ამბობს მასკი.

როგორც ტექნოლოგიების ექსპერტმა კრის მესინამ აღნიშნა, ისეთი პროფესიები, რომელიც სამართალსა და ბუღალტერიას უკავშირდება, შესაძლოა საერთოდ გაქრეს. სავარაუდოდ  ხელოცნური ინტელექტი უამრავ კორპორატიულ ადვოკატს ჩაანაცვლებს. თუმცა ეს ყველა ვარაუდია და ძნელია ზუსტად პროგნოზირება, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში.

ხელოვნურ ინტელექტს აქვს ბევრი დადებითი მხარეც. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა არის განმეორებადი ამოცანების ავტომატიზირების უნარი და ისეთი დავალებების შესრულება, რომლებიც, როგორც წესი, ადმაინებისთვის საკმაოდ შრომატევადი და მოსაწყენია. ამგვარმა ტექნოლოგიებმა შესაძლოა ბევრი დრო დაუზოგონ ადამიანებს, რათა ისინი ფოკუსირდნენ უფრო კრეატიულ და სრულყოფილ სამუშაოზე. 

გარდა ამისა, AI-ს შეუძლია შეამციროს ტრავმის ან სიკვდილის რისკი გარკვეულ ინდუსტრიებში. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელია ქარხნებში აღჭურვილობის მონიტორინგისა და უსაფრთხო სამუშაო პროცესის უზრონველსაყოფად, ან სამედიცინო მონაცემების გასაანალიზებლად, რათა დაეხმაროს ექიმებს დაავადების დიაგნოსტირებაში.

ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთი უპირატესობა არის დიდი რაოდენობით მონაცემების სწრაფად და ზუსტად დამუშავებისა და ანალიზის უნარი. ეს შეიძლება იყოს განსაკუთრებით სასარგებლო ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფინანსები, სადაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელია შაბლონების დასადგენად და ბაზრის ტენდენციების შესახებ პროგნოზების გასაკეთებლად. 

გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელია მომხმარებელთა მომსახურების გასაუმჯობესებლად, პერსონალიზებული რეკომენდაციებისა და მხარდაჭერის მიწოდებით.

საბოლოო ჯამში ექსპერტები თანხმდებიან, რომ ხელოვნური ინტელექტი სრულად ვერ ჩაანაცვლებს ადამიანს, თუმცა ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს მას.

2020 წელს იაპონიასა და აშშ-ში ჩატარადა ონლაინ გამოკითხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით. 670 ონლაინ მყიდველს ჰკითხეს - ცოცხალ ადამიანთან ურთიერთობა ურჩევნიათ, თუ ხელოვნურ ინტელექტთან. ნაწილმა ჩათვალა, რომ  ხელოვნური ინტელექტი უფრო სწრაფად, სადღეღამისო რეჟიმში და ობიექტურად გასცემს პასუხს მათ შეკითხვებს, მაგრამ მეორე კატეგორია ფიქრობს, რომ ადამიანი მაინც უფრო ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.

ნატალია ჯვარაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე