თამთა ჩაჩანიძე
(01.02.2024)

მწერალი ლაშა ბუღაძე „ფორმულას" უპირისპირდება, ის უპასუხისმგებლოს უწოდებს ტელეკომპანიის საგანგებო განცხადებას, სადაც მენეჯმენტი იმ მიზეზებს ხსნის, რის გამოც დაიხურა გასართობი გადაცემები. „ფორმულა" თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის, რეორგანიზაციის მიზეზად არხი ფინანსურ საკითხებს და ქვეყანაში მედიის მიმართ მოქმედ რეგულაციებს ასახელებს.

ბუღაძე საკუთარ „ფეისბუქზე" აზიარებს ფორმულას განცხადებას, წერს,რომ: „სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა. მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა პოლიტ-ძელეცებისთვის ხომ აქვთ სარჩო და ხალხს, ვინც იბრძოლა და რუსთავი-2-ში არ დარჩა ან სხვა პროპ-მედიებს არ მიეყიდა, თურმე დელიკატურად ებოდიშებიან... არჩევნებია წინო".

რაც შეეხება „ფორმულას" განცხადებას, აღნიშნულია, რომ რეორგანიზაციის მიზეზი ფინანსური საკითხები და ქვეყანაში მედიის მიმართ მოქმედი რეგულაციებია.

„ამ გადაწყვეტილების პარალელურად გვიწევს რეორგანიზაცია; არხის გასართობი სეგმენტის შეზღუდვა და საშტატო ოპტიმიზაცია; შედეგად, საკადრო რესურსის შემცირება და სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება. ეს „ფორმულასთვის" მძიმე ფაქტია, ვინაიდან ამ არხის თითოეულ თანამშრომელს ყოველთვის კარგად ჰქონდა გააზრებული, სად მუშაობდა, რა რთულ მოცემულობაში უწევდა ყოფნა და რა იყო „ფორმულას" მისია. ჩვენ ვაფასებთ მათ ნამუშევარს და მადლობას ვუხდით თავდადებისთვის, რაც ოლიგარქიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში აჩვენეს.

„რაც შეეხება ახალ ფორმატზე გადასვლის მიზეზებს, თემა უკავშირდება ფინანსურ საკითხებსაც: ტელეკომპანია ფორმულამ სტაბილური რეიტინგული ზრდის მიუხედავად, გასულ წელს ვერ შეძლო დაგეგმილი თანხების მობილიზება. პოლიტიკურ კონიუნქტურასთან ერთად პროცესზე იმოქმედა ქვეყანაში მოქმედმა იმ რეგულაციებმა, რომელთა მთავარი ამოცანაც კრიტიკული მედიისთვის დაფინანსების წყაროების შემცირება იყო. ამ მიზეზების გამო ოპტიმიზაცია მოუხდა საქართველოში მოქმედ ყველა კრიტიკულ მაუწყებელს და ახლა გვიწევს ჩვენც.

„მოცემული რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, 2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებისა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში შედეგის მისაღწევად ტელეკომპანია ფორმულა გადაწყვეტილებას იღებს არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე, რაც, ვფიქრობთ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის," - წერია ტელეკომპანიის განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ფორმულაზე" თათია შარანგიას „სთორი" აღარ გავა - ამის შესახებ თავად შარანგიამ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი.

„მე მგონი, ძალიან მეტყობა, რომ ბევრი ვიტირე, იმიტომ რომ თვალები დასიებული მაქვს. ემოციური ადამიანი ვარ, არ ვიცი, ეს ნაკლია თუ დადებითი თვისება. არ მეგონა, თუ ამაზე მომიწევდა საუბარი. ჩემი და „ფორმულას" თანამშრომლობა დასრულდა. „სთორი" აღარ გავა „ფორმულას" ეთერში. ეს ჩემთვის ერთი დიდი ეპოქის დასასრულია, იმიტომ რომ ეს ტელეკომპანია ჩემთვის არის ოჯახი, სადაც „სთორიმ" ფეხი აიდგა, სადაც სთორი შეიყვარეს, მიიღეს. მე მგონია, რომ ჩვენც ბევრი გავაკეთეთ, რომ „ფორმულა" ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე, ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ.

„დღეს ეს ყველაფერი დასრულდა და ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია. ასეთი ადამიანი ვარ. დღეს ძალიან ბევრს ვიტირებ და ხვალ გავიღვიძებ შემართებით და მივხვდები, სად არის ჩემი ადგილი. „სთორი აუცილებლად მოგესალმებათ სხვა პლატფორმიდან", - მიმართა თათია შარანგიამ მაყურებელს.

იხურება მსახიობ ია ფარულავას გადაცემაც, ამის შესახებ მაყურებელმა თავად ფარულავასგან გაიგო.

„გადაცემა მოდი, ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად „ფორმულაზე" იქნება თებერვლის ბოლომდე . არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება. დიდი მადლობა, ვინც მუშაობდა ჯერ „ია ფარულავას კონვერტზე" და შემდეგ ამ ახალ პროექტში, სადაც მაყურებელს უფრო მოვეწონე. დიდი მადლობა არხის ხელმძღვანელობას. წარამტებებს ვუსურვებ არხს და იცოდეთ არცერთი წუთით არ მწყდება გული რადგან ესეთია ეს ბიზნესი", - ამბობს ფარულავა გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში.

მანამდე „ფორმულა" დატოვეს კომედი-ჯგუფის წევრებმა, დაიხურა „ნიკა არაბიძის შოუ" თავად არაბიძე „რუსთავი 2"-ში დაბრუნდა. „მთავარ არხზე გადავიდა მიშა ანდღულაძეც, რომელმაც დავით კეზერაშვილს ცხელ გულზე „ოლიგარქი" უწოდა.

„ჩვენ როდესაც გადავედით „ფორმულაზე", გავიდა ერთი-ორი წელი და ერთ დღესაც გვეუბნებიან, რომ ყველა გადაცემა, რომელსაც ვაკეთებდით და დაახლოებით ხუთ გადაცემას ვაკეთებდით, ყველა ერთად, უცებ დაიხურა", - ამის შესახებ იუმორისტმა მიშა ანდღულაძემ დღეების წინ გიორგი ვარდოსანიძის პოდკასტში ისაუბრა. მისივე განცხადებით, „ფორმულაზე" გასართობი გადაცემების დახურვა ფულს არ უკავშირდებოდა, ვინაიდან, შეუძლებელია, ოლიგარქმა მიზეზად თანხების არარსებობა მოიყვანოს. მისივე თქმით, გადაცემები იმის გამო დაიხურა, რომ მათ ვერ შეძლეს „სოლოლაკის აღება".

„ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად. მიზეზი იმდენად აბსურდული იყო, მირჩევნია არ ვთქვა. ვერ დავიჯერეთ, რომ ამდენ გადაცემას აკეთებ და ასეთი მიზეზით უცებ გიხურავენ, გაჭრიან. ისიც არ იყო, რომ რეიტინგი არ აქვს, მიზეზი იყო კონკრეტულად, სოლოლაკი რომ ვერ „ავიღეთ". მე არც ვიცოდი, რომ თურმე, სხვა მისია მქონდა. მე როგორც კომედიანტი, ისე მივედი და თურმე, აბსოლუტურად სხვა მისია მქონია, უდიდესი. ლამის მთელი დასავლეთი იყო ჩართული ამ ამბავში და ვერ აღმოვჩნდით ჩვენ ის ხალხი, სუსტები აღმოვჩნდით", - განაცხადა მიშა ანდღულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე