ელზა პაპოშვილი
(03.02.2024)

ერთ ღამეში არასრუწლოვნებმა თბილისში რამდენიმე მაღაზია გაძარცვეს. გაქურდულია სუპერმარკეტები და ალკოჰოლური სასმელის მაღაზიები.  ხელწერა ყველგან იდენტურია. როგორც მაღაზიის თანამშრომლები ყვებიან, მოზარდები საკეტებს სწრაფად ხსნიან, სალაროებს ასუფთავებენ და გარბიან. მაღაზიის სათვალალო კამერებში კარგად ჩანს, რამდენიმე ბავშვი როგორ სწრაფად იჭრება მაღაზიებში, ძარცვავენ მას და ტერიტორიას სირბილით ტოვებს. 

ძარცვა მოხდა ბარნოვის და კეკელიძის ქუჩებზე, ასევე გლდანში. სავაჭრო ობიექტების მფლობელები ზარალს ითვლიან და კამერების ჩანაწერებს ათვალიერებენ. კადრებში კი ჩანს, რომ მოზარდები კარგად არიან დახელოვნებული ქურდობაში. სავარაუდოდ, ისინი მსგავს დანაშაულს სისტემატიურად სჩადიან. 

მაღაზიის მეპატრონეები ამბობენ, რომ მსგავსი რამ თვეში რამენჯერმე მეორდება და თანაც, სხვადასხვა უბანში ძარცვა ერთმანეთის პარალელურად ხდება. ამიტომ მათ აქვთ ეჭვი, რომ ბავშვებს კარგად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი მართავს. ისინი მოზარდებს მითითებებს აძლევენ, თუ სად, როდის და როგორ გაძარცვონ. 

ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი „რეზონანსთან“ ყვება, რომ მათი მაღაზია გასული წლის განმავლობაში 4-ჯერ გაძარცვეს. 

„ბავშვები ძარცვას ძირითადად გამთენიისას იწყებენ. ეს არის არასრულწლოვნების დაჯგუფება. ისინი კარგად არიან ორგანიზებული და ზუსტად იციან, როდის  და სად უნდა შევიდნენ. რა უნდა წაიღონ და როგორე დატოვონ ტერიტორია ძალიან სწრაფად. 

„წაიღეს  ელექტროსიგარეტების სტენდები და ელექტროსიგარები, რომლებიც მერე უკვე გამომძიებლებმა ბარნოვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაყრილი იპოვეს. ძირითადად, როცა პოლიციის გამოძახება ხდება, მოვლენ და უბრალოდ ათვალიერებენ. ასე, ფორმალური სახე აქვს ამ ყველაფერს. 

„კამერებით მარტივია თუნდაც  მათი ამოცნობა, მაგრამ ამასაც არავინ აკეთებს - კანონია ასეთი და რა აზრი აქვსო. ჩვენთვის არაფერი იცვლება და ამას აქვს პერმანენტული ხასიათი. ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არასრუწლოვნები კარგად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფებისგან არიან ორგანიზებული. ცნობილია, რომ უკვე ციხეებიდანაც ავალებენ ამ ბავშვებს, იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ დაუსჯელობის სინდრომია“, - ამბობს მაღაზიის მეპატრონე.

დანაშაულების ადგილებზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა, თუმცა, უცნობია მოხდება თუ არა არასრუწლოვნების იდენტიფიკაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე